ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„მყისიერი მინიმალური დარტყმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე 10-15%-ის ფარგლებში იქნება“ - რა ეფექტი ექნება საქართველოზე ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებას

ყარაბაღის ომის დასრულებიდან ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ეტაპს უახლოვდებიან. მხარეებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი პრაქტიკულად, შეთანხმებულია, თუმცა დოკუმენტი ჯერჯერობით ოფიციალურად ხელმოწერილი არ არის. ამის პარალელურად ჩართული ქვეყნების მხრიდან აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებაზე, მაგრამ პირობები ამ ეტაპზე შეუთანხმებელია.

ინფორმაციისთვის, ზანგეზურის დერეფანი საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს სომხეთის გავლით, დაუკავშირდეს ნახიჩევანს და შემდეგ თურქეთს. ამით შეიქმნება ალტერნატიული გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნისთვის, რომელიც ამჟამად გადის საქართველოზე, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის მარშრუტით. არაერთი აზრი გამოითქვა იმის შესახებ, რომ ზანგეზურის დერეფანმა შესაძლოა, საქართველოს როლი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო ქსელში შეამციროს.

იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალი მარშრუტის ამოქმედებას საქართველოს სატრანზიტო როლზე, „ბიზნესპრესნიუსი“ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრს, ნიკოლოზ ალავიძეს ესაუბრა.

ზანგეზური წაგვართმევს ტვირთებს, ისე არ მოხდეს, რომ ყველაფერი დავკარგოთ

როგორც ალავიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება, საუკეთესო შემთხვევაში, 3-5 წლის ვადაში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, კორიდორის გახსნის შემთხვევაში, საქართველოს სარკინიგზო ტვირთბრუნვა შეუმცირდება.

„იდეალურ მდგომარეობაში დერეფნის გააქტიურება 3-5 წლის ვადაშია შესაძლებელი. დერეფანში არის ორი მარშრუტი, სარკინიგზო და სახმელეთო. ამ ეტაპზე სახმელეთო გზის განვითარება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე სარკინიგზო. თუ ყველა მხარე მარტივად მიიღებს მოცემულობებს, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების 3-წლიან პერსპექტივაზე შეგვიძლია ვისაუბროთ - ჯერ რომ გააქტიურდეს სახმელეთო, შემდეგ კი სარკინიგზო მარშრუტები.

საქართველოსთვის ამ დერეფნის ამოქმედებით იქმნება რისკი, რომ ტვირთბრუნვა შეგვიმცირდეს. როცა ალტერნატივები ჩნდება ბაზარზე, ჩვენი შესაძლებლობები შესაძლოა, შემცირდეს, თუმცა ჩრდილოეთიდან სამხრეთში და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალ კორიდორებში საქართველო დიდ დროს თამაშობს და ამ მომენტისთვის ჩაუნაცვლებელი პოზიცია აქვს. ამ ნაწილში უპირატესობას გვაძლევს მილსადენები და ის ტვირთები, რომელიც საჭიროებს საზღვაო დამუშავებას“, - ამბობს ალავიძე.

ამასთანავე, მანვე აღნიშნა, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნით მყისიერი დარტყმა მიადგება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას ტვირთბრუნვის ნაწილში. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ კლება მინიმუმ 10-15%-ის ფარგლებში იქნება.

„მყისიერი მინიმალური დარტყმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე 10-15%-ის ფარგლებში იქნება. ზანგეზურის დერეფანი გარკვეულწილად წაგვართმევს ტვირთებს იმ შემთხვევაში, თუ სტატიკურად დარჩება ტვირთების არსებული რაოდენობა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ახალი კორიდორის ამოქმედებას გამოიწვევს შუა დერეფნის გააქტიურებას, კერძოდ, ახლანდელი ტვირთბრუნვა 2-ჯერ მაინც გაიზრდება და რა თქმა უნდა, რეგიონში დამატებითი ტვირთები გაჩნდება. კორიდორის გახსნა დაგვეხმარებოდა გაზრდილი ტვირთების მომსახურებაში, რაც გამოწვეული იქნება იმით, რომ გამოჩნდება სხვა ქვეყნების დაინტერესებაც“, - დასძინა მან.

იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს უპირატესობის შენარჩუნება, ალავიძე მიიჩნევს, რომ საჭიროა დროული და ეფექტური დიპლომატიური ჩართულობა ზანგეზურის დერეფნის გახსნის საკითხში, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება საქართველოს გარეშე არ მოხდეს.

„იმ შემთხვევაში, თუ ქართული დიპლომატია გაცდება გაურკვეველ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს, დაიწყებს საუბარს რეალურ პარტნიორებთან და ისაუბრებს რეალურ საკითხებზე, შევძლებთ, რომ კონკურენტული უპირატესობა გამოვიყენოთ. საჭიროა, რომ მეტი უპირატესობა მოვიპოვოთ საბაჟო ნაწილში და დამატებითი სერვისები შევთავაზოთ გადამზიდავებს; განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა დამატებითი კორიდორები არის იდეალური გადამზიდავებისთვის, რადგან, რაც უფრო ნაკლები გზა ექნებათ ტვირთების გადასატანად, მით უკეთესია მათთვის. იდეალურ შემთხვევაში ზანგეზურის კორიდორის გაჩენა 8-12 საათით ამცირებს რკინიგზით ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას და 300 კმ-ით მოკლეა ჩვენ კორიდორთან შედარებით, ზანგეზურის ამოქმედებით გადამზიდავს დაახლოებით 80-120 დოლარის ფარგლებში შეიძლება ერთი კონტეინერის ხარჯი შეუმცირდეს“, - ამბობს ალავიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი მარშრუტების განვითარება მოითხოვს დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც დროს საჭიროებს. ამ ფონზე საქართველოს აქვს შესაძლებლობა გააუმჯობესოს საკუთარი მარშრუტები და ზანგეზურის სრულფასოვნად ამოქმედებამდე პოზიციები შეინარჩუნოს. გარდა ამისა, ალავიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება და დიპლომატიის გაძლიერება იმისთვის, რომ ზანგეზურის კორიდორის ნაწილში საქართველომ თავის ნიშა შეინარჩუნოს.

„საქართველოს უპირატესობაა ის, რომ ვართ მულტიმოდალური სატრანზიტო ქვეყანა. სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტებით უფრო ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა გვაქვს. ახლა რა ეფექტურობითაც მუშაობს არსებული გადაზიდვები თუ რკინიგზა, დამაიმედებელი პროგნოზების გაკეთება რთულია.

ამას ემატება ისიც, რომ პარტნიორობა განვითარებულ ქვეყნებთან უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა. ვაკვირდებით „თანამედროვე დიპლომატიის ვარსკვლავებს“ და ვნახეთ, რა დონეზე და რა ქვეყნებთან ტარდება მოლაპარაკებები. ეს ის ქვეყნები არ არის, ვისთანაც ერთად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ საქართველოს სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ინტელექტუალური თუ ციფრული ჰაბების განვითარება.

სრულიად სხვა სამყაროსთან მიდის ეს ხალხი (ხელისუფლება) და სრულიად სხვა სამყაროსთან არის სამუშაო გასაძლიერებელი და მინიმუმ იმ ნიშნულზეა თანამშრომლობა დასაყვანი, სადაც 2 წლის წინ იყო, რათა ზანგეზურის ირგვლივ პროცესი ჩვენს გარეშე არ წარიმართოს, კომპეტენტურად დაფიქსირდეს ჩვენი პოზიტიური ჩართულობა და სწორი მხარე შევარჩიოთ.

ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორები - თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი პროცესის ავანგარდში არიან და მნიშვნელოვანია რომ ვიყოთ ჩვენც; ახლა ჩვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს დიალოგი. ზანგეზურის დერეფანი განვითარდება აუცილებლად და ისე არ მოხდეს, რომ ჩვენ ჰაერში დავრჩეთ და ყველაფერი დავკარგოთ. უალტერნატივო არც ჩვენი მილსადენებია, მისი ალტერნატივაც შესაძლოა, გაჩნდეს სამომავლოდ, ამიტომ საჭიროა მყისიერი ჩართულობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

მერი ტაბატაძე