ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა, რასაც რუსეთის მოქალაქე, მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, Chiatura Management Company-ის (CMC) განცხადებაში წერია.
სოცკიმ ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან გაცნობითი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. მანამდე ის, CMC-ის ცნობით, სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში ექსპერტის სტატუსით იყო მოწვეული (ეს ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროსთან არსებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიაა, რომელშიც CMC, მთავრობა და პროფკავშირების გაერთიანება (GTUC) მონაწილეობენ).
დონისროსტოველ მიხაილ სოცკის ნოვოჩერკასკის საინჟინრო-მელიორაციის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ამჟამად ის ტყიბულში სამთომომპოვებელი საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორია.
საქართველოს სამთომომპოვებელ ბიზნესში სოცკი 2019 წლიდანაა, როცა ოქტომბერში სამეწარმეო რეესტრში შპს “დათვი” დარეგისტრირდა. მის 90%-იან წილს მიხაილ სოცკი, ხოლო 10%-ს ზურაბ აღდგომელაშვილი ფლობს. დარეგისტრირებიდან მეორე დღეს შპს “დათვს” კომპანია „ქოალ ოფ ჯორჯიას“ 50%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა.
იმავე წლის ნოემბრიდან კომპანია „ქოალ ოფ ჯორჯია" საწარმო „საქნახშირში“ შევიდა.
მედიაში გავრცელებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2022 წელს რუსეთის მოქალაქე მიხეილ სოცკიმ „ქართუ ფონდს“ 138 მლნ ლარი ერთი წლით ასესხა, თუმცა დღემდე თანხა უკან არ მიუღია.
ცნობისთვის: ჭიათურაში ამჟამად მაღაროელების პროტესტის ორი კერაა. ერთი ჯგუფის პროტესტი სოფელ შუქრუთს უკავშირდება, სადაც ისინი კომპანიას სახლების ნგრევაში ადანაშაულებენ და კომპენსაციას, მთავრობისგან კი ყურადღებას ითხოვენ. პროტესტის მეორე კერა მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გაჩნდა, რაც კომპანიის მიერ 2024 წლის შემოდგომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტში მაღაროების მუშაობის გაჩერებას მოჰყვა. პროტესტმა მარტში დროებით თბილისშიც გადაინაცვლა. დემონსტრაციების მოთხოვნა რეგიონიდან კომპანიების გასვლა და საწარმოებზე სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღება, ანუ „ნაციონალიზაციაა.“ 7 მარტს, დემონსტრაციების ფონზე „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება, რადგან ეს ფინანსურად წამგებიანია. კომპანიას მადნის მოპოვების გაგრძელება მხოლოდ ღია კარიერული წესით სურს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ