ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რა ქონებით დატოვა ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა

ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აღნიშნულ პოსტზე რევაზ სოხაძე წარადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს პოსტს ირაკლი ქარსელაძე.

როგორც ცნობილია, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციული ბიუროს ვებ-გვერდზე უნდა იყოს საჯაროდ განთავსებული, თუმცა, რამდენიმე თვეა დოკუმენტები საიტზე ხელმისაწვდომი არ არის. ამის მიზეზად კი ვებ-გვერდის ტექნიკური სამუშაოები სახელდება.

თუმცა, სანამ დეკლარაციები ჯერ კიდევ საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა შესაბამისი ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.

აღნიშნული ბაზის მიხედვით, ირაკლი ქარსელაძემ ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო.

დოკუმენტის თანახმად, მის საკუთრებაშია მხოლოდ ერთი სახლი თბილისში, რომელიც 2017 წელს 100 000 დოლარად აქვს შეძენილი.

რაც შეეხება ირაკლი ქარსელაძის ფინანსურ მდგომარეობას, დოკუმენტის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 87 374 აშშ დოლარი და 2 247 ლარი.

ამასთან, ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს ირაკლი ქარსელაძეს მინისტრის პოსტზე, ხელფასის სახით 72 962 ლარი აქვს აღებული.

გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია, რომ ყოფილ მინისტრს, მშობელმა ნივთის რეალიზაციიდან მიღებული 80 000 აშშ დოლარი აჩუქა.

ნინი ქეთელაური