"თმას წონის მიხედვით იბარებენ და მათი ფასი 40-დან 400 ლარამდე მერყეობს"
დანამდვილებით იმის თქმა, რამდენად წარმატებულია საქართველოში თმის ბიზნესი, გაჭირდება. თუმცა, თბილისში მრავალადაა სილამაზის სალონები, რომლებიც თმის შესყიდვით არიან დაკავებული. ადამიანის თმას ძირითადად თმის დაგრძელებისთვის და პარიკისთვის, ასევე თმის გასახშირებლად იყენებენ. ქართული მასალა ხშირად უმაღლესი ხარისხისაა, ამიტომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიც გააქვთ - კანადაში, არაბთა გაერთიანებულა საამიროებში, რუსეთში.
რა ღირს ქართული თმა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ თქვენი თმა სარფიანად გაყიდოთ? როგორც bpn.ge-მ გაარკვია, სალონები ფასს თმის ხარისხისა და სიგრძის მიხედვით განსაზღვარავენ. მოჭრილ თმას იყენებენ თმის დასაგრძელებლად, გასახშირებლად და ლამაზი მოცულობის მისაცემად, თმის მელირებისთვის, ღია ფერის ან კონტრასტული ფერის მელირებისთვის დამატებითი თმების ჩამაგრებით. დამწვარი თმის გამოსაცვლელად გამოიყენება ჯანმრთელი თმის ღერები. თუმცა, 40 სანტიმეტრზე ნაკლები სიგრძის თმას სალონები არ იბარებენ. ასევე, თმა უნდა იყოს ბუნებრივი, არ უნდა იყოს ჭაღარა, შეღებილი, დამწვარი. ყურადღება ენიჭება თმის სისქესაც, რამდენად ხშირია. თხელი თმა გაცილებით იაფი ღირს.
რაც შეეხება თმის ფასს, სალონებს სხვადასხვა ტარიფები აქვთ დაწესებული. თმას წონის მიხედვით იბარებენ და მათი ფასი 40-დან 400 ლარამდე მერყეობს. ზოგჯერ კილოგრამი თმის ფასი 2 000 ლარიც ღირს. ვინც ამ სფეროში კარგადაა ჩახედული, თმის გაყიდვამდე სხვადასხვა სალონებს სტუმრობს, რათა თმა სარფიანად გაყიდოს. ასე მოიქცა 25 წლის თამარიც, ახალი ვარცხნილობითაც კმაყოფილი დარჩა, თან მოგებაც ნახა.
"საკმაოდ გრძელი თმა მქონდა, დაახლოებით 60 სანტიმეტრი. როცა თმის შეჭრა გადავწყვიტე, სალონები მოვიარე, ზოგან ძალიან დაბალი ფასი შემომთავაზეს, ერთ-ერთ ცნობილ სალონში საერთოდ უარი მითხრეს, ქართულ თმას არ ვიბარებთ, უცხოეთიდან ჩამოგვაქვსო. ვიცი, რომ ქართული თმა უცხოეთში გააქვთ, სადაც საკმაოდ ძვირად ფასობს. რადგანაც თხელი თმები მაქვს, ჩემი თმის წონაც ცოტა გამოვიდა, 100 გრამი არც კი. ამიტომ, 55 ლარი გადამიხადეს. მაინც კმაყოფილი ვარ", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.
თამარისგან განსხვავებით აშკარად არ გაუმართლა 30 წლის ნინოს, რომელსაც პრაქტიკულად თმა მოპარეს. როგორც ნინომ გვითხრა, სტილისტმა მისი თმა ისე გაყიდა, რომ მისთვის არაფერი უკითხავს.
როგორც სილამაზის სალონების წარმომადგენლები ბპნ.გე-სთან საუბარში ამბობენ,
რაც უფრო გრძელია თმა, მით მეტი ფასი აქვს. თუმცა აქაც არის გამონაკლისი: იმ შემთხვევაში თუ თმა არის ძალიან გამომშრალი, მტვრევადი, ბზინვარება აქვს დაკარგული, ასეთ შემთხვევაში თმის სიგრძეს დიდი მნიშვნელობა აღარ ენიჭება და სარფიანად გაყიდვის იმედი არ უნდა გქონდეთ. თმის ხარისხის განსაზღვრა შეუძლია შემფასებელს. რაც მეტად ხარისხიანია თმა, მით მეტი ღირს. თმის სტრუქტურას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ხარისხიანი თმა სწორიც და ხვეულიც ერთნაირად ფასობს. ღია ფერის თმა შედარებით ძვირად ფასობს, ვიდრე მუქი ფერი. რადგანაც ღია ფერის თმა ადვილად ემორჩილება გაღიავება/შეღებვის პროცედურებს. ზოგიერთი სალონი კი იმასაც აქცევს ყურადღებას, თმა ევროპულია თუ აზიური. ევროპული თმა ღია ფერის ნაზი სტრუქტურისაა, ხშირ შემთხვევაში სწორი თმა. ხოლო აზიური სქელღერა თმაა, ხშირ შემთხვევაში მუქი და უხეში. ამიტომ, ევროპული ტიპის თმა უფრო ღირებულია. თუ თმას თხელი ბოლოები აქვს, ეს ნაწილი თმის სიგრძეში ნაკლებად ითვლება.
"წინასწარ ვერ გეტყვით თმას რა ფასში ჩავიბარებთ. ადგილზე უნდა ვნახოთ. გააჩნია თმის ხარისხს, სისქეს. თმა ბუნებრივი უნდა იყოს, ჭაღარას, შეღებილს არ ვიბარებთ. თმის სიგრძე სულ მცირე 45 სანტიმეტრი უნდა იყოს, რომ ჩავიბაროთ. ფასებიც თმის ხარისხიდან გამომდინარეა. შეიძლება ზოგიერთ თმაში 100-150 ლარი გადავხადოთ, ზოგში კი 40 ლარი. შესყიდულ თმებს ძირითადად დაგრძელებისთვის ვიყენებთ. ზოგს მოკლე თმა აქვს. გაზრდა ეზარება და თმის დაგრძელება კარგი გამოსავალია. ვერ გეტყვით, რომ ქართული თმა უცხოეთში გააქვთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სალონი შესყიდულ თმებს ისევ ჩვენი კლიენტების მომსახურებისთვის ვიყენებთ", - გვითხრეს სილამაზის სალონ "პარ ექსელენში".
40-დან 100 ლარამდე იბარებენ თმას სალონ "ლა პერსონაში": "საკმაოდ ხშირად მოდიან კლიენტები, რომლებსაც თმის გაყიდვა სურთ. პირველ რიგში, ყურადღება თმის ხარისხს, სიგრძეს ექცევა და ფასიც შესაბამისია."
ანალოგიური ფასებია სალონ "პოდიუმშიც: "ყოფილა შემთხვევა თმაში 300 ლარიც გადაგვიხდია. გააჩნია თმას. როდესაც კლიენტი გრძელი თმით მოდის, მას აუცილებლად ვეკითხებით თმის ჩაბარება ხომ არ უნდა. ზოგს არ უნდა გაყიდვა და თმის შეჭრის შემდეგ, მის თმას ვიყენებთ, თუ კლიენტს პრეტენზია არ აქვს. თუმცა, ისე არ ხდება, რომ კლიენტი მოვატყუოთ და მისი თმა დაუკითხავად გამოვიყენოთ. ეს ჩვენც არ გვაწყობს, რადგან ამით სალონის ავტორიტეტი შეილახება."
ასე რომ, ვისაც თმის სარფიანად გაყიდვის სურვილი აქვს და ამაში ხელს ბუნებრივი თმაც უწყობს, სილამაზის სალონების კარი თქვენთვის ღიაა.
სალომე გოგოხია