"მხოლოდ აგვისტოს იმედად ვრჩებით" - აცხადებენ კერძო სასტუმროების მფლობელები
"წვიმებისა და უამინდობის გამო აჭარაში ტურისტების ნაკლებობაა, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ცუდი სეზონი 2008 წლის შემდეგ არ გვქონია", - აცხადებენ ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებსაც შიში აქვთ, რომ წლევანდელი ზაფხული მათთვის წამგებიანი იქნება. bpn.ge ამ სექტორის წარმომადგენლებს ესაუბრა:
თამაზ გოგიბერიძე - ქობულეთის საოჯახო სასტუმრო "ფიჭვნარის" მფლობელი: "მთელ აჭარაში წვიმს და გრილი ამინდია, თითქმის ყოველდღეა ჭექა-ქუხილი, რაც ძალიან გვაბრკოლებს. დამსვენებლებს მზე და გარუჯვა სურთ, თორემ წვიმა ვის უხარია? ამიტომ, ჩვენს ქალაქში დამსვენებლების ნაკლებობა იგრძნობა. სეზონის დაწყებამდე მოსახლეობამ გაარემონტა და გაალამაზა თავისი სასტუმროები, რაშიც სოლიდური თანხა დახარჯა. ვცდილობთ ტურისტებს ღირსეულად დავხვდეთ, მაგრამ მათი რიცხვი წელს აშკარად შემცირებულია: დამსვენებლები ინტერნეტით იგებენ, რომ აქ ცუდი ამინდებია და არ ჩამოდიან. ანალოგიური სიტუაციაა მთელ აჭარაში - ბათუმში, ურეკში, ჩაქვში და ყველგან. ერთი-ორი დღით ამინდის შეცვლა მდგომარეობას ვერ ცვლის".
თამაზ გოგიბერიძის შეფასებით, შარშანდელი სეზონი ქობულეთისთვის გაცილებით შემოსავლიანი იყო:
"შარშან ამინდმაც ხელი შეგვიწყო და სხვა ფაქტორებმაც, ამიტომ ამ დროს უკვე 15 ათასი ლარი მქონდა მიღებული, წელს კი - მხოლოდ ათასი ლარი მაქვს. იმდენად ცხელოდა, რომ ექიმები ხალხს მოუწოდებდნენ თბილისი დაეტოვებინათ. ამიტომ, ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოვიდა აჭარაში. ერთი-ორი ოჯახი წელს უკრაინიდანაც მყავდა, რუსეთიდანაც, მაგრამ ეს თითქმის არაფერს ნიშნავს. ამ რაოდენობით სეზონის ბედი ვერ გადაწყდება: ბაზარი უნდა შეივსოს და ფასებმა მოიმატოს, თორემ იმ ფასად, რა ფასებიც დღეს ქობულეთშია, ვერც ელექტროენერგიის ფულს გადავიხდით, ვერც გაზის და ვერც - მომსახურე პერსონალის ხელფასს გავისტუმრებთ. 10-15 ლარი ღირს ერთი ადგილი მაშინ, როცა შარშან 20 ლარი ღირდა და ტურისტებით გადავსებული იყო აქაურობა. არადა, დიდი ფული დავხარჯეთ რემონტზე და ოთახების კეთილმოწყობაზე."თამაზ გოგიბერიძის თქმით, განსაკუთრებით იმ 70 ოჯახს გაურთულდა მდგომარეობა, რომელსაც ბანკის ვალი აქვს.
სესხების რესტრუქტურიზაციაზე მათ ყველა ბანკმა უარი უთხრა. სეზონის ჩავარდნა ამ ადამიანებს კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება.ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძეც აცხადებს, რომ ტურისტების რაოდენობა ბათუმშიც შემცირებულია, მაგრამ ეს მხოლოდ ამინდის ბრალი არ არის:
"კერძო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, გასული თვე ანუ ივნისი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე ცუდი იყო. ჩემი აზრით, ეს იმის ბრალია, რომ ჩვენმა ქალაქმა წლევანდელ სეზონზე ვერანაირი სიახლე ვერ შესთავაზა ტურისტებს, ამავე დროს, ეკონომიკურმა მდგომარეობამაც ითამაშა გარკვეული როლი: ლარის კურსის დაცემის გამო ძალიან ბევრ ადამიანს აღარ აქვს იმის საშუალება, რომ აქ ჩამოვიდეს და დაისვენოს. ბუნებრივია, ჩვენთან ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან, მაგრამ ძირითადი მასა მაინც დედაქალაქიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოდის. ეს ყველაფერი, წვიმებთან ერთად, არასასურველ სიტუაციას ქმნის, თორემ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ დეკემბერში ჩვენი ქალაქის სასტუმროებში ადგილი არ იყო. ეს იმიტომ, რომ ბათუმი ჩამოსულ სტუმრებს საინტერესო ღონისძიებებს სთავაზობდა. თუ მხოლოდ ბუნების იმედზე ვიქნებით, ვერაფერს მოვიგებთ. ბათუმში სტუმარი ყოველთვის ჩამოვა, მაგრამ თუ რაღაც სიახლე არ შევთავაზეთ, ტურისტების რაოდენობა არ გაიზრდება, ეს კი, ძალიან ცუდია, რადგან მოსახლეობას უჭირს და ტურისტულ სეზონზე მიღებული შემოსავლის იმედზეა", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ bpn.ge -სთან საუბრისას.შემოსავლის შემცირებას უჩივიან ტურისტული სააგენტოებიც, მათ შორის, კომპანია "უოლქერის" ხელმძღვანელი - შალვა ციკოლია: "ივნისში სეზონი ლამის ჩავარდა, რამაც ტურიზმსაც სერიოზული დარტყმა მიაყენა და ტურისტული სააგენტოების შემოსავალზეც ძალიან იმოქმედა. ჩავარდნა შეინიშნება არა მხოლოდ შიდა ტურიზმში, - სხვა ქვეყნებიდან შემოსული სტუმრების რაოდენობამაც იკლო. ივნისში ხალხმა დაჯავაშნილი ნომრებიც კი გააუქმა და ეს გამოიწვია არა მარტო უამინდობამ, არამედ 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ. ეს ამბები ყველგან დაწვრილებით გაშუქდა და უცხოელი ტურისტების შემოსვლაზე ძალიან იმოქმედა. ამასთანავე, თბილისშიც შოკური მდგომარეობა იყო, ხალხი შეშინებული იყო და დასვენებაზე არც კი ფიქრობდა, ამიტომ შიდა ტურებიც ჩავარდა. რაც შეეხება საქართველოდან გასვლას, ამაზე დოლარის კურსის შეცვლამ იმოქმედა. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით დასვენებაც კარგია, მაგრამ აჭარაში ახლა ისეთი ამინდებია, ზღვაზე ვერავინ გადის. ამ სიტუაციამ თითქმის ყველა ტურისტულ კომპანიას დაარტყა, თუმცა ყველაზე მეტად - შედარებით მცირე კომპანიებს. იმედი გვაქვს, რომ აგვისტო უკეთესი იქნება, თუმცა შარშანდელ სეზონს მაინც ვერ დავეწევით: შარშან ამინდიც კარგი იყო, დოლარის კურსიც მისაღები და ამდენი ხელისშემშლელი ფაქტორიც არ გვქონდა."
"უამინდობამ შიდა ტურიზმზე აშკარად იმოქმედა, მაგრამ მდგომარეობა არც ისე საგანგაშოა" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწემ, სოფიკო გუჯაბიძემ: "დამსვენებელთა ძალიან დიდი მატება არ შეინიშნება, მაგრამ კლებაც არ არის. რა თქმა უნდა, წვიმაში ტურისტი გარეთ არ გამოდის, მაგრამ კვების ობიექტები სავსეა, საღამოობით ზოგან ადგილიც კი არ არის. ისე კი, უნდა ვაღიაროთ, რომ უამინდობამ შიდა ტურებზე აშკარად იმოქმედა იმიტომ, რომ ადამიანი ჯერ ამინდის პროგნოზს შეხედავს და მერე გადაწყვეტს - წავიდეს დასასვენებლად, თუ - არა. ამიტომ, წვიმა ჩვენს საქმიანობაზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს".
სოფიკო გუჯაბიძის თქმით, ბოლო ერთ წელიწადში აჭარაში ძალიან ბევრი დიდი სასტუმრო გაიხსნა, რომლებიც დამსვენებლებს დაახლოებით იმ ფასად ემსახურებიან, რა ფასადაც კერძო და საოჯახო ტიპის სასტუმროები. განთავსების ობიექტების რაოდენობა გაზრდილია, ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრი ოჯახი აქირავებს ფართს და ამ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია. არჩევანი დიდია, ამიტომ, შეიძლება მცირე სასტუმროებს იმდენი კლიენტი აღარ ჰყავდეთ, რამდენიც შარშან ჰყავდათ. "ჩვენ ხელთა გვაქვს იანვარ-ივნისის მონაცემები, რომლებიც რეგისტრირებულმა სასტუმროებმა მოგვაწოდეს. ამ მონაცემების მიხედვით წელს ვიზიტორების რაოდენობა 2%-ით არის მომატებული შარშანდელთან შედარებით, ასე რომ, მთლიანობაში საგანგაშო მდგომარეობა სულაც არ გვაქვს" - აცხადებს სოფიკო გუჯაბიძე.
ხათუნა ჩიგოგიძე