"სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ვეღარ გაერთიანდებიან. კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ მათი შერწყმის საკითხი დროებით შეაჩერა. "კავკასუს ონლაინისა" და "მაგთიკომის" შესაძლო გაერთიანებაზე კი მარეგულირებელი კომისია 5 ნოემბერს იმსჯელებს, აღნიშნულ საკითხზე ზეპირი მოსმენა სწორედ ამ დღეს გაიმართება.
როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებლის მამია სანადირაძის ადვოკატი ციცინო დევრისაშვილი და იმედი აქვს, რომ "მაგთიკომის" შემთხვევაშიც კომისია ანალოგიურ პოზიციას დააფიქსირებს.
კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი, "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო. მაშინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობდნენ, რომ სამივე კომპანია - "მაგთიკომიც", "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინიც" წარმოადგენენ მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე კომპანიებს და ამიტომაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.მარეგულირებელი კომისიის 11 აგვისტოს სხდომაზე ვადად განისაზღვრა სამი თვე და სხდომა 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა.
გამართულ სხდომაზე კი გაირკვა, რომ "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შერწყმის საკითხი ამ ეტაპზე ჩაიშალა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანიების ერთობლივი განცხადება წილების შერწყმის თაობაზე განუხილველად დატოვა. მიზეზი კი, როგორც მარეგულირებელ კომისიაში განაცხადეს, ისაა, რომ "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" შესაბამისი დოკუმენტაცია შესაბამის ვადაში არ წარადგინეს, რისთვისაც მათ თითქმის 3 თვე ჰქონდათ. სხდომაზე "სილქნეტმა" და "კავკასუსმა" დოკუმენტაციის წარდგენისთვის დამატებით 2 კვირა მოითხოვეს, თუმცა კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მათ უარი უთხრა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ვადაში თავად კომისია ვერ ეტეოდა.გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომისიას კომპანიების შერწყმის შემთხვევაში ინტერნეტქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტზე და ინტერნეტის ქსელებით მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ალბათობა უნდა შეესწავლა.
ამის საფუძველზე კი, შემდეგ წინასწარი თანხმობის მიცემის ან არმიცემის თაობაზე იმსჯელებდა. კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არც ერთმა კომპანიამ არ წარმოადგინა, რის გამოც, კომისიამ მათი განცხადება განუხილველად დატოვა და შეწყვიტა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. მართალია, როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ამ ეტაპზე აღნიშნული კომპანიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება დასრულებულია, თუმცა თუკი კომპანიებს ისევ ექნებათ შერწყმის სურვილი, მათ კომისიისთვის ხელახლა მიმართვა მოუწევთ.კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ასევე წარადგინეს "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელის მამია სანადირაძის განცხადება, რომლის საშუალებითაც იგი მოუწოდებს კომისიას, არ მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის საკითხზე, ვიდრე "კავკასუსის" წილების დავა სასამართლოს გზით არ გადაწყდება. მამია სანადირაძე აცხადებს, რომ კომპანია მას იძულების წესით დაათმობინეს, რის გამოც საჩივარი პროკურატურაში აქვს შეტანილი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წილებზე სასამართლო დავა მიმდინარეობს, სანამ წილები დაყადაღებული არ არის, შერწყმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია. გაითვალისწინებს თუ არა კომისია სანადირაძის განცხადებას, უცნობია.
კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, თუ რამდენად იქონიებს გავლენას სანადირაძის სასამართლო დავა კომისიის მიერ საკითხის განხილვაზე. "გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია. რაზეა საუბარი ლონდონის სასამართლოს შემთხვევაში, ასევე პროკურატურაში აღძრული საქმის თაობაზე. გამოვითხოვთ ამ ინფორმაციას და შევაფასებთ, რამდენად შეიძლება იქონიოს ბატონი მამიას მიერ მოხსენიებულმა ფაქტებმა გავლენა საქმის განხილვაზე", - აცხადებს "კომერსანტთან" საუბრისას ვახტანგ აბაშიძე.
რაც შეეხება "მაგთიკომისა" და "კავკასუს ონლაინის" საქმის წარმოებას, როგორც "რეზონანსს" კომისიიდან აცნობეს, იგი ისევ გრძელდება. ამ საკითხზე ზეპირი მოსმენა 5 ნოემბერს გაიმართება. "სილქნეტისა" და "კავკასუს ონლაინის" შესაძლო შერწყმასთან დაკავშირებით მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს მამია სანადირაძის ადვოკატი ციცინო დევრისაშვილი. "მამიას არაერთხელ უთქვამს, რომ აპირებს იბრძოლოს წართმეული ქონების დაბრუნებისთვის. ახლაც ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. ვერც ერთი შემძენი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ გახდება კეთილსინდისიერი, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს დავა მიმდინარეობს. ჩვენ წერილით მივმართეთ მარეგულირებელ კომისიას და მათაც "სილქნეტთან" მიმართებაში ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. იმედი გვაქვს, ანალოგიურ პოზიციას მარეგულირებელი "მაგთიკომის" შემთხვევაშიც დააფიქსირებს", - განუცხადა "რეზონანსს" დევრისაშვილმა.
კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "კავკასუს ონლაინში" კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს. როგორც "რეზონანსს" კომპანიაში აცნობეს, ისინი განცხადებას ცოტა მოგვიანებით გაავრცელებენ.
ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი "რეზონანსი"