„პური კი არ გაძვირდა, პურის ფასი დავუბრუნეთ თავის ნიშნულს“, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, როდესაც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების დაწევისკენ მოუწოდეს მწარმოებლებს, ეს პურის ღირებულებასაც შეეხო. თუმცა როგორც მალხაზ დოლიძე ამბობს, მას შემდეგ რაც ფქვილის ფასი გაიზარდა, პურის ფასიც თავის ძველს ნიშნულს დაუბრუნდა.
ამასთან, მალხაზ დოლიძე აღნიშნავს, რომ გაზრდილმა საიმპორტო გადასახადმა, იგივე დამაბალანსებელმა მოსაკრებელმა, რუსულ ფქვილზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა. როგორც დოლიძე აცხადებს, ამან მართალია შესაძლოა, პურის გაძვირება არ გამოიწვიოს, მაგრამ გავლენა იქონიოს ხარისხზე.
„საუბარი არ არის პურის ფასზე, 10 თეთრით ხომ გაძვირდა უკვე. უფრო სწორად, კი არ გაძვირდა, პურის ფასი დავუბრუნეთ თავის ნიშნულს. თუ გახსოვთ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, ზეთზე, შაქარზე და ა.შ. ფასები რომ გაიზარდა, ითქვა, რომ პროდუქტებზე იყოს რეალური ფასებიო. მაშინ, მათ შორის, პურის ფასიც შევამცირეთ 10 თეთრით. თუმცა, მას შემდეგ ფქვილი გაძვირდა და პურს ძველი ფასი დავუბრუნეთ. ანუ, 1 ცალი პურის ღირებულება გახდა დაახლოებით, 1.5 ლარი.
შესაბამისად, ფასზე კი არა, ახლა ხარისხზეა საუბარი. რუსულ ფქვილს აქვს კარგი პროტეინი, ანუ წებოგვარა. ქართული ფქვილში ადგილობრივი ხორბალიც არის შერეული და პურის ცხობის თვისებებით არ გამოირჩევა. როგორც იცით, ყაზახეთიდანაც შემოვიდა ხორბალი, მაგრამ რუსულს მაინც ვერ შეედრება ხარისხით. ამიტომ შეიზღუდა პურის მწარმოებელი, რაც სწორად არ მიმაჩნია“,- ამბობს „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე.
ცნობისთვის, მასობრივი წარმოების ქარხნული პური ქსელურ და საცალო სუპერმარკეტებში 4 მარტიდან 10 თეთრით გაძვირდა. საუბარია, ე.წ მასობრივი წარმოების თეთრ პურზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ პურის გაძვირებას წინ უძღოდა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც. მთავრობის დადგენილებით, ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდა და თან გაიზარდა. იქამდე, იმპორტირებულ 1 ტონაზე ფქვილზე გადასახადი 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი მარტიდან კი 300 ლარი გახდა.