„სამშენებლო სექტორში სპეციალისტების დიდი დეფიციტია. “, - ამის შესახებ „ბაუ სტარის“ დამფუძნებელმა მალხაზ სოლომნიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ კადრების კუთხით არსებულ პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, სამშენებლო მიმართულებით არაერთი სამუშაო ადგილია, თუმცა, ან კადრებს არ აქვთ დასაქმების სურვილი, ან არ აქვთ სათანადო კვალიფიკაცია.
„სპეციალისტების დიდი დეფიციტია. რომ ვიძახდით სამუშაო ადგილები შევქმნათო, სამუშაო ადგილები ახლა არის და ადამიანი არ არის რომ იმუშაონ; კადრებს ან არ აქვთ სურვილი, ან შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ.
წარმოიდგინეთ, შემოჰყავთ მუშახელი აზერბაიჯანიდან ან სომხეთიდან, რომ რაღაც საქმე გააკეთონ, ჩვენ ქვეყანაში კი არიან უმუშევრები - ვიღაცას სწავლა არ უნდა, ვიღაცას მუშაობა. სამშენებლო სფეროში არის აუარებელი სამუშაო და არ არის სპეციალისტი. მაგალითად, 20 ლარი ღირდა 1 კვ.მ-ზე კაფელის დაგება და 70 ლარამდე გაიზარდა იმის გამო, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია.
ეს ყველაფერი აძვირებს პროდუქცია. მიმაჩნია, რომ ფასები უაზროდ გაზრდილია, რადგან სამუშაო არის და კადრები - არა. ვთვლი, რომ ეს უზარმაზარი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში. ერთის მხრივ, არის უმუშევრობა, მეორეს მხრივ, არის სამუშაო, სადაც პროფესიული კადრები არ გვყავს“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მალხაზ სოლომნიშვილმა.