„დღეში დაახლოებით 2-3 საათი შეიძლება დაგვჭირდეს თბილისში გადაადგილებისთვის“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, დედაქალაქში არსებული საცობების გამო, „ქალაქგარეთ თუ ხარ გასული უფრო მალე ჩამოდიხარ თბილისში, ვიდრე ქალაქში ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებას სჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ საცობების ეკონომიკურ ფასზე ისაუბრა. მისი დათვლით, თბილისის საცობში მძღოლი წლიურად 120 საათს კარგავს. შედეგად მიღებული ეკონომიკური ზარალი კი მილიარდ ლარს აჭარბებს.
„საცობი ქალაქის ერთ-ერთი პრობლემაა. თბილისის ბიუჯეტი 2.5 მლრდ-ია, ანუ ბიუჯეტის ნახევარს მოსახლეობა საწვავში ვიხდით, რაც იმ დონის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საკმაოდ დიდია. გარდა თანხისა აქ დროის საკითხიცაა, რომელიც შეიძლება თანხაში გადაითარგმნოს. ის რესურსი, რაც უნდა დახარჯოს ადამიანმა კონკრეტულად საქმის კეთებაში, საცობში დგას. დღეში, დაახლოებით, 2-3 საათი შეიძლება დაგვჭირდეს თბილისში გადაადგილებისთვის. ქალაქგარეთ თუ ხარ გასული უფრო მალე ჩამოდიხარ, ვიდრე თბილისში ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილებას სჭირდება.
საცობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ქაოტური განაშენიანება, კორპუსები ემატება და ემატება პატარა ვიწრო უბნებში, რა თქმა უნდა იქ ხალხი სახლდება და ყველა ადამიანს ჰყავს მანქანა.
მარტო მშენებლობის საკითხი არ არის, არიან არაკეთილსინდისიერი მძღოლებიც, რომლებიც გადიან წინ, კეტავენ ქუჩებს. წვიმა მოდის და მთელი ქალაქი პარალიზებულია, ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი თავის თავში არაა დარწმუნებული და ქმნის საცობს.
საცობი ბევრ საკითხზეა დამოკიდებული, მარტო 100%-ით მერიას ვერ დავაბრალებთ, როდესაც გადიხარ მწვანეზე და მთელ ქუჩას კეტავ ეგ მძღოლების ბრალიც არის, ტარების კულტურა გვჭირდება, მართვის მოწმობის ცოდნა მარტო გამოცდის ჩაბარება არაა“, - განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
იხილეთ ასევე: თბილისის საცობში მძღოლი წლიურად 120 საათს კარგავს - მიღებული ეკონომიკური ზარალი მილიარდ ლარს აჭარბებს