ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რუსეთში ქართული ლიმონათის „ნატახტარის“ წარმოებას იწყებენ

ლუდსახარში კომპანია, AB InBev Efes რუსეთში ქართულ ლიმონათ „ნატახტარს“ გამოუშვებს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში წერია, რასაც RBC ავრცელებს.

რუსულ „ნატახტარს“ კომპანიის ივანოვოსა და ომსკის ობიექტებში ჩამოასხამენ, ხოლო გაყიდვები გაზაფხულის ბოლოს დაიწყება.

AB InBev Efes-მა თავისი გადაწყვეტილება გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში მზარდი მოთხოვნით ახსნა. კერძოდ, 2022 წლიდან სეგმენტი მოცულობით 7%-ზე მეტად, ხოლო ფულადი თვალსაზრისით 30%-ით გაიზარდა.

AB InBevEfes-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლაი ტირნიკოვის თქმით, რუსეთში „ნატახტარის“ გამოშვება მომხმარებლებისთვის ბრენდს უფრო ხელმისაწვდომს გახდის. მისი პროგნოზით, „მხოლოდ გამოშვების წელს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი გადასახადები და აქციზები, დაახლოებით, 1 მილიარდ რუბლს (12.2 მლნ დოლარს) შეადგენს.“

“ნატახტარის” რუსული ხაზი ოთხ - მსხლის, ტარხუნის, საფერავისა და ფეიხოას არომატს მოიცავს. სასმელი 0.5-ლიტრიანი შუშის ბოთლითა და 1-1.5-ლიტრიანი პლასტმასის ტარით გამოვა.

AB InBev Efes-ში აცხადებენ, რომ ლოკალიზაცია კომპანიას მთელ რუსეთში „სტაბილური მარაგის უზრუნველყოფის“ საშუალებას მისცემს.

რუსული ანალიტიკური კომპანია „ნილსენის“ 2024 წლისა და 2025 წლის თებერვლის მონაცემებით, რუსეთში გამაგრილებელი სასმელების კატეგორიაში „ნატახტარის“ წილი 0.6%-ს შეადგენდა, ხოლო ბრენდი ამ კატეგორიის ტოპ 20-ში შედის.

ცნობისთვის: საქართველოში “ნატახტარის” ლიმონათის წარმოება 2005 წელს კომპანია „ლომისმა“ დაიწყო. საწარმოო ობიექტი ამავე სახელწოდების სოფელში მდებარეობს. 2008 წელს ის მთლიანად თურქულმა ლუდსახარშმა კომპანია Anadolu Efes-მა შეიძინა.

კომპანიის უშუალო მშობელი კომპანიაა Efes Breweries International B.V., ხოლო კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი Anadolu Efes Biracılık ve Malt Sanayii A.Ş..

საქართველოში „ნატახტარის“ ბრენდის ქვეშ ლუდიც იწარმოება.

სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერით, საქართველოში სს „ლომისის“ გენერალური დირექტორი არის თურქეთის მოქალაქე ბურჩ კურტოღლუ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ