ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„გასულ წელს 4 ათასით მეტი ნერგი გავყიდეთ“ - რატომ იკლო ფსტას ნერგის რეალიზაციამ

„გასულ წელს ფსტას 12 000-მდე ნერგი გავყიდეთ, წელს კი ეს რაოდენობა 8 000 იყო, რაც სახელმწიფოს მხრიდან ნერგების დაფინანსების წილის ცვლილებას უკავშირდება“, - ამის შესახებ სანერგე „ფისტას მეურნეობა“ დამფუძნებელმა და ფერმერმა, ივანე ლელაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

ფერმერის თქმით, ნერგების რეალიზაციის 33.3%-იანი კლების მიუხედავად, წლევანდელი სეზონისთვის ახალი ბაღები შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მაინც გაშენდა.

„წელს შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში, ძირითადად კასპის რაიონში და მის სიახლოვეს, ახალი ბაღები გააშენეს, კონკრეტულად - ხოვლეში, ქვემო ხანდაკში, ქვემო ჩოჩეთში, გომში, ლამისყანაში, კავთისხევში და კიდევ რამდენიმე ადგილას.

იმის გამო, რომ გასულ წელს პროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფო ჩვენი თითო დაუმყნობელი ნერგის ღირებულების 70%-ს აფინანსებდა, წელს კი ნერგზე - მხოლოდ 3.5 ლარს, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 4 000-ით ნაკლები ნერგი გავყიდეთ. გასულ წელს 12 000-მდე ნერგის რეალიზება შევძელით, წელს - 8 000-ის.

აქვე გეტყვით, რომ პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც ჩვენთან რამდენიმე წელია თანამშრომლობს, მინიმუმ ნახევარ ჰექტარზე გაშენებულ ბაღების მეპატრონეებს უფინანსებს ნერგებს და ერთად ფსტას ბაღი უკვე საკმაოდ ბევრ ადამიანს გავუშენეთ. დიდი ალბათობით, მათგან თანადაფინანსება ამ შემოდგომასაც გვექნება და იმედია, იმაზე კარგი პირობებით, ვიდრე წელს გვქონდა. აბსოლუტურად მესმის ფერმერების, რომლებიც დიდ რისკზე ვერ მიდიან და ელოდებიან უფრო დიდი წილით თანადაფინანსებას, რადგან ფსტას ბაღის გაშენება-მოვლა ისედაც საკმაოდ ხარჯიანი საქმიანობაა“, - ამბობს სანერგე „ფისტას მეურნეობა“ დამფუძნებელი „ბიზნესპრესნიუსთან“.

ირაკლი ფოფხაძე