ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„მთავრობა ბიზნესს არეკეტებს და ფულს წინასწარ ახდევინებს“ - რომან გოცირიძე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე

„ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა არ შესრულდა თითქმის არცერთი მიმართულებით, გარდა ე. წ. სხვა გადასახადების გეგმისა. ამ კატეგორიის შემოსავლებმა შეადგინა 339 ლარი, აქედან 327 ლარი იყო ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები“ - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმის ვერშესრულების თემას.

გოცირიძე აღნიშნავს, რომ მთავრობა ბიზნესის „რეკეტს ეწევა“ და აიძულებს, ფული ბიუჯეტში წინსწრებით შეიტანონ.

„ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა არ შესრულდა თითქმის არცერთი მიმართულებით, გარდა ე. წ. სხვა გადასახადების გეგმისა. ამ კატეგორიის შემოსავლებმა შეადგინა 339 ლარი, აქედან 327 ლარი იყო ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები. მთავრობა რეკეტს ეწევა და აიძულებს ბიზნესს წინმსწრებად შეიტანონ ფული ბიუჯეტში ან დროულად არ უბრუნებს კუთვნილ ზედმეტად გადახდილ თანხებს“, - წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა 5.308 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.428 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, სამ თვეში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი გადასახადების მიხედვით ასე გამოიყურება:

· საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.849 მლრდ ლარი, მიღებული იქნა 1. 873 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%;

· „მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 820.85 მლნ ლარი შეადგინა, ეს კი პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის - 850 მლნ ლარის 96.6%-ია.

· დამატებული ღირებულების გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.884 მლრდ ლარი, ფაქტიურად, მიღებულია 1.872 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.4%.

· „აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 490.49 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის - 560 მლნ ლარის 87.6%–ია;

· „გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 35 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავალმა კი შეადგინა 31 333.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 89.5%–ია.

· სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.

ირაკლი ფოფხაძე