რამდენად მოთხოვნადია ეროვნული სამოსი ქართულ ბაზარზე

ქართულ ტრადიციულ სამოსს ალბათ, ვერც ერთი სახელგანთქმული ბრენდი ვერ შეედრება, თუნდაც ყველზე არაორდინალური და მხატვრული ფანტაზიის მრავალფეროვნებით გამორჩეული.

როგორც  მაღაზია "სამოსელი პირველის" მენეჯერმა ეკა მამულაშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ქართული ეროვნული სამოსის მიმართ მოთხოვნა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. იგი საზოგადოების ყველა ფენისთვის პოპულარულია.

"ჩვენ ვართ დამოკიდებული საქორწინო სეზონზე. მაისის თვეში გაყიდვებმა ოდნავ იკლო, თუმცა საგრძნობლად არ დაუკლია. პროცენტული მაჩვნებლებით თუ ვიმსჯელებთ, ეროვნულ ტანსაცმელს ქართველების 70% ყიდულობს, 30%-ს უცხოელები ყიდულობენ. გარდა ქორწილებისა, ჩვენს მაღაზიას მიღებებისთვის, ღონისძიებებისთვისა და სადღესასწაულო დღეებში აკითხავენ", - განაცხადა ეკა მამულაშვილმა.

მაღაზიის წარმომადგენელთა თქმით, ქართული სამოსის ერთ-ერთი მკაფიო მახასიათებელია გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასტები, კაბის თავისუფალი ტოტები.

"ჩვენთან ყველაზე ძვირადღირებული ქალის საქორწინო სამოსია. ნაჭერი, აქსესუარები და მისი შეკერვის ტექნიკაც რთულია და მის მაღალ ფასს სწორედ ეს განაპირობებს. ქალის საქორწინო კაბის ფასი 2 500 ლარიდან იწყება და კაბის მაქსიმალური ფასი დამოკიდებულია მომხმარებლის გემოვნებაზე. მამაკაცის საქორწილო სამოსი ჩარჩოებში ჯდება, თუ რა თქმა უნდა, ანტიკვარულს არ შეარჩევს", - განაცხადა მაღაზიის მენეჯერმა.

ქართულ ტრადიციულ სამოსი არ არის რომელიმე კერძო დიზაინერის ფანტაზიის ნაყოფი, რომელსაც ელემენტები აქვს დამატებული. ეს არის ძველი ტრადიციების, სამუზეუმო ფოტომასალის მიხედვით შექმნილი სამოსი. სწორედ ეს გამოარჩევს ტრადიციულ სამოსს სხვა ტანსაცმლისგან.

როგორც მაღაზიაში "სამოსელი პირველი" გვითხრეს, კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ეროვნული სამოსის (როგორც ქალის, ისე მამაკაცის) აქსესუარების წარმოებას, როგორებიცაა: ჩოხის მასრები, ხანჯლები და სატევრები, ქალისა და მამაკაცის სარტყელები, ქისები, ჩექმა, ფეხსაცმელი და მრავალი სხვა. "ეს არის ერთადერთი კომპლექსური მაღაზია, სადაც ყველაფერს ვკერავთ. ბოლო პერიოდში ჩვენი მაღაზიის ბევრი პლაგიატი გამოჩნდა, სადაც ჩვენი სამოსის კოპირება ხდება", - აღნიშნავენ "სამოსელი პირველში".