”წელს საქართველოში უცხოეთიდან ერთი ცალი კვერცხიც არ შემოსულა”
ერთ ძველ, სიკეთით სავსე კომედიას თუ ვენდობით, ყველა ფრინველი სასარგებლო არსებაა, რადგან ადამიანს ”ხორცს, კვერცხს და ბუნდღას” აძლევს, მაგრამ ეს უწყინარი ხუმრობა ყოველთვის როდი მართლდება - თურმე შეიძლება ფრინველის ხორციც მავნებელი იყოს, კვერცხიც და თქვენ წარმოიდგინეთ, ”ბუნდღაც”... მაგალითად: ბოლო დღეებში რუსეთის სანიტარიული სამსახური აქტიურად განიხილავს აშშ-დან ქათმის კვერცხის იმპორტის აკრძალვის საკითხს. ამის მიზეზად ფრინველის გრიპი სახელდება, რომელიც თურმე ფართოდ არის გავრცელებული ამერიკის ტერიტორიაზე. უფრო ადრე რუსეთში არ შეუშვეს ამერიკული ქათმის ხორცი, რადგან მისი სერთიფიკატი გამოშვების ვადაზე ადრე იყო გაცემული. ერთი სიტყვით, ამ უწყების შიშით რუსეთის ცაზე საეჭვო ფრინველიც კი ვერ გადაიფრენს, რასაც საქართველოზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
bpn.ge დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში. გთავაზობთ ინტერვიუს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელ ზურაბ უჩუმბეგაშვილთან:
- რამდენად სასარგებლოა კვერცხი, რომელიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება და რა წილი უჭირავს ქართულ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების პროდუქციას?
- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ ბაზარს კვერცხით ჩვენი, ადგილობრივი წარმოება ამარაგებს. ამ პროდუქტის წარმოების მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე მასზე მოთხოვნილება, ამის გამო 2015 წლის განმავლობაში ჩვენთან ერთი ცალი კვერცხი არ შემოსულა უცხო ქვეყნებიდან. კვერცხის წარმოება იმ დონეზე განვავითარეთ, რომ შევძელით და ფასიც დავწიეთ. კვერცხის ბაზარი არ საჭიროებს ვიღაცის დახმარებას, უბრალოდ, ჩვენ გვინდა სხვა მწარმოებლებთან თანაბარ პირობებში ვიყოთ. ფრინველის ფაბრიკები მთელ საქართველოშია მოფენილი - სარფით დაწყებული, ახმეტითა და ლაგოდეხით დამთავრებული. ძირითადი მწარმოებელი კახეთი და შიდა ქართლია, მაგრამ დასავლეთ საქართველოშიც არის ფაბრიკები, რომლებიც შედარებით მცირე ზომისაა.
- ესე იგი, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კვერცხი ჩვენს მაღაზიებში არ არის?
- დიახ, ასეა, და თუ მოინდომებთ, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ყველა მონაცემი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დევს: რა შემოდის ქვეყანაში, ან რა გადის, შეგიძლიათ ნახოთ. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 2015 წლის განმავლობაში საქართველოში ერთი ცალი იმპორტირებული სასურსათო კვერცხიც არ შემოუსულა. საბედნიეროდ, ჩვენზე ლარის ”გაქცევამ” და ამით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმაც ვერ იმოქმედა. აღდგომისა და ახალი წლის დღეებში, როდესაც ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან იზრდება, იმდენად დავწიეთ ფასები, რომ ყველა იმპორტიორს კვერცხის შემოტანის სურვილი მოვუკალით. უფრო მეტიც, თავისუფლად შეგვიძლია პროდუქცია სხვა ქვეყნებშიც გავიტანოთ, თუ ვინმე მიიღებს.
- ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ იმპორტირებულ კვერცხს ქართული დამღა ჰქონდეს?
- არსებობს 2013 წლის 10 ივლისის დადგენილება, რომლითაც ყველა ფაბრიკას აქვს ვალდებულება თავის ნაწარმს დააწეროს მწარმოებელი ქვეყნის, ბრენდის, ასევე - გამოშვებისა და მოხმარების ვადები - მოკლედ, დაწვრილებითი ინფორმაცია. გამორიცხულია ვინმემ ეტიკეტი, ან წარწერა შეცვალოს, თუმცა ჩვენი ქვეყნის საზღვარი ისევე დაუცველია, როგორც ადრე იყო.
- რაც შეეხება ფრინველის ხორცს - წლების განმავლობაში არსებობდა ეჭვი, რომ ჩვენთან ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილი, ბალზამირებული ფრინველის ხორცი შემოდიოდა. ახლა რა ხდება?
- ეს გაცილებით მძიმე თემაა, იმიტომ, რომ ნაკლებია ხელშეწყობა ამ დარგის მიმართ, რომელსაც მეფრინველეობა ჰქვია. ბრაზილიას, ან ამერიკას ჩვენ ვერ გავუტოლდებით ვერც სიმინდის მოსავლით და ვერც ფრინველის რაოდენობით. ამიტომ, იმპორტირებული იაფი პროდუქცია მაინც შემოდის ქართულ ბაზარზე. ძნელია ითქვას, რამდენად მავნეა უცხოეთიდან შემოტანილი ფრინველის ხორცი, მაგრამ ფაქტია, რომ მთლიანად დამოკიდებული ვართ მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზე. მაგალითად: ერთხანს ჩვენთან შემოდიოდა ნედლი ქათამი, რომელზეც მითითებული იყო რეალიზაციის პერიოდი - 10 დღე. ნედლ ქათამს 10 დღე შენახვის ვადა ვერანაირად ვერ ექნება. ეს არც საქართველოს კანონმდებლობის ნორმებში შედის. ამ მხრივ ძალიან ცუდ როლს თამაშობს ევროკავშირი - მათი სტანდარტები ისეთია, რომ ვერ ვეწინააღმდეგებით. მათთვის სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების გამოყენება, ან ბალზამირება ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს ის გზებია, რომლებიც პროდუქტის შენახვის ვადას ახანგრძლივებს. მომხმარებელს კი უნდა იცოდეს, გუშინდელია ფრინველი, რომელსაც თავისი მცირეწლოვანი შვილისთვის ყიდულობს, თუ 10 დღის წინანდელი. ეს მხოლოდ ნედლ ქათამს ეხება, რაც შეეხება გაყინულს, ამბობენ, რომ გაყინული ხორცი ჯანმრთელობას ვნებს. გაყინვის მიზნით მისი ”შოკირება” ხდება. რას ნიშნავს ”შოკირება”? - ეს სწრაფი გაყინვის მეთოდია. ამ დროს დაკლული ქათამი გაგრილებისთანავე შედის -20 გრადუს ტემპერატურაზე, იქ ნახევარ საათს აჩერებენ და მერე უკვე -40 გრადუს ტემპერატურაზე გადაჰყავთ. ამ დროს ფრინველის ხორცის მყისიერი, შოკისებური გაყინვა მიმდინარეობს, რაც ხელს უშლის სასარგებლო ნივთიერებების გარეთ გამოსვლას. ვინაიდან ხორცი ძალიან დაბალ ტემპერატურაზე იყინება, ყველანაირი ბაქტერიაც მასთან ერთად იყინება, რის გამოც მისი შენახვის ვადა ერთი წელია.
- რას ურჩევდით იმ ხალხს, ვისაც არ სურს ”შოკირებული”, ან ბალზამირებული ფრინველის ხორცი მიიღოს?
- ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ბევრი კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელსაც ევროპული დონის საწარმოები აქვს. ამ საწარმოებში დილის 6 საათზე რომ დაიწყებენ ფრინველების დაკვლას, 10-12 საათზე უკვე დახლებზე გამოაქვთ. ასეთი პროდუქციის გამო ჯიხურებში სულ რიგებია. ამიტომ, ეცადეთ კარგად დაადგინოთ, ვინ არის მწარმოებელი და რა პროდუქტს ყიდულობთ. იმისათვის, რომ საქართველოში ფრინველის ხორცის წარმოება განვითარდეს, ამ დარგს სუბსიდირება და ხელშეწყობა სჭირდება. ერთი თხოვნა მაქვს და ეს მთელი მეფრინველეობის დარგის თხოვნაა: ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ დაბეგვრის გამო. ჩვენი ქვეყანა ერთადერთია რეგიონში, რომელიც მეფრინველეობას ისე ბეგრავს როგორც არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას - ვიხდით დღგ-ის, მოგების გადასახადს და ა.შ... ამ თხოვნით უკვე მივმართეთ ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას, მან ეს თემა სამთავრობო დონეზე წარადგინა და თუ მოხერხდება ისე, რომ დღგ-ს მოგვიხსნან, მდგომარეობა აშკარად გამოსწორდება. თუ ახლა ჩვენს დახლებზე ადგილობრივი წარმოების ხორცს 60-65% უკავია, დაახლოებით 1-1,5 წელიწადში მთლიანად ქართული წარმოების ხორცი იქნება და კითხვის ნიშნები ბალზამირების, თუ ხსნარების გამოყენების შესახებ აღარ იარსებებს. კანონში პირდაპირ წერია: სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი (გარდა ქათმისა და კვერცხისა) არ იბეგრებაო. თუ ეს ფრჩხილები მოიხსნება, სადღაც 100 პროცენტით დავიკავებთ ქართულ ბაზარს.
ხათუნა ჩიგოგიძე