ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ვინ არის და რა ქონებას ფლობს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. პლენუმმა აღნიშნულ პოზიციაზე მოსამართლე რევაზ ნადარაია 5 წლის ვადით აირჩია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე.

როგორც ცნობილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა იყოს საჯაროდ განთავსებული, თუმცა, რამდენიმე თვეა დეკლარაციები საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად ვებ-გვერდის ტექნიკური სამუშაოები სახელდება.

თუმცა, სანამ ინფორმაცია ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ - IDFI მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

აღნიშნული ბაზის მიხედვით, რევაზ ნადარაიამ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის აგვისტოში შეავსო.

დოკუმენტის თანახმად, მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი და სარდაფი თბილისში. მიწის ნაკვეთში გადახდილი აქვს 32 700 აშშ დოლარი. ამასთან, მის სახელზეა 33%-ანი წილები ორ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობაზე მარტვილში. ასევე, 21.7%-ანი წილი ეკუთვნის თბილისში არსებული მიწის ნაკვეთიდანაც.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, დოკუმენტის შევსების მომენტში, რევაზ ნადარაიას საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 1 222 ლარი და 91 აშშ დოლარი.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რევაზ ნადარაიას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, 2023 წელს ხელფასის სახით აღებული აქვს 130 798 ლარი.

ცნობისთვის, რევაზ ნადარაია სხვადასხვა დროს იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის პალატებში); საკონსტიტუციო სასამართლოში გაწესებამდე, 2021 წლიდან, რევაზ ნადარაია იკავებდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. სხვადასხვა დროს, ამავე სასამართლოში ეკავა სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების თავმჯდომარის პოზიციები. ამასთანავე, რევაზ ნადარაია 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, 2019 წელს კი არჩეულ იქნა საპროკურორო საბჭოს წევრად.

ნინი ქეთელაური