საახალწლო პიროტექნიკა - სახიფათო გასართობი

ქართული ახალი წელი ბევრი ტრადიციიითა და თავისებურებით გამოირჩევა. თუმცა ერთ-ერთი თავისებურება, რომელიც ჯერ კიდევ ნოემბრის შუა რიცხვებიდან „შეგვახსენებს“ ახალი წლის მოახლოებას, საახალწლო პიროტექნიკის, კერძოდ კი, ე.წ. ”ასაფეთქებლების” არაგეგმაზომიერი გამოყენებაა.

ამ პერიოდში განსაკუთრებით ხმაურიანი და მოულოდნელი აფეთქებებით სავსე სკოლები და სპორტული მოედნების მიმდებარე ტერიტორიები ხდება. ადგილები, სადაც მოზარდები იყრიან თავს და ერთი შეხედვით, უწყინარი გართობით მოქალაქეებს, საკუთარ თავს თუ მეგობრებს ახალი წლის მოახლოებას აუწყებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა იმის გარკვევას, თუ რამდენად უსაფრთხოა ასაფეთქებელი მოწყობილობები, არსებობს თუ არა უსაფრთხოების კონტროლი ამ საკითხთან დაკავშირებით და ვისი ვალდებულებაა, საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული სავალალო შედეგების თავიდან აცილება.

როგორც საცალო და საბითუმო მოვაჭრეები bpn-თან საუბრისას აღნიშნავენ, საახალწლო ასაფეთქებლები საქართველოში ძირითადად, ჩინეთიდან შემოდის. მათივე ინფორმაციით, ასაფეთქებლები ჩვეულებრივ საბაჟო კონტროლს გადის, თუმცა უკვე ბაზრობაზე გასაყიდად გამოტანილ პროდუქციას არავინ აკონტროლებს.

"მომხმარებელი.გე"-ს დამფუძნებლის, ლია თოდუას ინფორმაციით, დეკლარირებული მოთხოვნა ნებისმიერი პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე საქართველოში არ ფუნქციონირებს ორგანო, რომელიც ბაზარზე გამოტანილი პროდუქციის უსაფრთხოებას გააკონტროლებს.

”პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსში უბრალოდ დეკლარირებულია, რომ ყველა ტიპის პროდუქცია, რაც იყიდება, უსაფრთხო უნდა იყოს. საქართველო ვალდებული იყო ჯერ კიდევ შარშან, სექტემბრიდან უზრუნველყო პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივის საქართველოში გადმოტანა, რაც იმას გულისხმობს, რომ უნდა არსებობდეს ბაზრის ზედამხედველი ორგანო, რომელიც პროდუქციის უსაფრთხოებას გააკონტროლებს. ასეთი ორგანო საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, არავინ ამოწმებს პროდუქციას. მათ შორის, პიროტექნიკასაც”, - აღნიშნავს ლია თოდუა.

საახალწლო პიროტექნის ფასები ადგილობრივ ბაზარზე 40-თეთრიდან 400 ლარამდე მერყეობს. ყველაზე ძვირი, როგორც წესი, დასადგამი ფოიერვერკებია. ერთჯერადი ასაფეთქებლები კი, რომლებიც ბავშვებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ერთი 60-ცალიან შეკვრა 40-50 თეთრი ღირს. აღსანიშნავია, რომ პროდუქციას ქართული ანოტაციაც მოყვება, სადაც მომხმარებელს შეუძლია გამოყენების წესებს გაეცნოს. თუმცა არის ასაფეთქებლები, რომლებიც ცალობით იყიდება, ასეთ შემთხვევაში კი მათი მოხმარების წესების გაცნობის შესაძლებლობა მომხმარებელს არ აქვს.

ისევ და ისევ იმ მიზეზის გამო, რომ არ არსებობს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო, მომხმარებელი რაიმე ხარვეზის ან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ვერავის მიმართავს. ერთადერთი გამოსავალი მოქალაქეების სიფრთხილეა. ლია თოდუა მყიდველებს ურჩევს, შეიძინონ მხოლოდ ისეთი პიროტექნიკა, რომელსაც ქართული ანოტაცია აქვს და დეტალურად აწერია გამოყენების ინსტრუქცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში bpn-თან საუბრისას აცხადებენ, რომ საახალწლო პიროტექნიკის შემოტანა, რეალიზაცია და პიროტექნიკის უსაფრთხოება მათი კონტროლის სფერო არ არის, თუმცა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ”მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან საახალწლო ფოიერვერკების მოხმარების წესები, რათა თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი ინციდენტი და ფოიერვერკის არასწორი მოხმარების შედეგად სხეულის დაზიანება. საპატრულო პოლიცია ახალი წლის დღეებშიც დაიცავს საზოგადოებრივ წესრიგს”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თამარ კორკოტაშვილი