საქართველო ბალნეოლოგიური, მთის და ზღვის კურორტებით მდიდარი ქვეყანაა. საქართველოში ნუსხით დამტკიცებული 103 კურორტი და 182 საკურორტო ადგილია.
მიუხედავად იმისა, რომ მათ განვითარების დიდი პერსპექტივა აქვთ, ზოგიერთი მათგანი უყურადღებოდ არის მიტოვებული და როგორც კურორტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. მიტოვებული კურორტების თემასთნ დაკავშირებით bpn კურორტოლოგსა და ტურიზმის ექსპერტს გიგი ყუფარაძეს ესაუბრა.
გიგი ყუფარაძის შეფასებით, ერთ-ერთი კურორტი, რომელსაც უყურადღებობა ეტყობა აბასთუმანია.
”აბასთუმანი სამკურნალო წყლებით არის ცნობილი. ადრე იყო სასტუმროები ”მესხეთი”, ”აღობილი”, ”არაზინდო”, სადაც ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდნენ. თითო სასტუმრო 200-300 კაცზე იყო გათვლილი, თუმცა დღეს ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ამის გამო დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის“, - ამბობს გიგი ყუფარაძე.
მისივე თქმით, მიტოვებულ კურორტად ითვლება თუშეთის გზაზე თორღვას აბანო, სადაც ინფრასტრუქტურა მოშლილი და განადგურებულია. ასევე მიტოვებულია ჩარგალთან ახლოს მდებარე კურორტი ვაჟას წყარო. მუანში, რომელიც ლენტეხის რაიონში მდებარეობს.
„მუანში იმდენად არის განადგურებული, რომ კოტეჯებს ფანჯრებიც კი აღარ აქვს. უწერაში ინფრასტრუქტურის პრობლემას 2 წლის წინ წყალდიდობაც დაემატა და დღეს უწერაში სხვა პრობლემებთან ერთად წყლის პრობლემაც გაჩნდა. ხარაგაულის რაიონში მიტოვებულია კურორტი ზვარე, სამეგრელოში სქური, თელავის რაიონში კი თორღვას აბანო”, - აღნიშნავს გიგი ყუფარაძე.
ტუროპერატორების ინფორმაციით, კურორტ მენჯში ინფრასტრუქტურა განადგურებულია. უგზოობის პრობლემაა კურორტ შოვშიც.
”მენჯში ყველაფერი განადგურებული და გაპარტახებულია. წლების წინ ებრაელებს ჰქონდათ რეკონსტრუქციის გეგმა, მენჯის შეძენას აპირებდნენ, თუმცა ვერ მოხერხდა. მენჯი რომ დაიშალა, სახელმწიფო სანატორიუმი ადგილობრივებმა გადაინაწილეს. ზოგმა სათბური გააკეთა ცხელ წყლებზე და დღეს, როგორც კურორტი მენჯი აღარ არსებობს. შოვში ვერ ვიტყვით, რომ ინფრასტრუქტურის პრობლემაა, რადგან გაკეთდა მშვენიერი სასტუმრო ”სანსეტ შოვი”, მაგრამ შოვის მთავარი პრობლემა კვლავ უგზოობაა“, - აცხადებენ ტუროპერატორები.
გიგი ყუფარაძის ვარაუდით, სამკურნალო კურორტებზე ალბათ, არ არის დიდი მოთხოვნა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენი მიტოვებული კურორტი არ გვექნებოდა.
”ტურისტებს ალბათ ყოფნით არსებული კურორტები და ამიტომ გვაქვს ამდენი მიტოვებული კურორტი. აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ: სამკურნალო ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ძალიან ძვირადღირებული დარგია. ასევე ძვირია ეს დარგი უცხოეთში, ანუ დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და დიდხანს უნდა ელოდო თანხის ამოღებას, ამიტომ იწყება ისეთი კურორტებიდან, საიდანაც თანხის დაბრუნება ადვილი შესაძლებელია. სამწუხაროა, რომ ეს წყალი იღვრება და არ ხდება მისი გამოყენება, მაგრამ ეს არის საბაზრო ეკონომიკა, ალბათ დადგება დრო, როცა ბორჯომსა და ბაკურიანში მიწა ძალიან ძვირი ეღირება და ინვესტორი იძულებული გახდება, ცემსა და ლიკანში ან სხვა მიტოვებულ კურორტებში ჩადოს სოლიდური თანხები. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ გაიზარდოს ტურისტების რაოდენობა. ამ ყველაფერზე კი მთავრობასთნ ერთდ კერძო სექტორმაც უნდა იზრუნოს. ამიტომ უნდა გაიზარდოს მოთხოვნა და მიწოდება თავისთავად გაიზრდება. ყველაზე მიტოვებულად ითვლებოდა წყალტუბო, სადაც 30 000-მდე ლტოლვილი ცხოვრობდა, არცერთ სასტუმროს ფანჯარა არ ჰქონდა. ახლა არის 2-3 ნორმალური დონის სასტუმრო, მათ სერიოზული დატვირთვა აქვთ ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასე ნელა-ნელა სხვა კურორეტებიც უნდა განვითარდეს”, - განაცხადა გიგი ყუფარაძემ.
ტურიზმის ექსპერტმა ჩვენთან საუბარში ასევე ყურადღება გაამახვილა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზეც, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან მეტი ყურადღების მიქცევა სჭირდება.
”თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი იშვიათი შემთხვევაა მსოფლიოში, ერთია ბუდაპეშტში და მეორე - თბილისში. რამდენადაც ვიცი, პრივატიზებული არ არის და მერიის ბალანსზეა. ამიტომ სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება. თბილისში ჩამოსული ყველა ტურისტი უნდა ხვდებოდეს მანდ. ბუდაპეშტში მილიონი კაცი ჩადის და ჩვენთან საერთოდ არ ხდება რეკლამირება“, - განაცხადა გიგი ყუფარაძემ.
თიკო გურაშვილი