Youtube-ზე პირველი ვიდეოს ატვირთვიდან 20 წელი გავიდა. აღნიშნული ვიდეოს ავტორის არხია „jawed“-ი, რომელიც პლატფორმის თანადამფუძნებელ ჯაუედ ქარიმს ეკუთვნის.
2025 წლის 24 აპრილის მონაცემებით, პლატფორმაზე ქარიმის არხს ისევ მხოლოდ ეს ისტორიული, 19-წამიანი, ვიდეო უდევს - „Me at the zoo“, რომელშიც სან დიეგოს ერთ-ერთ ზოოპარკში, სპილოების ვოლიერთანაა და შთაბეჭდილებების შესახებ საუბრობს. ქარიმის 1-ვიდეოიან არხს ამჟამად 5.36 მლნ გამომწერი ჰყავს.
ქარიმის ვიდეოს 356 898 201 ნახვა აქვს, Youtube-ის ტოპ 10 ყველაზე ნახვადი ვიდეოების სია, სახელების მიხედვით, კი ასეთია:
აღსანიშნავია, რომ ვიდეო, რომელმაც პირველმა დააგროვა 1 მლნ ნახვა, 2005 წლის ნოემბერში, რონალდინიოს მონაწილეობით Nike-ის სარეკლამო რგოლი იყო; პირველი მილიარდნახვიანი ვიდეო კი, 2012 წლის დეკემბერში, Gangnam Style გახდა; ხოლო 10 მლრდ ნახვის რეკორდი პირველმა Pinkfong-ის Baby Shark-მა, 2022 წლის იანვარში, მოხსნა.
დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული სოციალური ქსელი ჯაუედ ქარიმმა, სტივ ჩენმა და ჩად ჰარლიმ, 2005 წლის 14 თებერვალს დააარსეს, 1 წლის შემდეგ კი, 1.65 მლრდ აშშ დოლარის სანაცვლოდ, Google-ს მიჰყიდეს.
Youtube-ის განცხადების თანახმად, პლატფორმაზე დღეში საშუალოდ 20 მლნ ვიდეო იტვირთება, ხოლო მომხმარებლების მიერ ვიდეოთა მოწონების რიცხვი დღიურად 3.5 მლრდ-ს უტოლდება.
CNBC-ის ინფორმაციით, Youtube-მა, 2021-2024 წლების ინტერვალში, კონტენტ კრეატორებს, მონეტიზაციის სახით, 70 მლრდ აშშ დოლარი გადაუხადა.
NBC News-ის ცნობით, ამ მომენტისთვის, პლატფორმაზე ატვირთულ ვიდეოთა ჯამური რაოდენობა 20 მლრდ-ს აღწევს.