"თუ გსურთ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელი გახდეთ, გახდებით კიდეც..."
მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. პირველ ადგილზე ამ მხრივ ჩინეთია, სადაც 2 940 უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო აქვთ, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, სადაც 800-მდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ხოლო მესამეზე - მექსიკა - 670 სასტუმროთი. როგორც ჩანს, თანამედროვე სასტუმროების შესაფასებლად 5 ვარსკვლავი საკმარისი სულაც არ არის და ამის მაგალითად დუბაიში მდებარე სასტუმრო "ბურჯ-ალ-არაბი” კმარა, რომელსაც 7 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. უმაღლესი კატეგორიის სასტუმროების სიმცირეს არც ჩვენ ვუჩივით, მათი რიცხვი საკმარისია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
რეალურად, რამდენი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა დღეს საქართველოში? - როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა გვითხრა, ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
- შეიძლება ითქვას, რომ ეს ვირტუალური რეალობაა, რადგან საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის - 4 ან 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ქართველებმა ააშენეს, არის "ჯორჯიან პალასი" ქობულეთში. ვამაყობ, რომ მეც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი მის მშენებლობაში. ამ სასტუმროს 5-ვარსკვლავიანის სტატუსი საერთაშორისო კომპანიებმა მიანიჭეს, კერძოდ, იტალიელები ჩამოვიდნენ და უმაღლესი სტანდარტების მიხედვით შეაფასეს. საქართველოში მოქმედებს სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებიც, რომლებიც ძირითადად უცხოელების აშენებულია, მაგალითად, "რედისონი" ან ბათუმის "ჰილტონი". ეს წოდება სხვებსაც აქვთ, მაგრამ სასტუმროების უმრავლესობას 5-ვარსკვლავიანი პირობითად აქვს მინიჭებული: დავუშვათ, მე მინდა მქონდეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ჩამოვკიდებ შესაბამის აბრას და ვერავინ შემედავება, რომ ის 5-ვარსკვლავიანი არ არის, რადგან ქვეყანაში საამისო სტანდარტი არ არსებობს.
- დავუშვათ, თურქებმა ააშენეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოს რომელიმე ქალაქში, მაშინ?
- ეს იქნება თურქული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ანუ მათი სტანდარტებით აგებული. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრიტანეთში სულ სხვაა და თურქეთში - სხვა. ეს იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტი აქვს დაწესებული. არსებობს ასეთი ორგანიზაცია "ჰოტრეკი", რომელშიც 14 ქვეყანაა გაერთიანებული. ამ ქვეყნებში აგებულ სასტუმროებს შესაბამის კატეგორიას სწორედ ეს ორგანიზაცია ანიჭებს. "ჰოტრეკის" წევრი არ არის იტალია და საფრანგეთი, რომლებსაც თავისი სტანდარტები აქვთ. ყველა ქვეყანას აქვს ასეთი სტანდარტები და ამის მიხედვით ანიჭებს შესაბამის სტატუსს მის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებს. ამიტომ, ჩვენ შეიძლება გვესტუმროს ინგლისის მოქალაქე და თქვას, რომ სასტუმრო, სადაც ის დაბინავდა, რეალურად 5-ვარსკვლავიანი არ არის, მაგრამ შეიძლება ჩამოვიდეს თურქი და თქვას, რომ ის 6-ვარსკვლავიანია.
- და მაინც, რამდენი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა საქართველოში?
- ამის თქმა შეუძლებელია, რადგან ვისაც უნდა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელი გახდეს, კიდეც ხდება. არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს, ამიტომაც არ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რამდენია 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რამდენი 3 ან 4-ვარსკვლავიანი. ვიდრე ეს სტანდარტები არ დადგინდება, ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. წესით, ეს ყველაფერი უნდა მოაწესრიგოს სტანდარტიზაციის კომიტეტმა, რომელმაც ყველა სასტუმროს სტანდარტი და მუშაობის სპეციფიკა უნდა შეიმუშაოს. ჩვენ კი, კანონში იმის განმარტებაც არა გვაქვს, თუ რა არის ოტელი, საოჯახო სახლი, ჰოსტელი და ა.შ... ამიტომ, შეიძლება სასტუმროს 5-ვარსკვლავიანი ერქვას, მაგრამ სინამდვილეში ორი ან სამვარსკვლავიანი იყოს.
- უცხოეთში ამ მხრივ მკაცრი სტანდარტები აქვთ?
- საკმაოდ, მაგრამ არის გამონაკლისებიც. მაგალითად, საფრანგეთში ძალიან ბევრი სასტუმროა, რომელიც ისე პატარაა, რომ შეიძლება გაგიკვირდეთ, როგორ შეიძლება ეს სასტუმრო 5-ვარსკვლავიანი იყოს. ასეთი სასტუმრო შეიძლება ვერ მივაკუთვნოთ მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების რიცხვს, მაგრამ მაინც 5-ვარსკვლავიანია, რადგან გამორჩეულ ადგილზე მდებარეობს და კარგად არის მოწყობილი. შეიძლება ერთი ოთახი იყოს, მაგრამ უნიკალურ ადგილას იყოს აშენებული. ბევრი ტურისტი შეიძლება ასეთ სასტუმროში იმიტომ დაბინავდეს, რომ იქ რომელიღაც დიდი მწერალი, ან მხატვარი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არ იყოს ფართო შენობა ულამაზესი ხედებით, მაინც 5-ვარსკვლავიანი იყოს.
- ესე იგი, სასტუმროს სტატუსის განსაზღვრისას ადგილმდებარეობა ყველაზე მთავარია?
- ადგილმდებარეობა არის პირველი და უმთავრესი ღირსება, მეორე - მომსახურების დონე და მესამე - შენობა-ნაგებობა.
- ცნობილია, რომ დუბაიში არის 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბურჯ-ალ-არაბი”. რატომ მიანიჭეს მას ეს კატეგორია?
- ის დუბაისთვის არის 7-ვარსკვლავიანი. მიუხედავად იმისა, რომ "ბურჯ-ალ-არაბი" საუკეთესო სასტუმროა, ინგლისელისთვის ან გერმანელისთვის ის შეიძლება 4-ვარსკვლავიანი იყოს. ევროპაში ამ სფეროში სულ სხვა სტანდარტებია, აზიაში - სხვა და ამერიკაში - სულ სხვა. შეიძლება მე ხაშურში, ან თელავში ავაშენო ევროპული სტანდარტების მქონე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, მაგრამ ვენეციაში ან რომის ძველ უბანში მდებარე პატარა სასტუმრო ტურისტებისთვის გაცილებით საინტერესო იყოს.
- არის მოსაზრება, რომ საქართველოში ძირითადად 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები უნდა აშენდეს, რადგან ამით საშუალო შეძლების მქონე ტურისტებს მოვიზიდავთ. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?
- ჩემი აზრით, 3-ვარსკვლავიანიც საჭიროა და 5-ვარსკვლავიანიც. ხუთვარსკვლავიან სასტუმროს თავისი დადებითი მხარეები აქვს: მას 5-ვარსკვლავიანი კლიენტურა ჩამოჰყავს, რომელიც ქვეყანას ათვალიერებს და ფულსაც ხარჯავს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ვიდრე ქვეყანას არა აქვს სტანდარტები, რომლითაც სასტუმროების მომსახურების დონე განისაზღვრება, ამ თემაზე მსჯელობა ძალიან რთულია.
ხათუნა ჩიგოგიძე