ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„საქართველოს საზღვარზე, ფერადკანიან ვიზიტორებს აეროპორტშივე პრობლემებს უქმნიდნენ“ - ცოტნე ჯაფარიძე

„საქართველოს საზღვარზე, ფერადკანიან ვიზიტორებს აეროპორტშივე პრობლემებს უქმნიდნენ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.

„„ახლა რა სიტუაციაცაა ტურისტულ ბაზარზე ასეთი მძიმე ვითარება, კომენდანტის საათი და კოვიდ პანდემიის შეზღუდვები რომ მოიხსნა, მაშინაც კი არ ყოფილა. უახლოეს მომავალში თუ არაფერი შეიცვალა და ამ მიმართულებით გავაგრძელეთ სიარული, აქ საერთოდ არავინ ჩამოვა რუსის, ირანელისა და ჩრდილოეთ კორეელის გარდა. ქვეყანას, რომელსაც მართავენ სანქცირებული პირები, იმ ქვეყანაში რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ მოხდება არათუ ტურიზმის, არამედ ნებისმიერი სხვა სფეროს განვითარება,“ - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ის გამოეხმაურა ასევე, სექტორის წარმომადგენლების განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ დარგი ქაოტურ ვითარებაშია, რადგან „ერთის მხრივ ტურიზმის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ჩინელ და ინდოელ ტურისტებზე უნდა აეწყონ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები, მეორეს მხრივ კი - შსს მათ საზღვრიდან უკან აბრუნებს. როგორც ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, ნამდვილად არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ფერადკანიან ვიზიტორებს საქართველოში, აეროპორტშივე შეექმნათ პრობლემა.

„საქართველოს საზღვარზე, აეროპორტშივე ფერადკანიან ვიზიტორებს პრობლემებს უქმნიდნენ. მსგავსი ფაქტი იმ ფერადკანიანების მისამართითაც მომხდარა, ვისაც ევროკავშირის ან ამერიკული პასპორტი ჰქონდა. ბევრად იშვიათად მაგრამ ასეთი ფაქტებიც კი მომხდარა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ვთქვათ ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტების ერთი ჯგუფი, მაგალითად, ოჯახის წევრების ან ნათესავების ნაწილი შემოუშვეს, მეორე ნახევარი კი არა.

განმარტება თუ არგუმენტი რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხია, აბსოლუტური ტყუილია, რადგან ადამიანს, რომელიც პირველად ჩამოდის საქართველოში, რანაირად უნდა შეეძლოს საფრთხის მოტანა, მაშინ როცა ქვეყანაში გვყავს ოკუპანტი ქვეყნის უამრავი მოქალაქე, რომლებიც პირდაპირ რუსულ მთავრობაზე მუშაობენ,“- განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ასევე: „ქაოტურ ვითარებაში ვართ - ტურიზმის ადმინისტრაცია გვეუბნება, ჩინელებსა და ინდოელებზე ავეწყოთ, შსს კი მათ საზღვრიდან უკან აბრუნებს“

მაგდა შენგელია