„იაპონელები სიცოცხლის კენკრას ეძახიან... იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სისხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს“ - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას საქართველოს აგრარული გაერთიანების დამფუძნებელი, ვალერი გორგიშელი.
გორგიშელის თქმით, ცხრატყავა, რომელიც კენკრა Lonicera Caerulea-ს ჯიშიდან მოდის, საქართველოში 2012 წელს პირველად მან ჩამოიტანა და მას შემდეგ მცენარეზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებენ.
„Lonicera Caerulea-ს 3 სახეობის ენდემი საქართველოში აქამდეც არსებობდა, თუმცა ისინი არასაკვები მიმართულებებია და დეკორატიული დატვირთვით გამოიყენება, ნაყოფი ტოქსიკურია. უშუალოდ ცხრატყავა, რომელიც Lonicera Caerulea-ს ჯიშიდან მოდის, საკვები კულტურაა და ის ჩვენთან პირველად 2012 წელს მე შემოვიტანე - დაკვირვება დავიწყეთ, აქაურ გარემო-პირობებთან, როგორ ადაპტირდებოდა.
საკმაოდ კომპაქტური და კარგი პროპორციული ფორმების მცენარეა, რაც მთავარია, როგორც აღმოჩნდა, ჩვენს კლიმატთან და სივრცე-დროით თავისებურებებთან თავსებადია, ასევე, გამძლეა როგორც ყინვის, ისე სხვადასხვა დაავადებების მიმართ. ამის მიუხედავად, აუცილებელია, სოკოვანი დაავადებებისა და მავლებლებისგან დავიცვათ. მისი ერთ-ერთი სახასიათო თვისება, რასაც გამოვყოფდი ისაა, რომ ყოველწლიურად 2-3-ჯერ იცვლის კანს - მისი ქართული სახელი „ცხრატყავა“ აქედან არის წამოსული“.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცენარის გავრცელების არეალს, ამაზე გორგიშელი ამბობს, რომ მკვეთრად მშრალი ადგილების გარდა, თითქმის ყველგან ხარობს.
„შირაქის ველისა და ქვემო ქართლის მკვეთრად მშრალი ტერიტორიების გარდა, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიასთან ადაპტირებადი მცენარეა. ასევე, ლურჯი მოცვისგან განსხვავებით, არ უყვარს მჟავე ნიადაგები - თავს კომფორტულად მარილიან და ნეიტრალურ ნიადაგებზე გრძნობს. იდეალურად ხარობს საქართველოს მთიან ზონებში და იქ მოყვანილი ნაყოფი განსაკუთრებული გემოვნობით გამოირჩევა. ჩვენ რამდენიმე ასეთ ადგილას სატესტოდ გვაქვს კიდეც გაშენებული და, თამამად ვიტყვი, რომ ამ პირობებში მოყვანილ ცხრატყავას ნაყოფს ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ.
ასევე, როგორც აღვნიშნე, ნიადაგის ტიპების მიმართ დიდად მომთხოვნი მცენარე არ არის, მაგრამ აუცილებელია, მიწა კარგ კონდიციაში, ორგანული ნივთიერებებით გამდიდრებული იყოს - მით უმეტეს, თუკი ბაღის გაშენებას კომერციული მიზნებისთვის აპირებ“.
საქართველოს აგრარული გაერთიანების დამფუძნებლის თანახმად, ცხრატყავას ნაყოფი მაღალი სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც სისხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.
„მცენარე მსხმოიარობაში 2 წლის ასაკიდან შედის და ნაყოფიერებაც ბუჩქის ზრდის პარალელურად და პროპორციულად იზრდება. მსხმოიარობის პოტენციალი ჯიშების მიხედვით განისაზღვრება და ბუჩქზე 1-დან 5 კგ-მდე მოსავალს შეადგენს იმის მიხედვით, თუ რომელი ჯიში გაქვთ გაშენებული.
შეიძლება ბევრს მოეჩვენოს და ეგონოს, რომ ცხრატყავას ნაყოფი ლურჯი მოცვისას ჰგავს და შემცველობითაც ახლოს უნდა იყოს, მაგრამ ასე არაა. ნებისმიერ ხილს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო, ორგანული თვისებებით გამორჩეული და უნიკალური ნაყოფი აქვს. ამ რაოდენობის ქიმიური ელემენტებით გამდიდრებული ნაყოფი არ გვხვდება არც ერთ სხვა ხილში, რომელთაც საქართველოში ვაწარმოებთ და შესწავლილი გვაქვს.
ამის დასტურია ის, რომ იაპონელები მას სიცოცხლის კენკრას ეძახიან. გავრცელებულია ციმბირში, კანადაში, ალიასკაზე. იყენებენ სამკურნალოდ, ჩაის სახით, გამხმარი სახით, ჯემის სახით - ცხადია, განსაკუთრებულად კარგია, როცა ცოცხლად მიირთმევ, თუმცა გაყინული და გამშრალი სახითაც უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. დადებითად მოქმედებს იმუნური სისტემის გაძლიერებაზე, თუმცა, ჰიპერტონიული წნევის მქონე ადამიანებისთვის მისი დიდი დოზით მიღება, რეკომენდებული არაა. იდეალურია ბავშვთა კვებისთვის (მათ შორის, იყენებენ დანამატებში) და იდეალურია ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც სისხლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს - ანემიური მიმართულებები. ასევე კარგია, როცა ორგანიზმს რკინის ნაკლებობა აქვს“, - განაცხადა ვალერი გორგიშელმა „ბიზნესპრესნიუსთან“.
Lonicera Caerulea-ს, ანუ ცხრატყავას, იაპონელები ჰასკაპს ეძახიან. ეს მცენარე ფოთოლმცვივანი ბუჩქია და 1.5-2 მ. სიმაღლის იზრდება. ნაყოფი, რომელიც C ვიტამინით არის მდიდარი, ლურჯი მოგრძო ფორმისაა და 1.3-დან 2.2 გრამამდე იწონის.
რაც შეეხება ნიადაგის მჟავიანობას, ცხრატყავას დარგვა 3.9-7.7 დიაპაზონის PH-ის ნიადაგებშია რეკომენდებული - იდეალურია 5.5-დან 6.5-მდე. მოითხოვს კარგი დრენაჟის ნიადაგს და უყვარს უფრო მეტად ტენიანი პირობები.