საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა პროექტების პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროში ერთი წლის წინ შეიქმნა. მისი ამოცანა ახალი ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიზნით სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტენსიური თანამშრომლობის ხელშეწყობაა. აღნიშნული ჯგუფი ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური საქმიანობის პროექტების იდენტიფიკაციას ახდენს და კონკრეტული ბიზნესგეგმების მომზადებაზე მუშაობს.
ერთწლიანი არსებობის განმავლობაში ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა სხვადასხვა დარგის 13 საწარმოს პროექტი შექმნა, რომლებიც რამდენიმე მიმართულებითაა მომზადებული. კერძოდ, ასანთის წარმოება, მწვანილის საექსპორტო კომპანია, თბილისის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, პანკისის დიაბაზის მოპოვების პროექტი, დაფნის ფოთლის გადამუშავება-დაფასოვება/დაფნის ფოთლის ეთერზეთის დამზადება, სამკერვალო საწარმო, ტექსტილის წარმოება, კერამიკული ფილების წარმოება, მუყაოს ყუთების წარმოება, ფოთის ქვის გადამამუშავებელი საწარმო, ფოლადის მილების წარმოება, რძის გადამამუშავებელი საწარმო და ეთერზეთების წარმოება.
როგორც ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში აცხადებენ, აღნიშნული პროექტების სრული საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 80 მილიონ დოლარს შეადგენს. ბიზნესიდეების საწარმოებად ქცევის შემთხვევაში უშუალოდ 1000-ზე მეტი, არაპირდაპირ კი დამატებით რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმებაა მოსალოდნელი. ინდუსტრიული განვითარების ჯგუფმა არსებული პროექტები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო.
ამ ეტაპზე მომზადებული პროექტების მოკლე მიმოხილვა ასეთია:
რძის გადამუშავების საწარმო - პროექტი გულისხმობს რძის გადამამუშავებელი და რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნას. მასში ადგილობრივი ფერმერები იქნებიან ჩართულები. საწარმოს ადგილმდებარეობისთვის შეირჩა ეკოლოგიურად სუფთა ალპური ზონა - ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერთა. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, სადაც მოხდება რძის ფხვნილის, კარაქისა და ყველის წარმოება. მის პოტენციურ პარტნიორებად ”მილკო”, ”სანტე” და ”სოფლის ნობათი” განიხილებიან. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 12 500 000 აშშ დოლარია.
პროექტის ხელშემწყობ ფაქტორებში მოიაზრება - რძის ფხვნილის წლიური იმპორტი - 30 მლნ დოლარი, ადგილობრივი ხარისხიანი ყველის დეფიციტი, რძის ჭარბი წარმოება სეზონზე, სათიბი და საძოვარი მიწის სიუხვე, მეწველი ძროხების რეკორდული რაოდენობა. სირთულეებში კი - რძის წარმოების სეზონურობა, რძის არასტაბილური ფასი, არასტაბილური ხარისხი და შემგროვებელი ცენტრების სიმცირე.
მუყაოს ყუთების წარმოება - 2014 წლის მონაცემებით, ქაღალდისა და გოფრირებული მუყაოს შეფუთვის ბაზარი 173.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. სავარაუდოდ, 2020 წლისთვის მუყაოს შეფუთვის ბაზარი 213 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
პროექტის მიზანია საქართველოში მაღალი ხარისხის მუყაოს შესაფუთი ყუთების წარმოება, რომელიც დროთა განმავლობაში წარმოებას გააფართოვებს. თავდაპირველად პროდუქტის გაცნობა მოხდება ადგილობრივ ბაზარზე, სადაც დღესდღეობით დიდი წილი იმპორტირებულ საქონელს უკავია. წარმოების გაფართოვებასთან ერთად, მოხდება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. ქართული პროდუქცია უცხოურ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობით ისარგებლებს, რაც დაბალი ფასით გამოიხატება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია.
ასანთის წარმოება - საწარმო სხვადასახვა მომწოდებლების მანქანა-დანადგარებით დაკომპლექტდება. ღერების დასამზადებლად საჭირო ნედლეული ადგილობრივად (სანედლეულო ბაზა - ფიჭვი - სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი) დამზადდება. ქიმიური მასალების მომწოდებლად კომპანია ”Arenco” განიხილება. წინასწარი გათვლებით, საწარმო 50 ადამიანს დაასაქმებს. დაგეგმილი წლიური სიმძლავრე - 70 მლნ კოლოფი. მისი სავარაუდო გასაყიდი ფასი 3-4 თეთრი იქნება, თვითღირებულება კი 1-2 თეთრი. საწარმო გათვლილია იმპორტის 45%-ის ჩანაცვლებაზე. წარმოების დაწყება შედარებით მცირე ინვესტიციას მოითხოვს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 500 000 აშშ დოლარია.
ეთერზეთების წარმოება - საქართველოში ეთერზეთების საკმაოდ დიდი რაოდენობით იმპორტი ხდება. ეთერზეთების მოხმარების მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა გერმანია, ბელგია, ირლანდია, ნიდრლანდები და დიდი ბრიტანეთი. პროექტის ფარგლებში იგეგმება საწარმოს გახსნა, რომელიც ეთერზეთის წარმოებაზე მოახდენს პოზიციონირებას. საწარმო ხარისხითა და ფასით საერთაშიროსო ფარმაცევტულ და პარფიუმერულ ინდუსტრიებს დააკმაყოფილებს. პირველი წლის განმავლობაში კომპანია, დაახლოებით, 250 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს და წლიდან წლამდე დაგეგმილია წარმოების ზრდა, რომელიც, წინასწარი გათვლებით, წარმოების მეხუთე წელს დაახლოებით, 700 ტონას მიაღწევს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 264 170 აშშ დოლარია.
სამკერვალო საწარმო - დღესდღეობით მსოფლიოში ტანსაცმლის ბაზრის მოცულობა 1.100 მილიარდი აშშ დოლარია. საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა შრომასა და ენერგეტიკაზე დაბალი დანახარჯების გამო, აქვს დაბალი გადასახადები, ხელსაყრელი ეკონომიკური გარემო და დსთ-სა და ევროპის ქვეყნებთან სავაჭროდ საექსპორტო პლატფორმას წარმოადგენს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივი საწარმოს საქმიანობა გულისხმობს პარტნიორი უცხოური კომპანიის ბრენდის ქვეშ, მისი დაკვეთით შიდა გადამუშავებისთვის საქართველოში იმპორტირებული ტექსტილის ნედლეულისგან მზა პროდუქციის შეკერვას, შეფუთვასა და შემკვეთისთვის მიწოდებას წინასწარ განსაზღვრულ ფასად და რაოდენობებად. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 000 000 აშშ დოლარია.
დაფნის გადამუშავება და ეთერზეთების წარმოება - საქართველო დაფნის გამომშრალი ფოთლების ექსპორტს წლების განმავლობაში ახორციელებს, თუმცა დაფნა ბრენდირებული არ არის და შესაბამისად, ხშირია ფაქტი, როდესაც პოლონური კომპანიები ქართულ დაფნას ყიდულობენ და მისი დაბრენდვის შემდეგ რეალიზაციას რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ახორციელებენ. ბრენდირებული და დაფასოებული დაფნის ფასი რამდენჯერმე აღემატება წონით საბითუმო ფასებში რეალიზებულ დაფნას. საქართველოში ეთერზეთების გამართული საწარმო აღარ ფუნქციონირებს. არსებობს რამდენიმე მცირე საწარმო, რომელიც, დაფნის ეთერზეთის მიღებას პრაქტიკულად, კუსტარულ პირობებში ახორციელებს, თუმცა მათი ხარისხი და ტექნოლოგიები საექსპორტო პროდუქტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამჟამად საქართველოდან მხოლოდ რუსეთში 3 000 ტონამდე დაფნა გადის. ექსპერტების შეფასებით, საქართველოს პოტენციალი დაფნის წარმოებასა და ექსპორტში წელიწადში 25 000 ტონას შეადგენს. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის არის თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ნიგერია, ფილიპინები, უზბეკეთი.
პროექტის ფარგლებში ბაღდათის რაიონში დაფნისა და დაფნის ეთერზეთების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა იგეგმება, რომელიც ადგილობრივი გლეხების მიერ მოყვანილ დაფნას გადაამუშავებს. წარმოებული პროდუქცია საექსპორტო ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 832 369 აშშ დოლარია.
სამშენებლო-მოსაპირკეთებელი ქვების საწარმოები - პროექტის მიზანია მარნეულსა და ფოთში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა. საწარმოებში სხვადასხვა ბუნებრივი ქვის ბლოკების (გრანიტი, მარმარილო, დიაბაზი და სხვა) გადაამუშავებენ და ქვის ფირფიტებს (ე.წ. სლები), სტანდარტული და არასტანდარტული ზომის მოსაპირკეთებელ ფილებისა და სხვა დამუშავებული დეტალების წარმოება მოხდება. ნედლეულად გამოყენებული იქნება როგორც იმპორტირებული, ასევე საქართველოში მოპოვებული ქვის ბლოკები. საწარმოების პროდუქცია ძირითადად, ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, თუმცა ადგილობრივ ბაზარზეც გაიყიდება. მარნეულში პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 000 000 აშშ დოლარია, ხოლო ფოთში - 5 000 000 აშშ დოლარი.
მწვანილის საექსპორტო კომპანია - პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია იმერეთის რეგიონში კერძო საექსპორტო კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც კოოპერატივისგან შეისყიდის სერტიფიცირებულ ნედლეულს (შესყიდვა 20 ტ. - თვიურად, სეზონი - 7 თვის განმავლობაში) და მოახდენს მის პირველად დამუშავებასა და დაფასოებას. პროექტის ფარგლებში მოხდება სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების განვითარება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 000 000 აშშ დოლარია.
ფოლადის მილების წარმოება - დღეისთვის საქართველოს ბაზარზე რეალიზებული პროფილური მილების უმეტესობა იმპორტირებულია, თუმცა ისინი ადგილზეც იწარმოება. პროექტის ფარგლებში რუსთავში პროფილური მილების საწარმოო ქარხნის დაფუძნება იგეგმება. წარმოებული პროდუქციის გაყიდვა მოხდება ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებზე. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 3 662 272 აშშ დოლარია.
კალციტის მოპოვება და გადამუშავება - პროექტის მიზანია ქუთაისში კალციტის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა, რომელიც მოპოვებულ ბუნებრივ კრისტალურ კალციტს გადაამუშავებს და აწარმოებს მიკრონებამდე დაფქვილი, დაქუცმაცებული სახით, რაც დაფქვის მიხედვით, სხვადასხვა ბაზარზე გავა. საწარმოს პროდუქცია ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე არსებული საკმაოდ დიდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოშიც გაიყიდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4 000 000 აშშ დოლარია.
ტექსტილის საქსოვი საწარმო - ადგილობრივი საწარმოს საქმიანობა იმპორტირებული ძაფით, თანამედროვე მანქანა-დანადგარებით ადგილობრივი სამკერვალოებისთვის მაღალი ხარისხის ტექსტილის მიწოდებას გულისხმობს. მაქსიმალურ დატვირთვაზე მოცემული პროექტი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 500 000 მეტრი ტექსტილის წარმოებაზეა გათვლილი, საიდანაც 240 000 საშარვლე და 260 000 საპერანგე ქსოვილია. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1 950 000 აშშ დოლარია.
მოსაპირკეთებელი კერამიკული ფილების წარმოება - პროექტის განხორციელება ლაბორატორიის შექმნითა და თიხის საბადოების დეტალური კვლევით იწყება. შემდეგი ეტაპია ნედლეულის მოწოდება. წარმოების დაწყების შემდეგ, პირველ ეტაპზე მოხდება კაფელის დამზადება, მეორე ეტაპზე - მეტლახის, მესამე ეტაპზე კი - კერამოგრანიტის. წლიური მაქსიმალური დატვირთვა გათვალისწინებულია 6 მლნ. კვ.მ. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი აშშ დოლარია.
ბიზნესსექტორის მხრიდან პროექტების განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო შემდეგ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს - კერძოდ, მიწის ნაკვეთის გადაცემა ნომინალურ ფასად, ”აწარმოე საქართველოს” ფარგლებში იაფი სესხი, წილობრივი ინვესტიცია საპარტნიორო ფონდის მიერ, საექსპორტო ფინანსირების დახმარება და ასევე საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის მხრიდან ტექნიკური დახმარება.
როგორც ინდუსტრიული განვითარების ჯგუფში აცხადებენ, თბილისის ქვის გადამამუშავებელი და სამკერვალო საწარმოების პროექტებით ინვესტორები უკვე დაინტერესდნენ.
ნათია რუხაძე