ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„თიანეთიდან ახალგაზრდების გადინებაა, რადგან სამუშაო ადგილები არ არის - ტურიზმის განვითარება ეკონომიკურად გაგვაძლიერებს“ - ასოციაცია

ისტორიული ძეგლები, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ტრადიციული სამზარეულო იმ მიმართულებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტში ჩასულ ვიზიტორს ადგილზე დახვდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს უცხოელების მიერ მცხეთა-მთიანეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 85.2 ათასს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სანახავი ბევრია, ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეგიონის პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. ეს კი მაშინ, როცა თიანეთი ტურისტული მარშრუტების მნიშვნელოვანი კვანძია და რეგიონს მეტად აქვს საშუალება, რომ ტურისტების რაოდენობა გაზარდოს.

ორი წლის წინ რამდენიმე ადგილობრივი ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა ასოციაციაა დააფუძნა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორი ხედვა აქვს ტურიზმის სექტორს რეგიონის პოტენციალის ათვისებისთვის და დეტალურად „თიანეთის ტურიზმის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე ეკა დოჯურიშვილს ესაუბრა.

ქალბატონო ეკა, რა პოტენციალი აქვს თიანეთს ტურისტული განვითარების კუთხით და რამდენად არის ათვისებული რესურსები?

- თიანეთს, გამომდინარე მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან, დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. მუნიციპალიტეტი თბილისიდან 65 კმ-ით არის დაშორებული და ერთი საათი სჭირდება გზის დაფარვას. რაიონის ტურისტულ პოტენციალს ზრდის ისიც, რომ კახეთსა და ყაზბეგს შორის ტრანზიტი შესაძლებელია თიანეთით, გზა არის მოწესრიგებული და ამოკლებს ტურისტულ მარშრუტებს. ეს მაკავშირებელი ფუნქცია არის საშუალება, რომ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს თიანეთმა.

ამავდროულად, თიანეთი აღიარებულია მწვანე მუნიციპალიტეტად, იქიდან გამომდინარე, რომ არის სუფთა ჰაერი და ყველაზე ნაკლებად დაბინძურებული ადგილია. ზამთარში თოვლი გვაქვს და ზაფხულშიც არაჩვეულებრივი დასასვენებელი კურორტია.

გარდა ამისა, თიანეთში არის დაახლოებით 100-ამდე ისტორიული ძეგლი, სამწუხაროდ, მათი ნაწილი ნაკლებად ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ გაიზარდოს თიანეთის ცნობადობა და პოპულარობა, შედეგად კი, ამ აუთვისებელი საბადოს განვითარებით, მეტი ტურისტი ეწვიოს რაიონს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი.

რა მოლოდინები გაქვთ, ტურიზმის სექტორის გაძლიერება როგორ შეუწყობს ხელს თიანეთის ეკონომიკურ განვითარებას?

- ტურიზმის განვითარებით ხელი შეეწყობა მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ გაძლიერებას, ემიგრაციაში წასული მოქალაქეების რაოდენობის შემცირებაში დაგვეხმარება და წაახალისებს ახალგაზრდებს, რომ დარჩნენ რეგიონში. ეს საკითხი აქტუალურია განსაკუთრებით მაშინ, როცა თიანეთიდან ახალგაზრდების ძალიან დიდი გადინებაა, რადგან სამუშაო ადგილები არ არის - გვსურს, რომ ეს გადინება შემცირდეს. ამას ხელს შეუწყობს ისიც, რომ ტურიზმის განვითარებას არაერთი სხვა მიმართულების წინსვლა მოსდევს, მაგალითად, მეტი ტურისტი, გამოიწვევს ახალი სასტუმროების თუ სხვა ტურისტული ობიექტის აუცილებლობას, ეს თავისთავად გაზრდის კონკურენციას, გაზრდილი კონკურენცია კი გააუმჯობესებს მოსახურების და სერვისების დონეს. გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და გაჩნდება მოთხოვნა სხვადასხვა მომსახურებაზე. მოთხოვნა რომ გაიზრდება, შეიქმნება სამუშაო ადგილები და საჭირო იქნება ადგილობრივად კადრების მოძიება - ქალიც დაუბრუნდება ოჯახს, აქ იშოვის სარჩოს და ახალგაზრდებიც დასაქმდებიან და არ დატოვებენ რეგიონს.

როცა ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარებაზე, ცხადია, ადგილზე უნდა არსებობდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. რამდენად არის დღეს თიანეთში შესაბამისი ტურისტული ობიექტები მოწყობილი?

-გზების და კომუნიკაციების განვითარებით, თიანეთი სხვა რაიონებს არ ჩამორჩება. დაბას და სოფლების ძირითად ნაწილს მიეწოდება ბუნებრივი აირიც. ამ ეტაპზე თიანეთში უკვე არის რამდენიმე კარგად განვითარებული საოჯახო სასტუმრო როგორც დაბაში, ისე თიანეთის რამდენიმე სოფელში, საკმაოდ განვითარებული სერვისულად და ინფრასტრუქტურით და (აუზი, საუნა, საკონფერენციო სივრცე, წვეულებების გადახდის ორგანიზება და სხვა) თუმცა, მუნიციპალიტეტს ამ მხრივაც მეტი პოტენციალი აქვს. მაგალითად, აგროტურიზმის ნიშა თითქმის აუთვისებელია. აგროტურიზმის იგივე სოფლის ტურიზმის განვითარება ევროპაში 1980 წლებში დაიწყო კერძოდ იტალიის პროვინცია ტოსკანაში და დღეს ტოსკანას მაგალითზე ნათლად ვხედავთ როგორ შეიძლება გაძლიერდეს სოფელი სწორედ აგროტურიზმის განვითარებით - ანუ სოფელს შეუნარჩუნდეს პირვანდელი ავთენტური იერ-სახე და თან თანამედროვე სერვისები თუ კომფორტი მოირგოს, გაუფრთხილდეს და წარმოაჩინოს ფოლკლორული თუ გასტრონომიული ტრადიციები და ტურისტს მისცეს საშუალება უშუალოდ ჩაერთოს საწარმოო პროცესსა თუ გასტრონომიულ მასტერკლასებში. ამიტომ ამ სფეროს განვითარება ჰაერივით სჭირდება ჩვენს დაცლილ და გაღარიბებულ სოფლებს. ვფიქრობ, აგროტურიზმის განვითარება ზოგადად ქართულ სოფლებს დაეხმარება გაძლიერებაში და მთელ ქვეყანას მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს.

ადგილზე ჩამოსულ ვიზიტორებს რა სერვისები დახვდებათ?

- გვინდა გავაკეთოთ საიტი, სადაც გავაერთიანებთ თიანეთის ყველა ტურისტულ ობიექტს, ისტორიულ ძეგლსა და ღირსშესანიშნაობებს, შევადგინოთ ტურისტული მარშრუტები დროის და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ასევე ტურისტის ინტერესებიდან სხვადასხვა სპეციფიკაზე მორგებული. ასოციაციამ ამ ორი წლის მანძილზე, სწორედ ამ მიზნით ორ გრანტზე შეიტანა განაცხადი და სამწუხაროდ, ორივეჯერ არ დაფინანსდა. ამ ეტაპზე ასოციაციის დამფუძნებლებს, ჩვენი ბიზნესებიდან არ გვაქვს ისეთი შემოსავალი, რომ საჭირო სპეციალობის კადრი დავიქირაოთ და გადავუხადოთ გაწეული შრომის საფასური. თუმცა, თითოეული ჩვენგანი, ჩვენ შრომას და ენთუზიაზმს რაიონის განვითარებას მოვახმართ უანგაროდ. გვსურს, რომ ძეგლები დავასურათოთ და შევქმნათ რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რომელსაც ვიზიტორები, ინტერესებიდან გამომდინარე, შეარჩევენ და მოინახულებენ. ტურისტებს შეეძლებათ ლაშქრობა ივრის ხეობაში, თევზაობა, საცხენოსნო ტურები, ჩანჩქერებისა თუ სიონის ტბის მონახულება, მითოლოგიური სალოცავების მონახულება, მასტერკლასები კულინარიული მიმართულებით, ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა და ა.შ. სწორედ ამ აქტივობების და კიდევ ბევრი სხვა იდეის განხორციელებისთვის გვჭირდება მცირედი დაფინანსება.

მერი ტაბატაძე