ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველოში უვიზოდ შემოსვლას დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ - როგორია პირობები

მიმდინარე წლის 16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ექნებათ - ამის შესახებ ირკვევა მთავრობის დადგენილებიდან.

„იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.

ინფორმაციისთვის, ცვლილება შევიდა 2015 წლის დადგენილებაში. თავდაპირველი დოკუმენტის მიხედვით, 50 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ საქართველოში შემოსვლა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ქვეყნის ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა საქართველოში შემოსვლის დღისთვის მოქმედი იქნებოდა.

2025 წლის აპრილის ახალი დადგენილებით კი ამ 50 ქვეყანას დაემატა კიდევ 17 ქვეყანა, თუმცა, ქვემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის შედარებით მკაცრი პირობები იმოქმედებს. კერძოდ, ვიზისა ან/და ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობა არანაკლებ 1 წელი უნდა იყოს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა კონკრეტული პირობებით შეეძლებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:

  • ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
  • ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა;
  • განის რესპუბლიკა;
  • ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • ერიტრეას სახელმწიფო;
  • იემენის რესპუბლიკა;
  • კამერუნის რესპუბლიკა;
  • კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკა;
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • მაროკოს სამეფო;
  • ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა;
  • პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
  • სომალის ფედერაციული რესპუბლიკა;
  • სირიის არაბთა რესპუბლიკა;
  • სუდანის რესპუბლიკა;
  • ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა;
  • უგანდის რესპუბლიკა.

მერი ტაბატაძე