ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ამ პერიოდში ჯავშნები უკვე გვქონდა, ახლა კი სიტუაციას აკვირდებიან, რამდენად უღირთ საქართველოში ჩამოსვლა“ - რა მოლოდინებია ზაფხულის ტურისტულ სეზონზე

„აქედანვე შემიძლია ვთქვა, რომ არსებულმა ვითარებამ ზაფხულის ჯავშნებზე გავლენა ნამდვილად იქონია. თუკი, წინა წლებში ჯავშნები წინასწარ გვქონდა, ახლა ტურისტები აკვირდებიან სიტუაციას და ელოდებიან, რამდენად უღირთ საქართველოში ჩამოსვლა“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგის „კვირა“ პრესკლუბში, „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ქეთი კვიჭიძემ განაცხადა.

კვიჭიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, მარკეტინგული აქტივობები და იმის ჩვენება, რომ ყველაფერი სტაბილურადაა, ტურიზმისთვის ახლა ჩვეულებრივზე უფრო მნიშვნელოვანია.

„ტურისტები აკვირდებიან, როგორი ვითარება და რეალობა იქნება ჩვენს ქვეყანაში და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ. ეს განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების მოქალაქეებზე ითქმის. რამდენადაც სტაბილურობა გვექნება, იმდენად წამოვა ჯავშნებიც, თუმცა უკვე ფაქტია, რომ არსებულმა ვითარებამ ზაფხულის ჯავშნებზე გავლენა იქონია, რადგან ამ პერიოდში ჯავშნების გარკვეული რაოდენობა უკვე გვქონდა ხოლმე.

მით უმეტეს, ამ სიტუაციის ფონზე, მარკეტინგული აქტივობები და ისეთი მოვლენები, როგორიც მსოფლიოში ცნობილი შეფ-კონდიტერის, ანტონიო ბაშურის ვიზიტია, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენს. ასეთი აქტივობები პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და ტურისტული მზადყოფნაც არსებობს. სხვათა შორის, ამ კუთხით, ივნისშიც უკვე არის დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება, რომელთაც ოდნავ მოგვიანებით დაგიანონსებთ“, - ამბობს „გასტრონომიული და რურალ ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელი.

ირაკლი ფოფხაძე