”გამორიცხული არ არის, ამ ინიციატივის უკან მავანთა ბიზნესინტერესები იმალებოდეს”
ვინც თბილისურ საცობში ერთხელ მაინც მოხვედრილა, ბუნებრივია ფიქრობს, რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ მთავრობამ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას. ნარმანია მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ტრანსპორტისგან განტვირთვის მიზნით კონსულტაციების გამართვა აუცილებელია. ამავე დროს, ქალაქის მერი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შეზღუდვასაც არ გამორიცხავს. მერის აზრით, ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დონეზეა მისაღები, არსებობს ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც მარჯვენასაჭიანი მანქანების მოძრაობა აკრძალულია, რადგან ისინი მოძრაობას აფერხებენ.
ნარმანიას ინიციატივას ჩვენს საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, განსაკუთრებით მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელთა მხრიდან. თუმცა არსებობს ხალხი, ვინც მიიჩნევს, რომ ეს გონივრული მოსაზრებაა, საზოგადოების მეორე ნაწილის აზრით კი, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების აკრძალვა აბსურდული და გაუაზრებელი ნაბიჯი იქნება. ამ თვალსაზრისს ეთანხმება ”ეკოტრასპორტცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე.
- დედაქალაქის მერი ფიქრობს, რომ ამ საკითხის წამოწევა მოძრაობის განმუხტვის მიზნით ხდება, რაც საერთოდ აბსურდია იმიტომ, რომ მოძრაობის განმუხტვასთან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები კავშირში საერთოდ არ არის. უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რის გამოც თბილისში გადაადგილება ჭირს: გაუმართავი მანქანები, მძღოლების დაუდევრობა, მათ მიერ კანონის დარღვევა, გაუმართავი საგზაო ნიშნები, სერვისები და ა.შ... ყველაზე მთავარი კი, ავტომობილების ჭარბი რაოდენობა და გაუმართავი ინფრასტრუქტურაა. ამ სიტუაციაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ბრალეულობა 0,1 პროცენტიც კი არ არის. სწორედ გაუმართავი ავტომობილების უწესრიგო მოძრაობა ქმნის იმ ქაოსს, რაც დღეს თბილისში ჩვეულებრივი, ყოველდღიური მოვლენაა. ყურადღების გადატანა იმაზე, რომ ყველაფერში დამნაშავე მარჯვენა საჭეა, აბსურდია.
- თუ არსებობს მონაცემები, რამდენი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი დადის დღეს საქართველოში?
- დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში 200 ათასი მარჯვენასაჭიანი ავტომობილია, ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. უნდა ვაღიაროთ, რომ იაპონიიდან შემოტანილი ავტომობილები ღირსეულ კონკრენციას უწევენ ევროპიდან და ამერიკიდან შემოტანილ მანქანებს, რატომ? - იმიტომ, რომ იაპონური ავტომანქანები ძალზე ხშირად უფრო ახალი, ეკონომიური და უსაფრთხოა, ამავე დროს, შედარებით იაფიც. აქედან გამომდინარე, კომპანიები, რომლებსაც ავტომანქანები ევროპიდან და ამერიკიდან შემოაქვთ, იაპონურ მანქანებს კონკურენციას ვერ უწევენ. თუ ერთმანეთს შევადარებთ, ამერიკიდან და ევროპიდან შემოტანილი მანქანები ხშირად მოძველებული და გაუმართავია, თანაც, ნაკლებად ეკონომიურიც. ზოგჯერ მათი ძრავიც ამორტიზებულია და მთლიანად მანქანაც. ამის გამო ბოლო წლებში ბევრმა გადაწყვიტა მარჯვენასაჭიანი მანქანის შეძენა და ეს არც არის გასაკვირი.
- შექმნილ სიტუაციაში გაჩნდა მოსაზრება - მარჯვენასაჭიანი მანქანების შეზღუდვის მიღმა მავანთა ბიზნესინტერესები ხომ არ იმალება?
-შეიძლება ამ ყველაფრის მიღმა მართლაც იყოს კონკრეტული ჯგუფის ბიზნესინტერესები ან თუნდაც, კორუფციული ინტერესი. სამწუხაროდ, ჩვენ არა გვაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ვისი ბიზნესინტერესია ეს, მაგრამ ყველა ნიშანი არსებობს, რომ ვიღაცას შეიძლება ხელს აძლევდეს ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა. აშკარაა, რომ ამ პრობლემის ხელოვნურად წინ წამოწევა ხდება, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. შეიძლება ვიღაც მართლაც ცდილობს ხელი შეუშალოს იაპონური მანქანების შემოყვანას და რეალიზაციას საქართველოში.
- თუმცა, ყველა ხედავს, რომ დედაქალაქში გადაადგილება საკმაოდ გართულებულია და ამ საკითხის მოგვარება აუცილებელია.
- ჩვენი ხედვა ასეთია: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების არსებობა საერთოდ არ არის კავშირში გადატვირთულ მოძრაობასთან და საცობებთან. დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხებია გადასაწყვეტი - როდესაც ქვეყანაში ტექნიკური დათვალიერება არ არსებობს, საწვავის ხარისხი არ მოწმდება, შემოჰყავთ ავტომანქანები და კატალიზატორებს ჭრიან, სხვა თემებზე ყურადღების გადატანა არ შეიძლება. ევროპაში, ამერიკაში, ან იაპონიაში აზრადაც არ მოსდის ვინმეს, რომ ეკონომიის მიზნით მანქანიდან კატალიზატორი ამოიღოს, ჩვეთან კი ავტომობილების უმრავლესობა მის გარეშეა დარჩენილი და გარემოს წამლავს. ამ პრობლემებთან შედარებით მარჯვენა და მარცხენა საჭე მეასეხარიხსოვანია.
- თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა? - თანაც, ისე მოგვარდეს, რომ ავტომანქანების მფლობელთა ინტერესები არ შეილახოს?
- ყოველ შემთხვევაში, ამ სფეროს მოწესრიგება თბილისის მერის კომპეტენციაში არ შედის, დედაქალაქის მერი ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს. ასეთი გადაწყვეტილებები საჯარო დისკუსიის შედეგად უნდა მივიღოთ. ჯერ უნდა დაიწყოს სამუშაო პროცესი, უნდა განიხილონ, რა უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყონ ფიქრი მათი იმპორტის აკრძალვაზე. ამას სულ რაღაც ერთკვირიანი სამუშაო პროცესი სჭირდება. მართალია, მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც აქვს უარყოფითი მხარეები, მაგრამ არც ისეთი, რომ ქვეყანაში მათი არსებობა საერთოდ აიკრძალოს. ჯერ სხვა, უფრო ფუნდამენტური პრობლემები უნდა გადაწყდეს. ჩემი აზრით, ყველა პრობლემა მოგვარდება, თუ ტექდათვალიერებას შემოვიღებთ და გაუმართავ ინფრასტრუქტურასაც მივხედავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე