თბილისის მერმა კახა კალაძემ ადგილობრივი მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალი სატრანსპორტო ცვლილების შესახებ ისაუბრა.
კერძოდ, მერიის დაგეგმილი ცვლილებები შეეხება დიდუბის მეტროსადგურის ტერიტორიას, წერეთლის გამზირსა და სარაჯიშვილის გამზირს.
„მეტროსადგურ დიდუბის ზედა ამოსასვლელთან არსებული გაჩერება, რომელიც ესაზღვრება ერისთავის ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია. მისი ძირითადი ფუნქცია: მეტროს, ავტობუსების, მიკროავტობუსების და მგზავრთნაკადების ეფექტურად გადანაწილებაა. იქ არსებული დღევანდელი სიტუაცია კრიტიკას ვერ უძლებს, არის ქაოსი. ქვეითი ნორმალურად ვერ გადაადგილდება, ავტობუსს/მიკროავტობუსს გაჩერების პრობლემა აქვს, ქაოტურად არის დაპარკინგებული კერძო ავტომობილები. გვინდა, ამ სივრცის მოწესრიგება, რომ გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.
შესაბამისად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ბაქნების მოწყობას, რომელიც სრულად აღიჭურვება ქვეითთა საჭიროებისთვის არსებული ელემენტებით, მოედანზე ასევე დაირგვება ხე-მცენარეები.
გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე, მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ, ასევე მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით.
ამასთან, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან დიდუბის ზედა ამოსასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის გამოყოფას და მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და ხარისხს. ამ ცვლილებების შედეგად, ის ქაოტური მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს მეტროსადგურ დიდუბის ზედა ამოსასვლელის ტერიტორიაზე, მთლიანად მოწესრიგდება,“- განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, მან ისაუბრა სარაჯიშვილის გამზირზე დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო გადასასვლელები მოეწყობა.
მისი თქმით, ტერიტორიაზე ზებრა გადასასვლელების მოწყობის პარალელურად, უცვლელი დარჩება შუქნიშნების მუშაობის არსებული რეჟიმი და ავტომობილების გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნება.
„ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო სარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, საფეხმავლო გადასასვლელებს მოაწყობს - ძალიან ბევრი ზარი შემოდის ამასთან დაკავშირებით. პროექტის მთავარი მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულ ჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფა არის.
გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზების ცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება და ჩვეულებრივად იმოძრავებენ ავტომობილების. გზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს. ზებრა გადასასვლელები მოეწყობა ისე, რომ შუქნიშნის რეჟიმი დარჩება და ავტომობილით გადაადგილებას პრობლემა არ შეექმნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.