GLOBAL GAP - სტანდარტი, რომლის გარეშეც ვეროპის ბაზარზე ვერ დავმკვიდრდებით
საქართველო იმპორტზე ორიენტირებული ქვეყანაა, ამიტომ აქ ნებისმიერ პროდუქტს, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მათ შორის ქართული მწვანილიც უნდა დასახელდეს. დღესდღეობით საქართველოდან მწვანილი ექსპორტზე მხოლოდ უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანში, ლატვიაში, ბულგარეთსა და მოლდოვაში გადის, თუმცა თავისუფლად შეიძლება ევროპულ ბაზარზეც დამკვიდრდეს - ევროკავშირი მწვანილის ერთ-ერთი დიდი მომხმარებელია. "ევროსტატ"-ის ინფორმაციით, 2009-2013 წლებში ევროპის ქვეყნებში იმპორტის მოცულობა ყოველწლურად 4,3%-ით, ფასი კი - 8,3%-ით იზრდებოდა. ევროკავშირში მწვანილის ყველაზე დიდი მიმწოდებელი ჩინეთია, ამავე დროს, იქ მწვანილის მიმწოდებლები არიან ინდოეთი, ვიეტნამი, ინდონეზია, ეთიოპია, კენია, ბრაზილია და პერუ... იმავე "ევროსტატ"-ის პროგნოზით, ევროკავშირის ბაზარზე მწვანილზე მოთხოვნა მომავალშიც გაიზრდება, რაც ქართველ მწარმოებლებს ამ ბაზარზე შესვლის კარგ შანსს აძლევს. მაგრამ იმისათვის, რომ ქართული ბოსტნეული და ხილი ევროკავშირის ქვეყნებში მოხვდეს, მეწარმეს მეურნეობაში GLOBAL GAP-ის სტანდარტი უნდა ჰქონდეს დანერგილი. GLOBAL GAP - ეს არის სტანდარტი, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების სრულ ციკლს - ნიადაგის დამუშავებით დაწყებული, პროდუქტის დაფასოებითა და შეფუთვით დამთავრებული. ასეთ პროდუქციაში საზიანო ნივთიერებების და ქიმიკატების გამოყენება მინიმუმამდეა დაყვანილი.
გარდა ევროპისა, ქართული მწვანილის შეტანა სულ მალე რუსეთშიც დაიწყება, ეს ქართული პროდუქციისთვის ერთ-ერთი საინტერესო ბაზარია. რუსეთში ჩვენებური მწვანილისთვის შეზღუდვები მოიხსნა და სულ მალე საქართველოდან რუსეთში ორი-სამი ათასი ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
რუსულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გატანას გეგმავს შპს "ჰერბია", რომელსაც GLOBAL GAP-ის სტანდარტიც აქვს მინიჭებული. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აცხადებს, კომპანიაში ამისათვის უკვე მზად არიან:
- ბატონო ზურაბ, რა მდგომარეობაა დღესდღეობით ამ ბიზნესში?
- საქართველოში მწვანილი ძირითადად ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით იწარმოება. 2006 წლამდე ქართულ მწვანილზე მოთხოვნა თანდათან იზრდებოდა და დაახლოებით 7 ათას ტონამდე მწვანილის ექსპორტს ვახერხებდით, მაგრამ 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ მწვანილის მწარმოებლები და ექსპორტიორები ძირითადი ბაზრის გარეშე დავრჩით - ჩვენი პროდუქციის 70-80% რუსულ ბაზარზე იყიდებოდა. მართალია, ქართული მწვანილი სხვა ქვეყნებშიც გადიოდა, მაგრამ ძირითადი ბაზარი ჩვენთვის მაინც რუსეთი იყო.
- რა მოხდა რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ, როგორ გააგრძელეთ საქმიანობა?
- ყველაფერი ვიღონეთ, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებული ყოფილიყო არა რუსულ, არამედ ვეროპულ ბაზარზე და მიზნობრივი ბაზრების მოძიება დავიწყეთ. პირველ რიგში ეს იყო ჰოლანდია და გერმანია - გვინდოდა რუსული ბაზარი ამ ბაზრებით ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ ამ ქვეყნებში მხოლოდ სერტიფიცირებული პროდუქტი სჭირდებოდათ, ისინი GLOBAL GAP-ის სტანდარტს მოითხოვდნენ. 2010 წლის შემდგომ ჩვენ მივიღეთ ეს სერტიფიკატი, სანიმუშო პარტიებიც გავგზავნეთ ჰოლანდიაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში, გამოფენებშიც მივიღეთ მონაწილეობა... ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნა გაჩნდა, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია მაღალხარისიხიანი უნდა ყოფილიყო, მისი მიწოდების უწყვეტობაც უნდა დაგვეცვა. სამწუხაროდ, ჩვენი პროდუქცია იმდენად ცოტა იყო ამ ბაზრებისთვის, რომ მომარაგება ვერ შევძელით. ამის გამო იძულებული გავხდით ადგილობრივი ბაზრით დავკმაყოფილებულიყავით და ჩვენს მაღაზიებში შეგვეტანა დაფასოებული პროდუქცია, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. კიდევ კარგი, ჩვენმა ინიციატივამ გაამართლა.
- ევროპულ ბაზარზე უარი თქვით?
- რა თქმა უნდა, არა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მარტის თვეში ბულგარეთში 25 ტონამდე მწვანილი გავგზავნეთ. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ ბულგარეთი თვითონ არის მწვანილის მწარმოებელი, მაგრამ ჩვენებური მწვანილი იქ განსაკუთრებით მოეწონათ: ხშირად ჩვენი პროდუქტი ხარისხით, გემოთი და ვიზუალური თვისებებით გაცილებით ჯობია სხვა ქვეყნებში წარმოებულ პროდუქციას და ამას ყველა აღნიშნავს ხოლმე.
- რაც შეეხება რუსულ ბაზარს, იქ რა პერსპექტივა აქვს ქართულ მწვანილს?
- რუსეთში ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველთვის დიდი იყო, იმედი გვაქვს, რომ მომავალში ქართული მწვანილი იმ პოზიციებს დაიბრუნებს, რაც რუსულ ბაზარზე ყოველთვის ჰქონდა. გვქონდა შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სურსათის უვნებლობის სამსახურში. გვეუბნებიან, რომ რუსულმა მხარემ გარკვეული ტექნიკური საკითხები უნდა მოაგვაროს და ქართული პროდუქცია სულ მალე შევა რუსულ ბაზარზე. ჩვენი კომპანიაც მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსულ მხარესთან და არ არის გამორიცხული, რომ ქართული მწვანილი ნოემბრიდან უკვე შევიდეს რუსულ ბაზარზე. უფრო მეტსაც გეტყვით, არალეგალური გზით ეს პროდუქცია რუსეთში ყოველთვის შედიოდა: მაგალითად, ჯერ აზერბაიჯანში, ბელორუსში, ან სხვა ქვეყანაში შეჰქონდათ, იქ სერტიფიკატი კეთდებოდა და ასე შედიოდა ქართული მწვანილი რუსეთის ტერიტორიაზე. ამის გამო სულ ცოტა, 5 ათასი ფერმერი გადაურჩა უმუშევრობას და ათასობით ადამიანმა შეინარჩუნა საარსებო წყარო. უნდა ვაღიარო, რომ მეზობელ ქვეყანაში პროდუქციის ექსპორტი გაცილებით ადვილია, რადგან შორ გზაზე ტრასპორტირება პროდუქტს ძალიან აძვირებს. რუსული ბაზარი თუ გაიხსნება, ამ ქვეყანაში ჩვენი პროდუქცია უფრო იაფი და კონკურენტუნარიანი იქნება.
- და ბოლოს, საქართველოს რომელი რეგიონებიდან გადის ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით მწვანილი?
- როდესაც მწვანილის ექსპორტზე ვლაპარაკობ, ძირითადად იმერეთის რეგიონს, კერძოდ წყალტუბოს და მის მიმდებარე ტერიტორიას ვგულისხმობ, რადგან საქართველოდან ექსპორტირებული მწვანილის დიდი ნაწილი სწორედ წყალტუბოს რაიონში იწარმოება. არის სხვა რაიონებიც, სადაც საექსპორტო პროდუქცია მოდის - კერძოდ, თერჯოლა, ვანი, ბაღდათი, მაგრამ იქ მწვანილი შედარებით მცირე რაოდენობით მოჰყავთ. სათბურების უმეტესობა წყალტუბოს რაიონშია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მოყვანილ პროდუქციას ის თვისებები არა აქვს, რაც ჩემს მიერ ნახსენებ რეგიონში მოყვანილს. სხვათა შორის, ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ წეროვანში წარმოებული მწვანილი ექსპორტზე გაგვეტანა, მაგრამ ამ მცდელობამ არ გაამართლა: ზამთრის პერიოდში მწვანილის მოყვანა საკმაოდ რთულია და ეს საქმე ყველა რეგიონში მომგებიანი ვერ იქნება. საქართველოდან არასეზონურ პერიოდში დაახლოებით 9-10 ათასი ტონა მწვანილი გადის. ძალიან კარგი იქნება, თუ შეიქმნება კოოპერატივები, რომლებიც თავიანთ საწარმოებში ევროპულ სტანდარტებს დანერგავენ. როდესაც ევროპულ ბაზარს პროდუქციას უწყვეტად მივაწვდით, შევძლებთ ქართული მწვანილი იქ თამამად შევიტანოთ. რუსულ ბაზარს ევროპულიც თუ დაემატება, მწვანილის წარმოება საქართველოში მომგებიანი და პერსპექტიული საქმე გახდება.
ხათუნა ჩიგოგიძე