"თეთრი ოქრო" საქართველოში აღარ ჩხრიალებს

ბამბა ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოჰყავდათ

ქართველები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მოხდენილი ჩაცმულობით. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ საქართველოში გლეხებსაც კი ლამაზად და სუფთად ეცვათ, ამით ისინი თავად-აზნაურებს არ ჩამოუვარდებოდნენ, თბილისს კი კავკასიის პარიზს ეძახდნენ. იმ ქსოვილებს შორის, რომლებსაც ქართველები თავიანთი სამოსის შესაკერად იყენებდნენ, გამორჩეული ადგილი ეჭირა ბამბის ქსოვილებს. სამწუხაროდ, ბამბა ჩვენში აღარ იწარმოება. არადა, ეს კულტურა, რომელსაც "თეთრ ოქროსაც" უწოდებენ, საქართველოში უძველესი დროიდან მოჰყავდათ. გვესაუბრება ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი ნანული აზიკური.

- მე მიმუშავია იმ ხალხთან, ვინც ბამბის წარმოებას მოესწრო და ეს საკითხიც შევისწავლე. როგორც ჩანს, ბამბა საოჯახო საჭიროებისთვის მოჰყავდათ, ძირითადად, ბაღებში, ბოსტნეულთან ერთად. ზოგჯერ ბამბასა და სიმინდს მონაცვლეობით თესავდნენ, საგანგებოდ ბამბისთვის ფართობი არ ჰქონდათ გამოყოფილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენებური ბამბა სხვა ქვეყნებში მოწეულს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

- როდის იყო ყველაზე განვითარებული ბამბის წარმოება საქართველოში?

- მე-19 საუკუნეში ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო. მანამდე ევროპას ბამბით ამერიკა ამარაგებდა, ომის გამო კი ევროპაში ბამბის მიწოდება შემცირდა. ამიტომაც გახდა საჭირო, ბამბა ევროპიდანაც შეეტანათ და აზიის იმ ქვეყნებიდანაც, სადაც ის მოჰყავდათ. იმ ხანებში გაიზარდა ბამბის მოსავალი და ფასმაც აიწია. ამას ხელი შეუწყო მეფისნაცვალმა ვორონცოვმა, რომელმაც 1860-იან წლებში საქართველოში ბამბის თესლი შემოიტანა. თუმცა, მან ვერ იხარა და ისევ ადგილობრივმა თესლმა გაამართლა. ამერიკაში ომის დამთავრების შემდეგ საქართველოში ბამბის წარმოება კვლავ შემცირდა, მაგრამ ხელისუფლება მოსახლეობას თესლს მაინც ურიგებდა. საინტერესოა, რომ 1911 წელს მთელ საქართველოში ბამბა 7800 დესეტინა მიწაზე (დაახლოებით 8500 ჰექტარი) იყო დათესილი. სულ იწევდნენ 91 ათას ფუთ ბამბას, 1914 წლისთვის კი მოწეულ იქნა 150 ათასი ფუთი (დაახლოებით 2,46 ტონა).

- ბამბის ქსოვილს გამორჩეული თვისებები აქვს...

- ბამბა ნატურალური პროდუქტია და მისი ქსოვილი კარგია ადამიანისთვის, ისევე, როგორც სელის ბოჭკო. ბამბა თეთრეულისთვის გამოიყენება, ბამბის კურკისგან საკვებ და სასუქ ნივთიერებებს ამზადებდნენ, თესლისგან კი ზეთს ხდიდნენ. მისგან აწარმოებდნენ ერბოს, მარგარინს... ხელოვნურ ქონსაც ამზადებდნენ. იმერეთისთვის ეს მომგებიანი მცენარე იყო იმიტომაც, რომ ზღვა ახლოს ჰქონდათ და ბამბის ქსოვილები იოლად გაჰქონდათ უცხო ქვეყნებში.

- რთულია ამ მცენარის მოვლა?

- ბამბა ადვილად მოსავლელი მცენარეა. ის ერთწლოვანი კულტურაა, ბუჩქია დატოტვილი ღერებით. აპრილსა და მაისში ითესება და უნარი აქვს, ფესვი იმ სიღრმემდე ჩაუშვას, რომ ნესტს მიაღწიოს. ამის მიხედვით ხან ზემოთ აქვს ფესვი გადგმული, ხან კი - უფრო ღრმად. ადგილობრივ პირობებს კარგად ეგუება. სიცხეში მორწყვა სჭირდება. ბამბის მოსაყვანად საუკეთესო ადგილებია ივრისა და მტკვრის პირები, კახეთ-ჰერეთი, იმერეთი და ქვემო რაჭა, თუმცა მცირე რაოდენობით ბამბას ყველგან თესავდნენ, მათ შორის - გარდაბნისა და მარნეულის რაიონებშიც. ბამბის თესლს ისევე ინახავენ, როგორც სიმინდისას. ბამბას სექტემბრის შუა რიცხვებში კრეფენ. მისი გარჩევა საკმაოდ მძიმე საქმეა იმიტომ, რომ მჩხვლეტავი ეკლები აქვს. 10 დღის განმავლობაში ჰაერზე შლიან, რომ კარგად გაშრეს. ათი დღის შემდეგ ასუფთავებენ და მერე არჩევენ. ძველად საქართველოში ბამბას ჯერ სპეციალური ხელსაწყოთი არჩევდნენ, რომელსაც ჩიხრიხი ერქვა, რითაც კურკებს აცლიდნენ. მერე საპენტელზე გაატარებდნენ, ანუ პენტავდნენ. გაპენტილ ბამბას ქულებად დაახვევდნენ და ამ ქულებს თითისტარზე ართავდნენ. ზოგჯერ ქალაქიდან მოჰქონდათ ბამბა და სახლში ართავდნენ. შეღებილი ბამბის ქსოვილი ლაინად იწოდებოდა. ლურჯი ლაინისგან ლამაზ კაბებსა და ახალუხებს იკერავდნენ. ბამბას შალთან ერთადაც იყენებდნენ, მაგალითად, სამეგრელოში ბამბაგარეულ შალებს ქსოვდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სახეობის ქსოვილს თავისებური დამუშავება სჭირდებოდა.

- თუ არის ცნობილი, როგორ ამუშავებდნენ ბამბის მოსავალს?

- როგორც გითხარით, ძველ დროში კუსტარულად, ჩიხრიხით წმენდდნენ, 1890-იანი წლებიდან კი საქართველოში ბამბის საწმენდი მანქანა შემოიტანეს. პირველი ბამბის საწმენდი მანქანა ქუთაისში გამოჩნდა 1891 წელს, მეორე - სოფელ ვანში, 1902 წლიდან კი ბამბის წარმოება უფრო განვითარდა. ამის შემდეგ კუსტარული საწმენდი ჩიხრიხიდან ბამბის საწმენდ მანქანებზე გადავიდნენ. როცა რამდენიმე ქარხანა ამუშავდა, ბამბა თბილისიდან და მთელი ამიერკავკასიიდან სტამბოლში გადიოდა. ამ გზით ამიერკავკასია ევროპის ქსელში ჩაება.

საბედნიეროდ, მე მოვესწარი იმ ხალხს, ვინც ბამბას თესავდა, მაგრამ ამას, ძირითადად, საოჯახო საჭიროებისთვის აკეთებდნენ - სალოგინედ და თეთრეულის დასამზადებლად. 1940-50-იანი წლებიდან ჩვენში ბამბას აღარ თესავენ, რადგან ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოტანილი ბამბა იყიდება და ეს პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომია.

- შემორჩენილია ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მკითხველს ბამბის წარმოების სიკეთეზე მოუთხრობს...

- ეს 1887 წელს დაწერილი წერილია, რომელშიც ილია ბამბის წარმოების მნიშვნელობაზე საუბრობს. არსებობს მეორე წერილიც, სადაც სინანულს გამოთქვამს, რომ მებამბეობა ჩვენთან ტრადიციული საქმეა, მაგრამ არ არსებობს პირობები, რომ ხალხმა ბამბის ნაწარმი ხელსაყრელ ფასად გაყიდოს.

საქართველოში არის ადგილები, სადაც შეიძლება ეს კულტურა ისევ აღდგეს საოჯახო საჭიროებისთვის მაინც. ბამბისგან ათას რამეს ამზადებდნენ: ფეხსაცმელს, ხალიჩებს, ტანსაცმელს, ბამბის წინდებს - მისგან საუკეთესო ნაწარმი იქმნებოდა. ბამბა, ისევე, როგორც ტილო და სელი, ძალიან კარგია გარემო პირობებთან შესაგუებლად, აწესრიგებს ადამიანის კანის მდგომარეობას და არ ახშობს უჯრედებს, როგორც სინთეტიკური ქსოვილები. არაფერი შეედრება ბამბის თეთრეულს, ტანსაცმლისთვისაც ძალიან კარგი მასალაა. დასანანია, რომ ეს უძველესი, ტრადიციული კულტურა ჩვენს ქვეყანაში გადაივიწყეს და აღარ მოჰყავთ.

მებამბეობა საქართველოში

საქართველოში მებამბეობა ერთ-ერთი უძველესი დარგია, ის ძველთაგანვე იყო ცნობილი. მოგვეპოვება წერილობითი ცნობებიც საქართველოში ბამბის ნართის გამოყენების შესახებ. ამას გადმოგვცემს ჰეროდოტე ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნეში. ივანე ჯავახიშვილი და სხვა ცნობილი ისტორიკოსები წერენ, რომ ძველად საქართველოში იმოსებოდნენ როგორც სელისა და მატყლის, ასევე ბამბისგან დამზადებული ქსოვილის სამოსით. წერილობითი წყაროები ადასტურებს, რომ საქართველოდან ბამბის ქსოვილები გაჰქონდათ კიდეც. ვახუშტი ბატონიშვილი მიუთითებს, რომ ბამბის მოყვანის ძირითადი კერები იყო იმერეთში, აფხაზეთში, ქვემო რაჭაში, სამეგრელოში, ჰერეთსა და კახეთში. იგი წერს, რომ ივრის პირებზე, ჰერეთში საუკეთესო ბამბა იზრდებოდა. ეს უძველესი კულტურა იყო საქართველოში. სამწუხაროა, რომ საუკეთესო ადგილები, სადაც ბამბა ითესებოდა, ანუ ჰერეთი, დღეს ჩვენი აღარ არის. მოგზაურები კახეთს ხშირად უწოდებდნენ კავკასიის ელდორადოს და რა თქმა უნდა, ამ დროს ჰერეთიც ჰქონდათ მხედველობაში, სადაც ძალიან ნაყოფიერი მიწებია და ბევრი რამ ხარობს, მათ შორის - ბამბაც და ბრინჯიც.

ხათუნა ჩიგოგიძე

წყარო: გაზეთი ”კვირის პალიტრა”