საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივნის ზურაბ კაჭკაჭიშვილის თქმით, საქართველოდან ინვესტორების გადინება იმდენად არ შეინიშნება, რამდენადაც ინვესტიციების შესუსტება და მოდუნება.
"ეს გამოწვეულია, ალბათ, ყველზე უფრო პოლიტიკური და არამხოლოდ პოლიტიკური არასტაბილურობით, ვინაიდან თუ ინვესტორს არ აქვს ნათელი სურათი იმისა, რა ელის მას უახლოეს 1-2 წელიწადში, მისთვის ძალიან ძნელი იქნება გადაწვეტილების მიღება, რომ საქართველოში თანხა ჩადოს. შესაბამისად, პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია შესაძლებლობა განვჭვრიტოთ, თუ როგორი იქნება ჩვენი ბაზარი და ბიზნესგარემო უახლოეს წლებში, ამაშიც ჩვენ უნდა დაგვეხმაროს საქართველოს მთავრობა და მისი გაუმჯობესებული კომუნიკაცია", - განუცხადა ზურაბ კაჭკაჭიშვილმა bpn-ს სასტუმრო "თბილისი რუმსში" ამერიკის სავაჭრო პალატისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის მხარდაჭერით გამართული ფორუმის მიმდინარეობისას.
მისივე თქმით, ბიზნესისა და მთავრობის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი მიესალმება პრემიერ-მინისტრთან ინვესტორთა საბჭოს შექმნას.
"ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ბაზარს მიმზიდველობა საერთოდ არ აქვს. ვინც უფრო რისკიანია, შეიძლება დღეს არსებულ ვითარებაშიც შემოვიდეს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ ველოდოთ მასიურ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში. შესაბამისად, უფრო მეტი გამჭვირვალობა, უფრო მეტი კომუნიკაცია და მეტი კონსულტაციები ბიზნესსაზოგადოებასთან, ბიზნესასოციაციებთან მემგონი მხოლოდ სასარგებლო იქნება მთავრობისთვის. კიდევ ერთს გავუსვამ ხაზს, როდესაც ჩვენ მთავრობას ამა თუ იმ ნაბიჯისთვის ვაკრიტიკებთ, ეს არის მხოლოდ იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია. არავითარ შემთხვევაში მე არ დავეთანხმები იმას, რომ ესა თუ ის ასოციაცია მთავრობას მიზეზგარეშე აკრიტიკებს. ასეთი რამ არასდროს არ ყოფილა და არ იქნება. ჩვენ ვართ იმის მომხრენი, რომ თუნდაც მკაცრი, მაგრამ კონსტრუქციული კრიტიკა, ყოველთვის სასარგებლო იქნება მთავრობისთვის", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ კანონი აუცილებლად უნდა იყოს ბიზნესისადმი მეგობრული.
"ნებისმიერი კანონი, რომელიც ასე თუ ისე ბიზნესს ეხება, უნდა იყოს იმ თვალსაზრისით მიღებული, რომ მან ხელი შეუწყოს, ან არ შეუშალოს მაინც ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
ნათია რუხაძე