ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
რამდენი იხარჯება საბადურისა და ზედაზნის ტყეებში ეკოტურისტული ობიექტების მოწყობაში (+ფოტო)

თბილისის ეროვნული პარკის ორ - საბადურისა და ზედაზნის ტყეებში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი კვლავაც მიმდინარეობს.

„ბიზნესპრესნიუსისთვის“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზედაზნის უბანზე, სადაც სამუშაოები მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით ხორციელდება, უკვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და 3 ტურისტული კოტეჯი, ახლა კი კეთილმოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

sabaduri1-1745696502.jpg

ამასთანავე, ზედაზნის უბანზე მოეწყო საპიკნიკე სივრცე, მოინიშნა 141 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკი და ამჟამად მანიშნებლებისა და საინფორმაციო დაფების მონტაჟი მიმდინარეობს.

„პროექტი, რომლის განმახორციელებელი კომპანიაა სს „ჰორასან თააჰჰუთ ვე ინშაათ“ საქართველოს ფილიალი, დასრულების ეტაპზეა, ინვესტიციის მოცულობა 5 590 000 ლარს შეადგენს“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში.

sabaduri-1745696526.jpg

რაც შეეხება საბადურის ტყეს, აქ უკვე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და აქტიურ ფაზაშია შიდა მოპირკეთების სამუშაოები. სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფანჩატურების, საკემპინგე და საკარვე ადგილების, გარე ბუხრის და ძელსკამების; შშმ პირებზე ადაპტირებული საპირფარეშოების; დაახლოებით 200 ავტომობილზე გათვლილი საავტომობილო და ველო პარკინგისა და 10 ლოკაციაზე წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოები.

sabaduri3-1745696548.jpg

„სამუშაოები ასევე ითვალისწინებს ბავშვთა გასართობი და ეკოსაგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას. პროექტის შემსრულებელი კომპანიაა შპს „თრეილ ქონსთრაქშენი“, ინვესტიციის მოცულობა 7 200 000 ლარი, პროექტის დასრულების ვადა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეა“, - აღნიშნავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

მათივე ცნობით, საბადურის ტყეში ინფრასტრუქტურის მოწყობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.

sabaduri2-1745696565.jpg

მერი ტაბატაძე