საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივ-კლიმატური პირობები როგორც სასურსათო, ასევე სათესლე და ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კარტოფილი გარემო პირობების მიმართ შემგუებლობით გამოირჩევა. მისი გაღვივებისთვის საკმარისია 5-6 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო ოპტიმალური ტემპერატურა 13-15 გრადუსი ცელსიუსით, რაც საქართველოს დაბალ ზონაში (ქვემო ქართლის რეგიონი), სადაც ტემპერატურის დაწევა ადრეულ პერიოდში ხდება, საადრეო კარტოფილის წარმოების საუკეთესო პირობებს ქმნის.
კარტოფილის მწარმოებელი ძირითადი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და აჭარა. ადგილობრივ ბაზრებს საადრეო კარტოფილი ქვემო ქართლის რეგიონებიდან მაისის შუა რიცხვებიდან მიეწოდებათ. დანარჩენი რეგიონებიდან კი კარტოფილი ბაზარზე სექტემბრის დასაწყისიდან თებერვალი-აპრილის ბოლომდეა ხელმისაწვდომი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 2010 წელს 228 800 ტონა კარტოფილი აწარმოეს. 2011 წელს წარმოების მაჩვენებელი გაიზარდა და მან 273 900 ტონა შეადგინა. 2012 წელს საქართველოში 252 000 ტონა, ხოლო 2013 წელს - 296 100 ტონა კარტოფილი აწარმოეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონზე კარტოფილის წარმოების 55%, ქვემო ქართლის რეგიონზე - 31%, აჭარის რეგიონზე - 4%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე - 10% მოდის.
2012 წლის მონაცემებით, საქართველოში კარტოფილის იმპორტის თანხობრივმა მაჩვენებელმა 6 571 000 აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს იგივე მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და 1 867 000 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2014 წელს კარტოფილის იმპორტის თანხობრივი მაჩვენებლის მკვეთრი მატება დაფიქსირდა და მან 7 032 000 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ექსპორტს, 2013 წელს კარტოფილის ექსპორტის თანხობრივი მაჩვენებელი 97 000 აშშ დოლარი, 2013 წელს - 3 455 000 აშშ დოლარი, ხოლო 2014 წელს - 894 000 აშშ დოლარი იყო. 2014 წელს საქართველოს ძირითად საექსპორტო ბაზრებს აზერბაიჯანი, სომხეთი და ყაზახეთი წარმოადგენდა.
საქართველოდან აზერბაიჯანში 2014 წელს კარტოფილის ექსპორტმა - 58%, სომხეთსა და ყაზახეთში - 14-14%, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ასევე 14% შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, კარტიფილის იმპორტის 42% - სომხეთზე, 14-14% - ეგვიპტესა და უკრაინაზე, ასევე 14% ნიდრელანდებზე, დანარჩენ ქვეყნებზე კი - 16% მოდის.
2014 წელს 1კგ. კარტოფილის საცალო საბაზრო ფასი 0.8 ლარიდან 1.8 ლარამდე მერყეობდა. 1კგ. კარტოფილის მინიმალური ფასი ივლისსა და აგვისტოში, მაქსიმალური ფასი კი მაისში დაფიქსირდა. ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, კარტოფილის შემთხვევაში ასეთია: 1 ჰექტარ ფართობზე საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 5 000 ლარია. უკუგების პერიოდი მე-3 წელია, ხოლო რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) - 40%.
პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში კარტოფილის გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ჩაის, ატმის, ხურმის, პომიდვრის, ხახვის, კიტრის, მტკნარი წყლის თევზის, მწვანილის, სტაფილოს, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, რძის პროდუქტების, თაფლისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.
თამარ კორკოტაშვილი
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე