როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან
"შანელის", "გუჩის" ან სხვა ძვირად ღირებული ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე, გაყალბებული პროდუქცია თავისუფლად იყიდება ქართულ ბაზარზე. ცნობილი და კარგი რეპუტაციის მქონე ბრენდების ფალსიფიკაციის საკითხი, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა. კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებში სანქციებითა თუ სარეკლამო ღონისძიებებით ცდილობენ თავისი ინტელექტუალური საკუთრების დაცვას, თუმცა მიუხედავად ძალისხმევისა, ფაქტია, რომ კონტრაფაქციული საქონლის გასაღებით დღეისთვის უამრავი მწარმოებელია დაკავებული.
რა ვითარებაა ამ კუთხით საქართველოში? როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ფალსიფიცირებული საქონელი ნამდვილისგან და რამდენად დაცულია საქართველოს ბაზარზე სხადასხვა ცნობილი მწარმოებლის ინტელექტუალური საკუთრება, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე bpn საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სოფიო მუჯირს ესაუბრა.
სოფიო მუჯირი: "იმის ალბათობა, რომ ქართულ ბაზარზე კონტრაფაქციული საქონელი არსებობს, დიდია. თუმცა ეს შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. ყველა პროდუქტს აქვს თავისი დამცავი მექნიზმები, რომლითაც შეიძლება მისი კონტრაფაქციული საქონლისაგან გარჩევა. ამავდროულად, კონტრაფაქციული საქონლის ფასი ხშირად იმდენად განსხვავებულია ბრენდისაგან, რომ მომხმარებელს ადვილად შეუძლია ამოიცნოს თუ რასთან აქვს საქმე. მაგალითად, "შანელის" ჩანთას 30 და 40 ლარად რომ ვერაფრით იყიდი, ეს ხომ ფაქტია?! მომხმარებელი თავადაც მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და გამოიჩინოს გულისხმიერება, რათა იყოს დაცული ყალბი საქონლის შეძენისაგან. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ფასი ნამდვილი და კონტრაფაქციული საქონლისა ერთმანეთის ანალოგიურია, მაგალითად, თმის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა და სხვა. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შენახვის ვადასა და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ფალსიფიკაციისგან 100%-იან დაცვას სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, რადგან კონტრაფაქტორები ყოველთვის ცდილობენ აწარმოონ ფალსიფიცირებული საქონელი და ისარგებლონ სხვა კომპანიების კარგი რეპუტაციით. მაგრამ თუ ასეთი შემთხვევები აღინიშნა და გაცხადდა მომხმარებლის ან ნიშნის მფლობელის მიერ, სახელმწიფოს რა თქმა უნდა, აქვს აღმოფხვრის ბერკეტები.
- როცა საქართველოში უცხოური, საკმაოდ ძვირად ღირებული ბრენდი შემოდის, ხშირად დგება ეჭვქვეშ მისი წარმომავლობა. რატომ ხდება ასე?
- ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობით, არსებობს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დაცული იყოს ნებისმიერი ბრენდის მფლობელის უფლებები და ჩვენს ბაზარზე არ მოხდეს კონტრაფაქციული საქონლის დაშვება. როდესაც ჩვენ ვარეგისტრირებთ სასაქონლო ნიშანს, ის უკვე არის კერძო საკუთრება და თავად ნიშნის მფლობელმა უნდა იზრუნოს მის დაცვაზე, არ დაუშვას მისი ფალსიფიცირებული ვერსიის ბაზარზე შესვლა და გაყიდვა. ნიშნის მფლობელს შეუძლია, რომ ნიშანი დაარეგისტრიროს საბაჟოზე და ამით თავისი ინტელექტუალური საკუთრების ერთგვარი კონტროლი განახორციელოს და თუ აღმოჩნდება, რომ ყალბი საქონელი იყიდება მისი ნიშნის ქვეშ, აუცილებლად უნდა აცნობოს შესაბამის ორგანოებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდის ფალსიფიკაციის პრობლემა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშია. საფრანგეთის, იტალიისა თუ ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზარზეც ნახავთ არალეგალურ პროდუქციას, რადგან დღეისათვის ძალიან ბევრი მწარმოებელი ცდილობს, რომ ისარგებლოს სხვისი მყარი რეპუტაციით, გამოუშვას და გაყიდოს კონტრაფაქციული საქონელი, მაგრამ თუ ნიშნის მფლობელი დაინტერესდება, რომ მისი ბრენდი არ გაყალბდეს, მას ამის მიღწევა საქართველოშიც შეუძლია. ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით კანონმდებლობა სრულფასოვანია.
- ფალსიფიკაციის აღმოჩენისას ვის უნდა მიმართოს ბრენდის მფლობელმა და რიგ შემთხვევებში, რატომ არ სურთ მათ, რომ საქართველოში თავისი სამარკო ნიშნის კონტროლი განახორციელონ?
- იმის გამო, რომ საქართველოში წარმოება ძალიან მცირეა, ნიშნების უმეტესობა, რომელიც ჩვენს ბაზარზეა, რეგისტრირებულია უცხოური მწარმოებლის მიერ. სწორედ იმიტომ, რომ ბაზარი მცირეა, უცხოური ბრენდები ნაკლებად ინტერესდებიან მისი კვლევით და არ აქვთ სურვილი, რომ მაგალითად, სასამართლო პროცედურებით დაიცვან თავისი ინტელექტუალური საკუთრება. ამ ყველაფრის გამო ხდება ის, რომ "შანელის", "გუჩის" ან სხვა ძვირად ღირებული ბრენდის სასაქონლო ნიშნის მქონე, გაყალბებული პროდუქცია თავისუფლად იყიდება ქართულ ბაზარზე. თუმცა, ბოლო დროს, სხვადასხვა ბრენდის მიერ თავისი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით გააქტიურება თვალშისაცემია და გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც. როცა საბაჟოზე ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩნდება კონტრაფაქციული საქონელი, ეს ფაქტი ეცნობება ნიშნის მფლობელს, რომელიც თავადაა უფლებამოსილი გადაამოწმოს პროდუქციის ნამდვილობა. კონტრაფაქციულობის დადასტურების შემდეგ კი ხდება საქონლის განადგურება. სერიოზული შედეგები აქვთ იმ ბრენდებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართულ ბაზარზე იყიდებოდეს მხოლოდ მათი ორიგინალი პროდუქცია. თუ სამარკო ნიშნის მფლობელს არ აქვს სურვილი, სახელმწიფო ამაში ვერ ჩაერევა და ვერანაირ ღონისძიებას ვერ გაატარებს.
- როგორია სანქციები, რომლიც ფალსიფიკატორის წინააღმდეგ შეიძლება გატარდეს?
- არსებობს სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობა, რომელიც შესაძლოა დადგეს კონტრაფაქციული საქონლის აღმოჩენის შემთხვევაში. ჩვენი კანონმდებლობა, ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს, როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დარღვევის ფორმის და სიმძიმის გათვალისწინებით. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში ხდება კონტრაფაქციული საქონლის განადგურება ან თუ შესაძლებელია, ნიშნის საქონლისგან განცალკევება.
- რამდენად მოდის შესაბამისობაში ქართული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან?
- ზოგადად, ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და არსებობს ყველა მექანიზმი იმისა, რომ ბაზარზე კონტრაფაქციული საქონელი არ იყიდებოდეს, დანარჩენი უკვე მომხმარებელსა და ნიშნის მფლობელზეა დამოკიდებული. უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ რაც ეფექტურად ამოქმედდა საქართველოში უფლებების აღსრულების მექანიზმები და კომპანიების წარმომადგენლებმა ნახეს, რომ საქართველოში შესაძლებელია მათი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ, დაიწყეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება და კარგ შედეგსაც მიაღწიეს. ზოგისთვის ეს საკითხი საინტერესოა, ზოგისთვის არა. მაგალითად, Levis დაინტერესდა, რომ საქართველოს ბაზარზე მისი ნიშნის ქვეშ კონტრაფაქციული საქონელი არ გაყიდულიყო. მათ დღეისთვის უკვე კარგი შედეგები აქვთ. ამ ბრენდის ნიშნის ქვეშ დიდი რაოდენობით გაყალბებული საქონელი საბაჟოზე ამოიღეს და გაანადგურეს.
- ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორ ფასდება საქართველოს ბაზარი დაცულობის თვალსაზრისით?
- რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუნდაც მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით, რათა მათ არ შემოიტანონ და არ გაყიდონ საქართველოში კონტრაფაქციული საქონელი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი პროდუქცია ხშირ შემთხვევაში მავნებელია მათი ჯანმრთელობისათვის, მითუმეტეს, როცა საკვებ პროდუქტთან ან სპირტიან სასმელთან გვაქვს საქმე. ხშირად ადამიანმა იცის, რომ არ ყიდულობს ორიგინალ საქონელს, მაგრამ დაბალი ფასიდან გამომდინარე, მაინც მას ანიჭებს უპირატესობას. მომხმარებელიც და დისტრიბუტორიც მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს.პროგრესი ბოლო წლებში შესამჩნევია, ეს ჩვენმა უცხოელმა ექსპერტებმაც შეაფასეს და ვფიქრობთ რომ თანდათან კიდევ უფრო გამოსწორდება საქართველოში ამ მხრივ არსებული სიტუაცია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მთლიანად აღმოფხვრას ჯერჯერობით ვერცერთი განვითარებული ქვეყანა ვერ ახერხებს.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ხშირად არასწორად განმარტავს პატენტის მნიშვნელობას და პატენტს უწოდებს საქონელს, რომელიც არის ყალბი. სინამდვილეში პირიქითაა. პატენტი არის დამცავი დოკუმენტი გამოგონებაზე და ის ნიშნავს, რომ ესა თუ ის საქონელი რეგისტრირებული და დაცულია " საქპატენტში". კონტრაფაქციული კი არის საქონელი, რომელიც სასაქონლე ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე არის წარმოებული, ანუ ყალბი და ფალსიფიცირებულია.
ქრისტინე გამთენაძე