რუსეთში პირველ კვარტალში ახალი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-7 ადგილზეა და იაპონიის ანალოგიური მაჩვენებელი აქვს, გერმანიას კი უსწრებს.
ამის შესახებ რუსულ ანალიტიკურ სააგენტო „ავტოსტატის“ მონაცემებში წერია, რასაც RBC ავრცელებს.
კერძოდ, მთლიანობაში, რუსეთში პირველ კვარტალში 71.9 ათასი ახალი ავტომობილი შევიდა, რაშიც 0.6% (431 ერთეული), იაპონიის მსგავსად, საქართველოს წილია, ხოლო გერმანიის წილი 0.5%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ თებერვალში რუსეთში შესული ახალი ავტომობილების რაოდენობაში საქართველოს წილი 0.8%-ს შეადგენდა.
პირველ სამეულში ჩინეთი (85.3%), ყირგიზეთი (5.1%) და ბელარუსია (3.9%).
რაც შეეხება მეორად ავტომობილებს, ამ იმპორტში საქართველოს წილი უფრო მეტია და ქვეყანა ჩინეთზე ერთი პოზიციით დაბლა, მეოთხე ადგილზეა. კერძოდ, პირველ კვარტალში რუსეთის ბაზარზე იმპორტირებულია 67,8 ათასი მეორადი ავტომობილი, საიდანაც 6.7% საქართველოს წილია (4 542 ერთეული). ამასთან, მხოლოდ თებერვალში საქართველოდან რუსეთში მეორადი ავტომობილების 7.5% შევიდა.
პირველ სამეულში ამჯერად იაპონია (53.1%), სამხრეთ კორეა (20.3%) და ჩინეთია (11.7%).
პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად ახალი ავტომობილები რუსეთის ბაზარზე შემდეგი ქვეყნებიდან შედიოდა:
აღსანიშნავია, რომ წელს რუსეთში იმპორტირებული ახალი ავტომობილების რაოდენობა 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 66%-ით ნაკლებია. რუსულ ბაზარზე ყველაზე დიდი რაოდენობით ჩინური ბრენდების, Changan-ისა და Omoda-ს ავტომობილებია. ქვეყანაში ამჟამად Changan-ის 12 მოდელი შედის, რომელთაგან ყველა საზღვარგარეთიდან არის იმპორტირებული. ბრენდის ყველაზე პოპულარული ავტომობილი Uni S-ია. რაც შეეხება Omoda-ს, რუსეთში ყველაზე დიდი მოთხოვნა C5-კროსოვერზეა.
მეორადი ავტომობილები რუსეთში პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად შემდეგი ქვეყნებიდან შედიოდა:
პირველ კვარტალში რუსეთის ბაზარზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით ნაკლები მეორადი ავტომობილები იქნა იმპორტირებული. აქ ლიდერები Toyota-სა და Honda-ს მოდელებია.
ცნობისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ფაქტობრივად, განულებულია, რადგან ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში, 2023 წლის 26 სექტემბრიდან საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ევროპული, ხოლო იმავე წლის 1-ლი აგვისტოდან ამერიკული ავტომობილების რეექსპორტი/ექსპორტი ოფიციალურად იკრძალება.
კერძოდ, იანვარ-მარტის ოფიციალური მონაცემებით, წელს საქართველოდან რუსეთში მხოლოდ ერთი ავტომობილი გავიდა, ხოლო 2024 წლის სრულ წელს მხოლოდ 8 ერთეული გაიყიდა, მაშინ, როცა სანქციების ამოქმედებამდე 2-იდან 5 ათასამდე ავტომობილი გადიოდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ