ყოველდღიურობა ჩაის გარეშე საქართველოში ბევრი ოჯახისთვის ალბათ, წარმოუდგენელია. ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე ბევრი იმპორტირებული ჩაიც გამოჩნდა, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მომხმარებელს შორის. თუმცა, საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ სვანიძის თქმით, ჩვენს მაღაზიებში გასაყიდად გამოტანილი ჩაის ხარისხი დღემდე უამრავ კითხვას აჩენს.
- თქვენ უკვე რამდენიმე წელია ამ პრობლემაზე საუბრობთ. რა გაძლევთ ამ ეჭვის საფუძველს?
- ჩემი აზრით, ამ სფეროში მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა, რადგან თუ ვინმემ საბაჟოზე არ მოითხოვა პროდუქტის შერჩევითი შემოწმება, ჩაის არავინ ამოწმებს. პროდუქცია შეიძლება ყველა ქვეყნიდან შემოდიოდეს, გააჩნია, ფირმის წარმომადგენლობა სად არის, თუმცა საქართველოში ჩაი ძირითადად აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან შემოაქვთ.
- რამდენად სანდოა იმპორტირებული ჩაის ხარისხი?
- ახლა რომ დავიწყო მტკიცება, საქართველოში უხარისხო და საღებავებით გაჟღენთილი ჩაი შემოდის-მეთქი, ამის დამამტკიცებელი საბუთი არა მაქვს, თუმცა მაქვს ეჭვი, რომელიც არაერთხელ გამომითქვამს. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ და ახლავე აგიხსნით, რატომ: 2011 წლის გაზაფხულზე ჩვენმა ასოციაციამ მხოლოდ ერთხელ (და ჯერჯერობით, უკანასკნელად) შეძლო იმპორტირებული ჩაის შემოწმება. ჩვენ რაღაც თანხა შევაგროვეთ და ჩავატარეთ ქართულ ბაზარზე შემოტანილი ჩაის შერჩევითი კვლევა. ამ საქმეში ჩავრთეთ ქართული მედიაც. ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ იმპორტირებული ჩაის რამდენიმე სახეობა, მათ შორის, "ლიპტონი", "გრინფილდი" და სხვები, ასევე ადგილობრივი, ქართული ჩაის სახეობებიც. სხვათა შორის, ამ ყველაფერს ტელევიზია იღებდა. 3-4 დღის შემდეგ ლაბორატორიაში მივედით, სადაც გვითხრეს, რომ თითქმის ყველა იმპორტირებულ ჩაიში იყო ხელოვნური საღებავები, განსაკუთრებით, ერთჯერადი ჩაის პაკეტებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაცხადებთ, რომ იმპორტირებული ჩაის დიდი ნაწილი არ არის ნატურალური. ისინი ხელოვნური საღებავებით არის გაჯერებული - მართალია, ჭიქაში ჩაშვების დროს პაკეტი წყალს ფერს უცვლის, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი ჩაის ფერი, ეს - საღებავის ფერია.
- რა ღონისძიებებს მიმართა თქვენმა ასოციაციამ, რომ შემოწმების პროცესში ოფიციალური სტრუქტურებიც ჩართულიყვნენ?
- 2011 წელს მიღებული მონაცემები გადავეცით იმდროინდელ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც დაგვპირდა, რომ შერჩევით შემოწმებას მაინც დაიწყებდა, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ! ვფიქრობ, რომ ეს თემა დღესაც აქტუალურია და ამ უწყებას უნდა მოეთხოვოს, რომ ჩაის ხარისხის შემოწმება დაიწყოს. მაშინ სააგენტოს თანხა არ ჰქონდა კვლევის ჩასატარებლად, ახლა კი, როგორც ვიცი, საამისო თანხა არსებობს და შეიძლება შერჩევითი კვლევები მაინც ჩატარდეს. ხომ უნდა ვიცოდეთ, რას ვსვამთ და რას მივირთმევთ? თუ პროდუქციაში კვებითი, ან სხვა ტიპის საღებავები აღმოჩნდება, უნდა მივუყენოთ კანონი ეტიკეტირების შესახებ და პროდუქცია უნდა აღირიცხოს როგორც ფალსიფიცირებული. ფალსიფიცირებული პროდუქცია რასაც ექვემდებარაება, თქვენ კარგად იცით - ან უნდა მოისპოს, ან უკან უნდა გაიგზავნოს. სამწუხაროდ, ეს არ კეთდება. მართალია, ჩვენს ქვეყანაში გამოვიდა კანონი ეტიკეტირების შესახებ, მაგრამ ის პრაქტიკულად არ სრულდება. ამ კანონის მიხედვით, თუ მწარმოებელმა ჩაის რაიმე დანამატი, არომატიზატორი, ან საღებავი შეურია, ყველაფერი ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. თუ ეს მოთხოვნა არ სრულდება, პროდუქტი ფალსიფიცირებულად ჩაითვლება. სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა დღემდე არ სრულდება და მდგომარეობა რამდენიმე წლის შემდეგაც არ შეცვლილა. ჩვენ ეს რეგულაციები უნდა გამოვიყენოთ - ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება ისეთი ჩაი შეიძინოს, როგორიც მას უნდა. არსებობს ფირმები, რომლებსაც შემოაქვთ ჩაი, ეს პროდუქცია არ არის ფალსიფიცირებული იმიტომ, რომ თუ მასში რაიმე ხელოვნურ დანამატი, ან არომატიზატორი შედის, ყველაფერი ეტიკეტზეა დაწერილი. მთავარია, იმპორტიორმა მომხმარებელს არ მოატყუოს - კი ბატონო, შემოიტანოს საღებავიანი ჩაი, ოღონდ დააწეროს, რომ ის საღებავიანია.
- ალბათ, დასაყენებელ ჩაიში საღებავების შერევა ნაკლებად შესაძლებელია...
- არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ განსაკუთრებით, ერთჯერად ჩაიშია საღებავები შერეული. როდესაც ჭიქაში ჩაის პაკეტს ჩაუშვებთ, წყალმა ფერი იმ წუთშივე არ უნდა შეიცვალოს, რადგან ნატურალური ჩაი ფერს მაქსიმუმ 2 წუთის ფარგლებში გამოსცემს, ამაზე უფრო ადრე - არა. სულაც არ არის გამორიცხული, რომ იგივე საღებავები დასაყენებელ ჩაიშიც იყოს, მაგრამ უფრო მეტ ეფექტს ერთჯერად პაკეტებში იძლევა.
- ხომ არ არის საშიშროება, რომ შემოწმების შემდეგ ჩვენს მაღაზიებში ჩაი აღარ დარჩეს?
- საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 800-1000 ტონა ჩაის მოიხმარს. ამ რაოდენობის შეფუთულ ჩაის ბაზარზე უცებ ვერ გამოვყრით, მაგრამ ეტაპობრივად შეგვიძლია ჩვენი მოსახლეობა ჩვენივე ჩაით დავაკმაყოფილოთ. ერთბაშად არა, მაგრამ ქართული ჩაის წილი შიდა ბაზარზე იზრდება: ჯერ იყო 5%, მერე 10% გახდა, ახლა უკვე 25%-ია.
- საღებავებსა და არომატიზატორებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ საქართველოში მოძველებული ჩაიც ხომ არ შემოაქვთ?
- სიძველე უკვე სხვა, არანაკლებ მტკივნეული საკითხია. ვეჭვობ, რომ ჩაის ყიდულობენ ე.წ. მესამე ქვეყნებში, სადაც ის არ გაიყიდა და კომპანიისათვის ტვირთად იქცა. უდევთ 2-3 წელი და მერე დაძველებულს ძალიან იაფად ყიდიან. ასეთი ჩაი ვიზუალურად ძალიან ლამაზია, მაგრამ ცარიელი - არც არომატი აქვს, არც გემო და არც - არაფერი. მერე მას ვიღაც ყიდულობს, აფასოებს, შემოაქვს ქართულ ბაზარზე და იაფად ასაღებს. ამიტომაც, ქართული ჩაი შემოტანილს კონკურენციას ვერ უწევს თუნდაც, სიიაფის გამო. მთავარია სურვილი, რომ შემოტანილი პროდუქცია საფუძვლიანად შემოწმდეს. იმპორტირებული ჩაი ისეთ ჩარჩოში უნდა მოექცეს, რასაც ის იმსახურებს. საბედნიეროდ, სოფლის მეურენობის სამინისტროში უკვე მუშაობენ ქართული ჩაის რეაბილიტაციის პროგრამაზე, რამაც იმედი ჩამისახა, რომ სახელმწიფო ქართული ჩაისკენ შემოტრიალდება. პირველი ნაბიჯი ამ გზაზე სამართლიანი კონკურენციის დამკვიდრება უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, ქართულ ჩაის ასეთ კონკურენციაში ჩართვის უფლება უნდა მიეცეს.
ხათუნა ჩიგოგიძე