სამეგრელოში 1 კგ თხილის ფასი 7 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ფასის ზრდა მეტწილად ხარისხზეა დამოკიდებული.
ზუგდიდელი ნუგზარ მებონიას თქმით, ბოლო დღეებში საშუალო ხარისხის თხილი 6,70 ლარად ჩაიბარა.
"ამ დროისთვის კარგი ხარისხის თხილს ქარხნები 7 ლარად იბარებენ, მაგრამ ვინაიდან წელს განსაკუთრებით უხარისხო თხილია, თხილის მწარმოებლები ქარხნებში ჩაბარებას მაინც თავს არიდებენ და ცდილობენ, ერთიანად ჩააბარონ თუნდაც, შედარებით დაბალ ფასში. ასე თავადაც ნაკლებად წაგებული რჩებიან", - აცხადებს ნუგზარ მებონია.
ადგილობრივების თქმით, წლევანდელისგან განსხვავებით, შარშან ამ დროს თხილის ფასი 9 ლარამდე მერყეობდა, უფრო მოგვიანებით კი, 11 ლარს გადააჭარბა. წელს თხილის მწარმოებლები 1 კგ თხილის მაქსიმალურ ფასად 8 ლარს პროგნოზირებენ.
ნოდარ ჯაბუა, თხილის მწარმოებელი: "ხალხი ჯერ კიდევ ინახავს თხილს იმის იმედით, რომ ფასი ოდნავ მაინც აიწევა. თუმცა, თხილის წლევანდელ ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ამის შანსი ძალიან მცირეა. მით უფრო, რომ უცხოელი პარტნიორები მუდმივად გვეუბნებიან, რომ თხილის არასწორად ვაშრობთ, რაც მის გულსა და ნაჭუჭსაც უკარგავს ხარისხს, ანუ შავდება და ობდება თხილის გულიც და ნაჭუჭიც. გვაქვს ინფორმაცია, რომ რაიონულ ცენტრებში უკვე დაგეგმილია საშრობი ცენტრების მოწყობა. არ ვიცი, რა ფართობზე იქნება ეს დანადგარი გაკეთებული, მაგრამ დასაწყისისთვის მაინც იმედის მომცემია".
ლალი პაპასკირი