"ცვლილება შედის განცხადებას თანდართული სავალდებულო დოკუმენტების ნუსხაშიც"
მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალი ფორმა ამოქმედდება. როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურში bpn.ge-ს განუცხადეს, ეს ცვლილება მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის ნინო ღოღობერიძის თქმით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტი ახალ, გაუმჯობესებულ ფორმაზე გადადის, რაც გააიოლებს ხსენებულ პროცესში მონაწილე პირთათვის ინფორმაციის სწორად და სრულად მიღებას. "დოკუმენტი დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ასევე გარეგნულად აღქმადობის მხრივ. ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტის, რომლითაც პირობები მტკიცდება და პირობების შინაარსობრივი შემადგენლობა. ამ აქტის ნაწილში რეკვიზიტებისა და განაცხადის შესახებ ინფორმაცია გაუმჯობესდა, ხოლო პირობების ნაწილი თავებად და ნაწილებად დაიყო, რომლებშიც კანონმდებლობის შესაბამისობით, ინფორმაცია მნიშვნელობის მიხედვით დაჯგუფდა", - განუცხდა bpn.ge-ს ნინო ღოღობერიძემ.
მისივე თქმით, დოკუმენტის ახალი ფორმის ამოქმედებასთან ერთად, ცვლილება შედის განცხადებას თანდართული სავალდებულო დოკუმენტების ნუსხაშიც. სავალდებულო ხდება ტოპოგრაფიული გეგმის და საინფორმაციო დაფის განთავსების დამადასტურებელი სურათის წარმოდგენა. აქამდე ნებართვა მხოლოდ აეროგადაღების შემდეგ (ზემოდან გადაღებული) გაიცემოდა. "ამ ცვლილების მიზანია მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ და მესამე პირთა უფლებების მაქსიმალური დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირება. ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე გამოვლენილი იქნება ყველა შესაძლო შემაფერხებელი თუ სამშენებლო განვითარების შემზღუდავი გარემოება." - აღნიშნა ღოღობერიძემ.
რაც შეეხება დედაქალაქში შეჩერებულ სამშენებლო ობიექტებს, bpn.ge-ის შეკითხვაზე ამ მიმართულებით რას აპირებს მერია, ნინო ღოღობერიძის თქმით, მერია ამაში ვერ ჩაერევა, რადგან ეს კერძო კომპანიის საქმეა. "თუკი ბაზარზე ახალი ინვესტორი გამოჩნდება, მან მოლაპარაკება უშუალოდ კომპანიასთან უნდა აწარმოოს," - დასძინა ნინო ღოღობერიძემ.
როგორც არქიტექტურის სამსახურის უფროსმა განმარტა, აღნიშნული ცვლილება გადაწყვეტილების მიღების ვადებზე გავლენას არ იქონიებს და უცვლელი (5 დღე) დარჩება. მისივე თქმით, ეს პროცესები დროში გაჭიანურებული არ იქნება.
სალომე გოგოხია