„ბებო“ - ასე ჰქვია 20 წლის ზუკა ალავიძის კრეატიულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავტორი მომხმარებელს ქართული ტრადიციებით, ნატურალური შალისგან დამზადებულ, ხელით ნაქსოვ ოთახის ფაჩუჩებს სთავაზობს.
„ბებო“ პროექტის ავტორისთვის, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში ფინანსებს სწავლობს, სტარტაპია. ფინანსური რესურსების მოზიდვა კი Kickstarter-ის საშუალებით ხდება. Kickstarter ეს არის პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს დამწყებ ანტრეპრენუარებს ვიდეო პრეზენტაციის სახით წარადგინონ პროექტი. პროექტის ავტორი ირჩევს სასურველ თანხას, რისი შეგროვებაც სურს. ხალხის ინტერესი თუ დაიმსახურა პროექტმა, რიცხავენ მათთვის სასურველ თანხას. პროექტის სრულად დაფინანსების შემდეგ ისინი სამაგიეროდ იღებენ პროდუქტს. 20 წლის ზუკა ალავიძის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მიმდინარე წლის 1 ნოემბრისთვის სულ მცირე 5 ათასი ფუნტი (დაახლოებით 18 ათასი ლარი) მაინც უნდა შეგროვდეს.
- როგორ გაჩნდა „ბებოს“ იდეა და რა იყო კამპანიის თავდაპირველი მიზანი?
- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ჩითები, ბებო მიქსოვდა. ცოტა მოზრდილ ასაკში, ქვეყნის დატოვებისას, სულ თან მიმქონდა რამდენიმე წყვილი საჩუქრად უცხოელი მეგობრებისთვის. ჩითმა დიდი სიმპათიები დაიმსახურა უცხოელი მეგობრების წრეში, რის გამოც მინდოდა უფრო და უფრო ბევრი ხალხისთვის გამეზიარებინა ის კომფორტი და ტრადიცია, რასაც ჩითი ატარებს. დაახლოებით 2 წლის წინ, ინგლისური საიტიდან შევიძინე ქუდი. ვებგვერდი იყო ძალიან ინტერაქტიული, გაძლევდა საშუალებას, თვითონ აგერჩია მასალა, ფერი, ზომა და ა.შ. ვიფიქრე, რომ ზუსტად ასეთივე ინტერაქტიული საიტით შეიძლება ჩითის მიწოდება მთელი მსოფლიოსთვის. მაშინ, უნივერსიტეტში დატვირთული გრაფიკის და საქართველოსგან შორს ყოფნის გამო, სამწუხაროდ ვერ მოვკიდე ხელი ამ საქმეს სერიოზულად.
წელს, მეგობრებთან ერთად, ისევ წამოვჭერი ეს იდეა და ყველამ ერთად ავიტაცეთ. უცხოურ ბაზარზე გასვლა საჭიროებს ბრენდინგს. მრავალდღიანი ბრეინსტორმინგის შემდეგ, გავჩერდით საყვარელ ცხვარზე (ლოგო) და ბებოზე - ორ რამეზე, რაც აუცილებელია ჩითის შესაქმნელად.
- რა არის პროექტის მიზანი?
მიზანი არის მარტივი - რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს საქართველოს და მისი ტრადიციების შესახებ. ზუსტად ამიტომ, მომხმარებელს საიტზე დიზაინის და ფერების არჩევისას ექნება მხოლოდ ტრადიციული ორნამენტების და ფერების არჩევანი. ეს ზღუდავს მომხმარებლის არჩევანს, მაგრამ ინარჩუნებს იმ ტრადიციას და ღირებულებებს, რასაც თუშური ჩითი ატარებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
- საჭირო თანხის მოგროვების შემდეგ რას პირებთ?
- თუ წარმატებით შეგროვდება საჭირო თანხა პირველ ნოემბრამდე, ჩვენ დავიწყებთ “ბებოების” (ჩითების) პროდუქციის წარმოებას მათთვის, ვინც Kickstarter-ზე დაგვიჭირა მხარი. ამასთან ერთად, უკვე ვმუშაობთ საიტის შექმნაზეც, სადაც ხალხს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შეეძლებათ შეიძინონ “ბებბო” მათთვის სასურველი დიზაინითა და ფერებით.
-როგორ შეაფასებდით იმ გამოხმაურებას, რაც თქვენს კამპანიას მოჰყვა?
- სიმართლე რომ გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდით ასეთ გამოხმაურებას ხალხისგან და მედიისგან. ეს ძალიან სასიხარულოა. გვიხარია, რომ უკვე გვიფასდება ის შრომა, რაც ჩავდეთ ამ პროექტში მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ დაფინანსებული. დიდი მადლობა მედიასა და ქართველ ხალხს, ვინც გვერდში დაგვიდგა. იმედია, მივაღწევთ სასურველ თანხას Kickstarter-ზე, რომ გავაცნოთ “ბებო” მთელს მსოფლიოს.
ლიკა ჭიღლაძე