„თბილისის ავტოპარკი ყოველწლიურად 18-20 ათასი ავტომობილით იზრდება. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ყოველ ას ოჯახზე ავტომობილების რაოდენობა 6-ჯერ არის გაზრდილი“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განუცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ქალაქში ავტომობილების მზარდი რაოდენობის ფონზე, პრაქტიკულად, უცვლელია გზების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საცობების პრობლემას.
„თბილისის ავტოპარკი ყოველწლიურად 18-20 ათასი ავტომობილით იზრდება. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ყოველ ას ოჯახზე ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 1990 წელს ყოველ ას შინამეურნეობაზე იყო 32 ავტომობილი, ახლა 180-ს გადასცდა ეს მაჩვენებელი, თითქმის 6-ჯერ არის ავტომობილების რაოდენობა გაზრდილი“, - ამბობს არჩვაძე.
სტატისტიკოსის თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები აჩვენებს, რომ აუცილებელია ალტერნატიული გზებისა და ტრანსპორტის განვითარება. მათ შორის, ის ყურადღებას ამახვილებს მიწისქვეშა მეტროს განვითარებაზე.
„გზების რაოდენობა ნამდვილად არ გაზრდილა. ჩვენ ვართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, გვჭირდება ალტერნატიული დამატებითი გზები, ალტერნატიული ტრანსპორტი და ვფიქრობ, საზოგადოებამ კატეგორიული მოთხოვნა უნდა დააყენოს მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარებაზე, ასევე, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობაზე, რომლის გარეშეც ჩვენი დროითი დანაკარგები საცობში და დახარჯული დროის ალტერნატიული ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით მზარდი იქნება“, - დასძინა მან.
ეკონომისტის ანალიზით, რომელიც „ბიზნესპრესნიუსმა“ უკვე შემოგთავაზათ, დედაქალაქში საცობები წელიწადში ერთი მილიარდი ლარი გვიჯდება. მისი თქმით, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ორი ახალი მიწისქვეშა მეტროს ხაზის მშენებლობისთვის.
„წელიწადში მილიარდ ლარზე მეტს ვკარგავთ საცობების გამო, მილიარდი ლარი არის დაახლოებით 400 მილიონ დოლარამდე, ერთი მეტროსადგურის მშენებლობა კი თავისი გადასარბენი მონაკვეთით ჯდება დაახლოებით ამ თანხაზე ორჯერ ნაკლები. ის თანხა, რასაც ვხარჯავთ საცობებში, ასევე დანახარჯები მოიცავს დროს, ჯანმრთელობას, ენერგიასა და ფსიქიკას - ეს ყველაფერი თანხაში რომ გადავიყვანოთ, საკმარისი იქნებოდა წელიწადში ორი მეტროსადგურისა და შესაბამისი გადასარბენი ხაზის მშენებლობისთვის.
ამიტომ, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ერთობლივი კონსენსუსი უნდა მიაღწიოს იმასთან დაკავშირებით, რომ მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარება იქნება არამარტო ხელშეწყობა მობილობის ზრდისთვის, არამედ გარკვეულწილად მაღალი ეკონომიკური ზრდის მომტანიც - დაგვეზოგება დრო, ყველაფრის ეკონომიკა კი დროის ეკონომიაზე დაიყვანება“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.
ცნობისთვის, ბოლო წლებში დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება. ასე მაგალითად, ბოლო 5 წლის განმავლობაში თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 230 ათასით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, თბილისში 2024 წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 749 ათასს აჭარბებდა, ეს კი მაშინ, როცა მათი რაოდენობა 2020 წელს 519 ათასზე მეტი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდის მიუხედავად, დედაქალაქში საავტომობილო გზების რაოდენობა არ შეცვლილა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, თბილისში ბოლო - 2023 წლის მონაცემებით საავტომობილო გზის სიგრძე 52 კმ-ს შეადგენდა; ასეთივე მონაცემები იყო 2011 წელსაც (საქსტატზე წარმოდგენილი მონაცემები მოიცავს 2011-2023 წლებს.)
იხილეთ ასევე: თბილისის საცობში მძღოლი წლიურად 120 საათს კარგავს - მიღებული ეკონომიკური ზარალი მილიარდ ლარს აჭარბებს