ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„მეტროს ერთი სადგურის გაყვანა 50 მლნ ჯდება - ეს უნდა გააკეთოს სპეციალისტმა, მეტროს გაყვანა არ არის ჭის ამოვსება“

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი საცობებისაგან თავის დასაღწევად,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა.

„მეტროს ერთი სადგურის გაყვანა 50 მლნ ჯდება - ეს უნდა გააკეთოს სპეციალისტმა, მეტროს გაყვანა არ არის ჭის ამოვსება“

„კახი კალაძის 8-წლიანი მერობის განმავლობაში შესაძლებელი იყო მეტროს დამატებითი ხაზების გაკეთება, რაც განტვირთავდა საავტომობილო მოძრაობას. მეტროს მიმართულებით გვაქვს პრობლემები, ხშირად ჩერდება ვაგონი, სადგურები გაუმართავია. მეტროს ნაწილში რაც იგეგმება მაგის გაკეთება 8 წლის წინაც შესაძლებელი იყო და თუ მოინდომებენ დღესაც შესაძლებელი იქნება.

რეალურად ძალიან კარგია მეტროსადგურების განვითარება, ეს უნდა გააკეთოს თავის საქმის სპეციალისტმა. მეტროს გაყვანა არ არის ჭის ამოვსება ან თავის დახურვა. არ ვიცი მეტროს გაყვანის სპეციალისტები გვყავს თუ არა საქართველოში. ბოლოს მეტრო კომუნისტების დროს არის აშენებული. თუ სპეციალისტები არ გვყავს უნდა ჩამოიყვანონ უცხოეთიდან ვისაც ამის გამოცდილება აქვს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი საცობებისაგან თავის დასაღწევად. არა მარტო მეტრო, მათ შორის ავტობუსებიც, ავტობუსების ხაზები უნდა არსებობდეს და იქ დაბურულ მინიანი ავტომობილები არ უნდა გადაადგილდებოდნენ, ავტობუსმა უნდა იმოძრაოს ავტობუსის ზოლში.

მეტრო ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ლოდინის დრო უნდა შემცირდეს, რაც არსებული მდგომარეობითაც შესაძლებელია, უნდა დაემატოს ვაგონები. დაახლოებით, 50 მლნ ჯდება ერთი სადგურის გაყვანა. ქალაქის 2025 წლის ბიუჯეტი 2.5 მლრდ. ლარია, ამიტომ სურვილია მთავარი და ახლაც გაკეთდება. რა გაკეთდება და რა არა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან არის.

ცნობისთვის, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა ორ პროექტზე. საუბარია, ორი ახალი მეტროსადგურის გაყვანაზე. კერძოდ, ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის თანახმად, ერთი მეტროსადგური დაემატება გლდანის, მეორე კი ვარკეთილის მიმართულებით. ამასთან, ბაზრის კვლევა გამოცხადებულია მეტროპოლიტენის ახალი მესამე ხაზის - დიდუბე-რუსთაველის მონაკვეთის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და მშენებლობის შესყიდვაზე.

მაგდა შენგელია