საქართველოში, ვაშლის ბაღების უმრავლესობაში ვაშლის მოსავლიანობის მაჩვენებელი დაბალია. ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული.
ჩამონათვალი საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაშლის წარმოებაში დღეს მთავარ გამოწვევად ვაშლის თანამედროვე ჯიშები, წარმოებული პროდუქციის ხარისხი, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები, შეფუთვა, სასაწყობო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რჩება.
საქართველოში ვაშლის 100-მდე ჯიშია გავრცელებული, სამრეწველო დანიშნულებით კი მხოლოდ 20-მდე ჯიში გამოიყენება. შიდა ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ბაზარზე ვაშლის მიწოდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყება, პიკს კი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში აღწევს. საერთო წარმოების 50 – 60 % ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ნედლი სახით გამოიყენება. არასტანდარტული, დაბალი ხარისხის ვაშლი გადამამუშავებელ მრეწველობაში, ვაშლის კონცენტრატის მისაღებ ნედლეულს წარმოადგენს. საქართველოში ვაშლის ბაღების უმრავლესობა გასული საუკუნის 70- 80-იან წლებშია გაშენებული და დიდი ნაწილი ამორტიზებულია. აღნიშნულ ბაღებში ვაშლის მოსავლიანობის საშუალო მაჩვენებელი დაბალია.
საქართველოში 2010 წელს - 21 100 ტონა, 2011 წელს - 64 300 ტონა, 2012 წელს - 45 000 ტონა, ხოლო 2013 წელს 68 600 ტონა ვაშლის წარმოება მოხდა. რეგიონების მიხედვით კი ვაშლის წარმოების პროცენტული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: შიდა ქართლი - 64%, სამეგრელო - 9%, იმერეთი - 6%, ქვემო ქართლი - 4%, დანარჩენი რეგიონები - 17%.
2014 წლის მონაცემების მიხედვით, საექსპორტო ბაზრები რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი და აზერბაიჯანია, საიმპორტო ბაზრები კი - თურქეთი, ნიდერლანდები, ირანი, საბერძნეთი. საექსპორტო ბაზრებზე ექსპორტის ყველაზე დიდი წილი - 45% სომხეთზე, 29% - რუსეთზე, 17% - ყაზახეთზე, ხოლო 9% აზერბაიჯანზე მოდის. საიმპორტო ბაზრებს შორის იმპორტის 47%-ს თურქეთი იკავებს, 26%-ს - ნიდერლანდები, 8-8%-ს ირანი და საბერძნეთი, დანარჩენი ქვეყნებს კი იმპორტის მთლიან მოცულობაში 11% უჭირავს.
2014 წლის განმავლობაში, 1 კგ. ვაშლის საცალო ფასები ბაზარზე 1,5 ლარიდან 1,8 ლარამდე მერყეობდა. ყველაზე ხშირად 1.6 ლარი დაფიქსირდა. ამ ფასად ვაშლის შეძენა ბაზარზე თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისსა და ივლისში შეიძლებოდა. ყველაზე მაღალი საცალო ფასი 2014 წელს ოქტომბერსა და დეკემბერში - 1.8 ლარი დაფიქსირდა.
ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, ვაშლის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1ჰა ფართობზე (ბაღი) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 30 880 ლარია. უკუგების პერიოდი - მე-4 წელი. რენტაბელობის შიდა ნორმა ( 8 წელი) კი - 44%.
პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში ვაშლის გარდა თხილის, მოცვის, ბლის, მანდარინის, ატმის, ხურმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.