სად მიირთმევენ ყველაზე მეტ შოკოლადს?

შოკოლადი რომ ერთ-ერთი საუკეთესო ტკბილეულია, ამაზე ყველა თანხმდება. ამჯერად თქვენს ყურადღებას არა ყველაზე გაყიდვად ან ყველაზე ძვირად ღირებულ შოკოლადებზე შევაჩერებთ, არამედ წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ შოკოლადს მოიხმარენ.

ათეულის სათავეში შვეიცარიაა

- ქვეყანა, სადაც ასამდე სახეობის შოკოლადს აწარმოებენ. წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 9კგ შოკოლადს მოიხმარენ. მისი მეზობელი გერმანია რეიტინგში მეორეა -7.89კგ ერთ სულ მოსახლეზე. ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოკოლადის, „მარსის“ სამშობლო დიდი ბრიტანეთი და მისი მონათესავე ირლანდია ერთნაირად მოიხმარენ ამ ტკბილეულს - ორივე ქვეყნაში ერთ სულ მოსახლეზე წლიური მოხმარება 7.39კგ-ია. ხუთეულს ასრულებს ნორვეგია - 6,62კგ-ით. ათეულს ასრულებენ შვედეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები, აშშ და საფრანგეთი.

bpn

ამასთან, ალბათ დამთხვევაა, მაგრამ გამონათქვამი, რომ „შოკოლადი ბედნიერების მომნიჭებელია“ თითქმის პირდაპირ პროპორციულად აისახება ყველაზე მაღალი ბედნიერების ინდექსის მქონე ქვეყნების რეიტინგზეც. UNSDSN-ის მიერ გამოცემული „მსოფლიო ბედნიერების“ კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 154 ქვეყანას შორის ლიდერი შვეიცარიაა, საქართველო კი სამწუხაროდ 130-ე ადგილზეა. ეს კვლევა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს, სოციალური დამხარების, ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობის, ცხოვრების არჩევანის თავისუფლების, გულუხვობით და კორუფციის აღქმის კრიტერიუმებით ჩატარდა და მასში რა თქმა უნდა, არ იყო გათვალისწინებული შოკოლადის წლიური მოხმარების მაჩვენებელი. თუმცა, კითხვა მაინც ლეგიტიმურია - უდრის თუ არა შოკოლადი ბედნიერებას?

კოკა კვირკველია