McDonald's -ის საიდუმლოებანი

McDonald's-ი ფენომენია -  სწრაფი კვების ობიექტების ქსელი, მსოფლიოში ყველა ფასთ-ფუდის "ბებიად" მონათლული, რომელსაც უამრავი ადამიანი აძაგებს არაჯანსაღი საკვების გამო. ამის მიუხედავად McDonald's-ი მომხმარებელთა რაოდენობას არ უჩივის, პირიქით - წლიდან წლამდე მათი რაოდენობა იზრდება. მსოფლიოში თითქმის ყოველდღე იხსნება რესტორნის ახალი ფილიალი. McDonald's-ის ასეთ პოპულარობას მკაცრი სტანდარტები და მრავალფეროვანი მარკეტინგული საიდუმლო განაპირობებს, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იდენტურია. რეი კროკს, ადამიანს რომელმაც McDonald's-ი ისეთი შექმნა, როგორიც დღეს არის, უყვარდა გამეორება: კვების მრეწველობაში კი არა, შოუბიზნესში ვმუშაობო და მართალიც იყო...

პირველი საიდუმლო რესტორნის განლაგებაა.

როგორც კომპანიის კვლევებმა აჩვენა, ადამიანების 70% სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას, ესტუმროს "მაკდონალდსს". ამიტომ, რესტორნებს სწორედ ისეთ ადგილებში აშენებენ, სადაც წახემსების გადაწყვეტილების მიღების ალბათობა მაღალია - ხალხმრავალ ადგილებში, დიდი ქუჩების გზაჯვარედინებზე, ცენტრიდან გარეუბნებში მიმავალ გზასა და სასწავლო დაწესებულებებთან.

ანტიქასთინგი

bpn

მიგიქცევიათ ოდესმე ყურადღება, რომ მაკდონალდსში ძნელად შეგხვდებათ სიმპათიური თანამშრომელი? ყველა გოგონა უშნო უნიფორმაშია შემოსილი. ეს კომპანიის პრინციპული პოლიტიკაა. მეტიც, გოგონებს ეკრძალებათ მკვეთრი მაკიაჟი, სუნამო, გრძელი ფრჩხილები და ბიჟუტერია. გასული საუკუნის 70-იან წლებამდე მაკდონალდსში მხოლოდ მამაკაცები მუშაობდნენ, მაგრამ ფემინისტებმა მოიპოვეს თანაბარი უფლებებით მუშაობის უფლება. ამგვარად, ფასთ-ფუდის ხელმძღვანელები დაავალდებულეს მიეღოთ ქალები სამსახურში. მოთხოვნა ხელმძღვანელობას დიდად არ მოეწონა, რადგანაც თავდაყირა აყენებდა მათი კონვეიერული სტანდარტების დაფუძნების მცდელობას - ბიჭები ყურადღებას გადაიტანდნენ თანამშრომელ გოგონებზე და შრომისუნარიანობა დაქვეითდებოდა. გამოსავალი მაინც გამონახეს - არ მიეღოთ ლამაზი გოგონები სამსახურში, ჩააცვან უფორმო, მამაკაცური სამოსი. კაბის ჩაცმის უფლება მხოლოდ უფროს მენეჯერს აქვს. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა კლიენტები ქალ თანამშრომლებს მიეჩვივნენ, ხელმძღვანელობამ შენიშნა, რომ რესტორნებს ოჯახები ხშირად სტუმრობდნენ, ქალები კი კმაყოფილი იყვნენ, რომ მათი მეუღლეები სიმპათიურ ოფიციანტს არ აკვირდებოდნენ, როგორც ეს სხვა რესტორნებში ხდება.

შეიყვარე მისი შვილი და ქალი შეგიყვარებს შენ

"მაკდონალდსმა"  დიდი ხანია გაითავისა, რომ მასთან მშობლებს კი არ მოჰყავთ შვილები, არამედ პირიქით. ძნელია, ბავშვს უთხრა რამეზე უარი, მით უფრო ჩვენს დროში, როცა მშობლებს შვილებისთვის ბევრი დრო არ რჩებათ და ამის კომპენსირებას შვილებისთვის სიამოვნების მინიჭებით ცდილობენ. "მაკდონალდში" ბავშვების მიზიდვის სისტემა დეტალურად არის გათვლილი: საბავშვო გასართობი მოედნები, დაბადების დღის აღნიშვნის სერვისი მისაღებ ფასად, მცირე ბონუსების დარიგება, ყურადღების გამოჩენა პერსონალის მხრიდან და ა.შ. ამ ყველაფრის აპოთეოზი კი, ლამაზ ყუთში შეფუთული ცნობილი "ჰეფი მილია", რომელსაც ბურგერისა და კარტოფილის გარდა, სათამაშოც მოყვება. სათამაშოებს სერიულად უშვებენ და თუ ბავშვს ერთი სათამაშო მოეწონა, მშობელს 8-ჯერ მაინც მოუწევს "მაკდონალდში" მისი წაყვანა, რათა სრული სერია შეაგროვოს. მხიარული კლოუნი, რონალდ მაკდონალდსი, რომელიც რესტორნის შესასვლელში გვხვდება, პოპულარობით მხოლოდ სანტა კლაუსს თუ ჩამორჩება. ბავშვების საყვარელ გამოგონილ პერსონაჟს ხშირად იღებენ რეკლამაში, სტუმრობს ავადმყოფ ბავშვებს კლინიკაში. 2003 წლის აგვისტოში, რონალდ მაკდონალდი კორპორაციაში ოფიციალურად აღიარეს სიხარულის ხელმძღვანელად (Chief Happiness Officer).bpn

კომპანიის სტანდარტებში გაწერილია, რომ თუ კლიენტმა კარტოფილის, ნაყინის ან ნაგეთსის შეკვეთისას არ დაასახელა ულუფის ზომა, მას ავტომატურად ყველაზე დიდს გამოუწერენ. ეს პირველ რიგში დროის ეკონომიაა - შეკვეთის მიღება 60 წამში უნდა მოასწრო, მეორეს მხრივ კი, "მაკდონალდსი" ამ გზით დიდ ფულს შოულობს. კლიენტს შეკვეთის გარდა დამატებით კიდევ რაიმეს სთავაზობენ, ამას კორპორატიულ ენაზე "რჩევა"  ეწოდება. როგორც ცნობილია, გამაგრილებელი სასმელები მადას აღძრავს, ამიტომაც, კოკა-კოლა და წვენები ყინულით ხელსაყრელ ფასად იყიდება, ხოლო ჩაი და ყავა საკმაოდ ძვირი ღირს.

დიდხანს არ შევყოვნდეთ

თუ კლიენტები რესტორანში დიდხანს შეყოვნდებიან, ახალი მომხმარებლებისთვის ადგილი აღარ იქნება, შესაბამისად სალაროშიც ნაკლები ფული შევა. ამიტომ, "მაკდონალდსი" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ მალევე დანაყრდეთ და წახვიდეთ. აშშ-ის ზოგიერთ ხალხმრავალ ფილიალში შესაძლებელია გამოგიცხადონ, რომ თქვენ გაქვთ ნახევარი საათი, რის შემდეგაც დაცვის თანამშრომელი გთხოვთ, დატოვოთ რესტორანი. მოუხერხებელ სკამებსაც ამისთვის იყენებენ. თუმცა, პროექტ "მაკკაფეს" განვითარებასთან, სავარძლების პრობლემა რესტორნის ერთ ნაწილში მაინც არის გადაჭრილი. ენერგიულ მუსიკას იმისთვის კი არ რთავენ, რომ თქვენ გასიამოვნონ და ხასიათი გაგიუმჯობესონ, ადამიანს ახასიათებს რითმის ქვეშ მოქცევა, ამ შემთხვევაში ის თავის ბურგერს უფრო სწრაფად ჭამს, ვიდრე ამას სხვა ლაუნჯში, ნელი მუსიკის თანხლებით. მაგიდებს შორის ვიწრო გასასვლელებიც ფართობის ეკონომიის გარდა სხვა მიზნებისთვისაცაა გათვლილი: ადამიანმა დისკომფორტი რომ იგრძნოს ახლოს მყოფი უცხო ადამიანებისგან.

არომამარკეტინგი და გემოს საიდუმლო

bpn

ბურგერებისა და კარტოფილის გემოზე პასუხისმგებელი, რომლის მადისაღმძვრელი სურნელიც კილომეტრის რადიუსში იგრძნობა, ნატურალურის იდენტური ხელოვნური არომატიზატორები და გემოს გამაძლიერებლებია. საქმე ის გახლავთ, რომ "მაკდონალდსის"  გაყიდვების წერტილებში უკვე მზა და დაჭრილი პროდუქცია შემოაქვთ (მჟავე კიტრიც კი), კარტოფილი და კოტლეტები კი - გაყინული. პროდუქტების დამუშავებისას (კონსერვაცია და გაყინვა) ბუნებრივი გემო ქრება, ამიტომაც ხმარობენ საკვებ დანამატებს. მადისაღმძვრელი სურნელი კი კომპანია International Flavours and Fragrance-ის არომატიზატორების დამსახურებაა.

ფუნთუშებსა და კარტოფილშიც "მაკდონალდსი" შაქარს ურევს, გემოსა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად. ბევრს მიაჩნია, რომ სენდვიჩების შემადგენლობაში რაღაც ქიმიური ინგრედიენტი შედის, რომელიც მიჩვევას იწვევს. რომ სწორედ ეს ნახევრად ნარკოტიკული დამოკიდებულება არის სურვილის მიზეზი, ისევ და ისევ ეწვიო "მაკდონალდს". შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს, მხოლოდ ერთეულებმა, კორპორატიული საიდუმლოს - კერძების რეცეპტურის მფლობელებმა იციან.

მიჩვევა

ადამიანებს უყვართ სტაბილურობა, ამიტომაც მათ იციან, რა დროსაც არ უნდა ეწვიონ "მაკდონალდს", საყვარელ "ბიგ მაკს" იგივე გემო ექნება. გემო კი, დაარსების დღიდან (1967 წ.) არ შეცვლილა. ამასთან, რესტორანი კლიენტებს დროდადრო სიახლეებსაც სთავაზობს.

"მაკდონალდსის ბიბლია"

ჯერ კიდევ 1958 წელს "მაკდონალდში" პირველი ინსტრუქცია გამოიცა, რომელშიც რესტორნის თანამშრომლის ქცევები დაწვრილებით იყო გაწერილი: კოტლეტების შეწვის ტემპერატურიდან დაწყებული, კლიენტებთან ურთიერთობებით დასრულებული. იმ დროს "მაკდონალდსის ბიბლია" 75 გვერდისგან შედგებოდა. ახლა კი - 750 გვერდიანია. წიგნში პერსონალისა და მომხმარებლის თითოეული ნაბიჯი გათვლილია. კხსხ და კკკ - ორი პრინციპი, რომელსაც ახალი თანამშრომლები ზეპირად სწავლობენ და ლოცვასავით ერთხმად იმეორებენ. აბრევიატურები ასე იშიფრება: კხსხ - კულტურა, ხარისხი, სისუფთავე, ხელმისაწვდომობა, ხოლო კკკ - კონტაქტი, კოოპერაცია, კოორდინაცია. ამ პრინციპების დაცვის წყალობით მაკდონალდსი მომხმარებლისთვის მიმზიდველი რჩება წლების განმავლობაში. კლიენტებს უღიმიან, არ ეუხეშებიან, ეუბნებიან სტანდარტულ, თუმცა სასიამოვნო სიტყვებს. უამრავი ადამიანი მოლარეს სპეციალურად ზუსტ თანხას აწვდის, რათა პასუხად მიიღოს - "გმადლობთ, რომ ხურდის გარეშეა". ეს უბრალო ფორმულირება უკვე გადაიღეს სხვა ფასთ-ფუდებმა და მაღაზიათა ქსელებმა. ყველა შემთხვევაში, უნდა ვაღიაროთ, რომ, როგორც არ უნდა ვაძაგოთ აშშ-ს კონვეიერული საკვები, მაინც პოპულარულია და მის მოხმარებას ალბათ არც არასდროს შეწყვეტენ.

დუდანა ზაქარაია