რუსთავის ავტობაზრობის გაყიდვის სურვილს მეპატრონე აღნიშნულ ბიზნესში შექმნილ პრობლემებს არ უკავშირებს.
როგორც კომპანია „ავტოპაპას“ გენერალურმა დირექტორმა, ევგენი უსტინოვმა bpn -ს განუცხადა, ავტობაზრობის პროექტი მისი მფლობელის, უკრაინული „პრივატბანკისთვის“ არაპროფილური ბიზნესი იყო. კომპანია კი ამ ეტაპზე გეგმავს კონცენტრირებას მხოლოდ თავის ძირითად საქმიანობაზე როგორც უკრაინაში, ასევე უცხოეთში („პრივატბანკი ლატვიასა და კვიპროსზე ბანკებით არის წარმოდგენილი, ხოლო პორტუგალიაში, იტალიასა და გერმანიაში - ფილიალებით).
„როცა „პრივატბანკს საქართველოში თავისი ბანკი ჰქონდა, ჩვენ ვიყენებდით ორივე პროექტის სინერგიას. ამჯერად გადავწყვიტეთ, მოვიზიდოთ საქმიანი პარტნიორი. მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს, გამოცხადებულია აუქციონი, თუ შესაფერისი წინადადება იქნება წარმოდგენილი, განიხილება მთლიანი აქტივების გასხვისება“, - აცხადებს უსტინოვი.
მისი თქმით, მართალია, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით კომპანიის ბიზნესაქტივობა შემცირდა, თუმცა ვითარება გაუმჯობესდა 2015 წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის, ანუ თავად საქართველოს მოქალაქეების მიერ შესყიდვების ზრდის ხარჯზე.
ევგენი უსტინოვმა უარყო მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის მიერ გასულ წელს ავტომანქანების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველომ დაკარგა რეგიონული ჰაბის ფუნქცია. შეზღუდვები ითვალისწინებდა მხოლოდ „ევრო 4“-ის სტანდარტის მანქანების შეყვანას ქვეყნის შიგნით, რომელმაც ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან გაანახევრა და ბიზნესის კოლაფსი გამოიწვია.
„საქართველო კვლავ განაგრძობს კავკასიაში ავტოჰაბის ფუნქციის შესრულებას, პირველ რიგში, საზღვაო პორტების, ფოთისა და ბათუმის წყალობით. ამ მიმართულების გამო, ვფიქრობ, პერსპექტიული იქნება მომავალშიც, რადგან აზერბაიჯანსა და სომხეთს არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი და დაინტერესებულნი არიან გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია ტვირთების ტრანზიტისთვის“, - აღნიშნა „ავტოპაპას“ დირექტორმა.
უსტინოვმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავის ავტობაზრობის ყიდვით დაინტერესებულია აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარი“.
აუქციონზე გასაყიდად რუსთავის ავტობაზრობა 3 ივლისს გამოიტანეს. კომპანიის საწყისი ფასი 30 მილიონი დოლარია. AUTOPAPA საქართველოში წარმოდგენილია რამდენიმე კომპანიით, მათ შორისაა, შპს "მიკადო ჯორჯია", შპს "რუსთვის ავტობაზრობა" კომერციულ პროექტებთან ერთად, ავტობაზრობის ოპერაციული მართვა, შპს "რუსთავ ტერმინალ პლიუსი" და შპს რუსთავ კომფორტი სასტუმრო კომპლექსის ოპერაციული მართვა, კვების ობიექტებთან ერთად. ”კომპანია PricewaterhouseCoopers(PWC) მიერ მიმდინარე წლის ივნისში „AUTOPAPA“ ჯგუფის მეწარმეთა ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის ანალიზის თანახმად, ბიზნეს ჯგუფის საბაზრო ღირებულების დიაპაზონი განისაზღვრა 41,7-დან 54,1 მილიონ ლარამდე. PWC-ის ექსპერტთა აზრით, "AUTOPAPA" მეწარმეთა ჯგუფის მაქსიმალური სავარაუდო ღირებულება, შესაძლებელია შეადგენდეს 76,9 მილიონ ლარამდე”, - ნათქვამია eauction.ge-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.
ბელა ნოზაძე