გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება იწყება, რომელსაც სავარაუდოდ, სანქციები და დაჯარიმებაც მოჰყვება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, "გაზიანმა ავტომობილებმა" ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაიარონ. ახალმა რეგულაციამ მძღოლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სანქციები განისაზღვრება კანონდამრღვევებისთვის. ავტოექსპერტები ამბობენ, რომ რეგულაციები იქნება მკაცრი და ათასობით მოქალაქისთვის შეიძლება, მძიმე ტვირთადაც იქცეს. ზუსტი სტატისტიკა, აირბალონით აღჭურვილი რამდენი ავტომობილი მოძრაობს საქართველოში, უცნობია. არაოფიციალური მონაცემებით, ბუნებრივ აირზე 100 000-დან 150 000-მდე მანქანაა "გადაყვანილი".
წინასწარი ინფორმაციით, ტექნიკური შემოწმება ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების შემთხვევაში, 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება - 5 წელწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. სიახლეა ის ფაქტიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. სატრანსპორტო სფეროს წამყვანი სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ დეტალებში გარკვევას - აირბალონიანი ავტომობილის შემოწმებით რა ვალდებულებას იღებენ მძღოლები და კანონმდებლობა რამდენად დაიცავს მათ ინტერესებს.
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ მთავრობის დადგენილება საქართველოს ათასობით მოქალაქეს ჯარიმებით ემუქრება, თანაც ისე, რომ ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოსალოდნელ რეგულაციაზე წარმოდგენაც არ აქვს. "საზოგადოებისთვის, მათ შორის, სატრანსპორტო დარგის სპეციალისტებისთვის მოულოდნელად ახალი დოკუმენტი გაჩნდა, რომელიც მრავალმხრივ არის საეჭვო და დასაფიქრებელი. ეს არის აირბალონიანი ავტომობილების შემოწმება (და არა ტექდათვალიერება). ახალი ცვლილებით, უნდა დაიწყოს მათი დოკუმენტების შემოწმება, ვინც სატრანსპორტო საშუალებებში აირბალონი დაამონტაჟა. ეს მაშინ, როცა ჯერ მონაცემებიც არ არსებობს, თუ რამდენი მანქანაა ბუნებრივ აირზე გადაყვანილი. ხალხი საქმის კურსში არ ჩააყენეს და მოულოდნელად ახალი ჯარიმებით ემუქრებიან. ერთი შეხედვით, კეთილშობილური განზრახვა ამოძრავებთ, მაგრამ მეორე მხრივ, რაღაც გაურკვევლობაა. ცხადია, შემოწმება უნდა მოახდინოს აკრედიტაციის შესაბამისმა ორგანომ, მაგრამ კონკრეტულად ვინ, უცნობია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ათასობით მოქალაქის საზიანოდ, ფულის კეთების საამქრო აამუშავეს", - აცხადებს ოგბაიძე.
მისი თქმით, ჩუმად და მოუმზადებლად მიღებული გადაწყვეტილება შედეგს ვერ მოიტანს და ავტომობილების მფლობელების დიდ ნაწილს დააზარალებს. შალვა ოგბაიძის განცხადებით, არ არსებობს სპეციალური ლაბორატორიებით აღჭურვილი, აკრედიტებული ინსპექტირებით დაკომპლექტებული ცენტრები, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტმობილების ტექნიკური შემოწმება. "ელემენტარულად, არ ყოფილა განხილვა, არავინ გვაჩვენა აკრედიტირებული ორგანოები. გაუგებარია, რატომ იწყებენ მძღოლებით და არა - მენეჯმენტში არსებული ხარვეზების გამოსწორებით? ვისაც პრობლემა ეხება, იმ ადამიანებამდე ვერ მიიტანეს ინფორმაცია. შეიძლება, ეგონოთ, რომ ყველაფერი წესრიგში აქვთ და მოულოდნელად ახალი სანქციის მსხვერპლნი გახდნენ. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ საკითხის გასაჯაროება და მედიასაშუალებების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირება", - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
მოსალონელ საკანონმდებლო ცვლილებას ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილიც გამოეხმაურა.
როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, მთავრობამ დადგენილება მიიღო ისე, რომ არანაირი განმარტება არ გაკეთებულა. "კონტროლი სწორია, მაგრამ ამ პროცესის განხორციელებას ზედამხედველობა სჭირდება. ჯერჯერობით პირობები ბუნდოვანია. სპეციალისტების აზრი არავის მოუსმენია, არც საქმის კურსში ჩაგვაყენეს. შეიძლება ითქვას, ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. ელემენტარულად, ინსპექტირების ორგანოს მუშაობის პრინციპიც გაურკვეველია. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ლიცენზიის მქონე ყველა დაწესებულება, რომელიც აირბალონის მონტაჟს ახორციელებს", - აცხადებს მესხიშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს კონტროლის აუცილებლობაზეც, რადგან აირბალონებით აღჭურვილი ავტომობილების მხრიდან საფრთხე რეალურად არსებობს."საფრთხე ავტომანქანების აფეთქების ფაქტებითაც დასტურდება. მძღოლმა არც კი იცის, რა ტიპის აირბალონი აქვს - ნახშირბადიანი ფოლადისგან თუ ლითონპლასტიკისგან დამზადებული. ზოგისთვის, ვინც ასეთი მანქანა იყიდა, გაუგებარია აირბალონის მოხმარების ხანგრძლივობაც. როგორც კი კონტროლი დაიწყება, იმავე დღესვე უნდა აკრძალონ ყვითელი მიკროავტობუსების ქალაქში გადაადგილება, რადგან მათი აირბალონები კუსტარულადაა გაკეთებული და დიდ საფრთხეს შეიცავს. კონტროლის შემთხვევაში, მძღოლები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა, თუმცა ამ ფორმით ამ პროცესის დაწყება დაუშვებელია," - აცხადებს დავით მესხიშვილი.
მანქანებში აირბალონების მონტაჟს საწვავის ხარჯის ეკონომიის მიზნით მიმართავენ. ეს ტენდენცია ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა სპეციალისტების გვერდის ავლით პრობლემის მოგვარება სერიოზულ კითხვებს აჩენს, რის გამოც მთავრობის ახალი დადგენილება კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ეს თემა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგნად იქცა, განსაკუთრებით "ფეისბუქის" იმ მომხმარებლისთვის, რომელთაც ავტომობილები გაზზე ჰყავთ. გაჩნდა ისეთი მოსაზრებაც, რომ კონტროლს გააძლიერებენ და ამით მომხმარებელი დაზარალდება, რადგან დამატებითი ხარჯის გაწევა დასჭირდება. "ვინც საპირისპიროს ამბობს და ამტკიცებს, რომ კონტროლი გასაძლიერებელია, უმეტესობას, ალბათ, ავტომობილი არც ჰყავს. არავინ იცის რა ბედნიერებაა მძღოლისთვის ეკონომიის გაწევა. განსაკუთრებით, როცა მანქანა დღეში 15 ლიტრ ბენზინს ხარჯავს", - წერს სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.
"პირადად მე გაზი იმიტომ დავამონტაჟე, რომ ბენზინის ჩასხმის საშუალება არ მაქვს. თუ სახელმწიფო კონტროლს დააწესებს, დავზარლადები, რადგან ეს პროცესი უფასო არ იქნება. რა აზრი აქვს, თუ დამონტაჟების ფასად საბუთების წესრიგში მოყვანას მომთხოვენ. გამოდის, რომ ეკონომია სულ ტყუილად გავწიე", - ფიქრობენ მძღოლები.
ზოგიერთს საფთრხე გაცნობიერებული აქვს და გაზს შეგნებულად არ ამონტაჟებს. "არც მინდა მისკენ გახედვა, რადგან საშიშია და სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ. ახლობლებსაც ამისკენ მოვუწოდებ, რადგან ავტომანქანაში გაზი იგივე ბომბია და არ იცი, როდის შეიძლება აფეთქდეს. ვინც ეკონომიის გაწევაზე ფიქრობს, იყიდონ ისეთი ავტომანქანა, რომელიც ცოტას წვავს და საკუთარი სიცოცხლის უსაფრთხოებაზე დაფიქრდნენ", - სოციალურ ქსელში ასეთ მოსაზრებასაც არაერთი ავტომფლობელი გამოთქვამს.
მარი ჩიტაია
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"