„ქვეყანაში, რომელსაც მართავენ სანქცირებული პირები, რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ მოხდება არათუ ტურიზმის, არამედ ნებისმიერი სხვა სფეროს განვითარება,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“„ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა.
„ახლა რა სიტუაციაცაა ტურისტულ ბაზარზე ასეთი მძიმე სიტუაცია, როცა კომენდანტის საათი და კოვიდ პანდემიის შეზღუდვები მოიხსნა, მაშინაც კი არ ყოფილა. აპრილი მთავრდება, ზაფხულისთვის ჯავშნები წესით მოსული უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დაბალი აქტივობაა.
ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე რომ გახვიდეთ ვთქვათ - ჯვარი, სვეტიცხოველი თუ კახეთის მხარე, ან თუნდაც თბილისში, ტურისტულ ადგილებში სრული სიცარიელეა, მხოლოდ ალაგ-ალაგ შეინიშნება ტურისტები, ოღონდ არა იმ ქვეყნებიდან, საიდანაც უნდა შემოდიოდეს მხარჯველი ტურისტი, რომელიც ქვეყნის დოვლათს წაადგებოდა და დაასაქმებდა ადგილობრივ კადრს.
ალტერნატიული გეგმა ვერ იარსებებს, დღეის მდგომარეობით, ნებისმიერი მოქალაქისთვის ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს ერთადერთი საზრუნავი უნდა იყოს, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს. უახლოეს მომავალში თუ არაფერი შეიცვალა და ამ მიმართულებით გავაგრძელეთ სიარული, აქ ტურისტი კი არა საერთოდ არავინ ჩამოვა რუსის, ირანელისა და ჩრდილოეთ კორეელის გარდა. ქვეყანაში, რომელსაც მართავენ სანქცირებული პირები, რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ მოხდება არათუ ტურიზმის, არამედ ნებისმიერი სხვა სფეროს განვითარება. მთავარი საზრუნავია რომ განვათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და ქვეყანა გამოვიხსნათ ამ რუსული გავლენისგან არ მგონია ამაზე მნიშვნელოვანი რამე იყოს, ეს თუ ვერ მოვახეხეთ აღარც ტურიზმი გვექნება, აღარც ღვინო და აღარც სხვა სფერო, რომლითაც უნდა გვეამაყა და წინ წავსულიყავით“ - განაცხადა ჯაფარიძემ.