2016 წლის მარტიდან საქართველოში ავტომანქანები, საშუალოდ, 30%-ით გაძვირდება, ამასთან, შემცირდება მანქანების რაოდენობა და კიდევ უფრო დაიკლებს რეექსპორტი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მარჯვენასაჭიანების რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ კი იაპონური ბიზნესი, პრაქტიკულად, მთლიანად "მოკვდება". სპეციალისტთა ნაწილი თვლის, რომ ახალ ავტომანქანებზე შეღავათების დაწესება სიტუაციას მეტ-ნაკლებად დააბალანსებს და ის არც ექსპორტსა და მით უფრო, არც ფასზე უარყოფითად არ აისახება.
მთავრობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს და წესებს ამკაცრებს. ახალი ცვლილებით, 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ მოხდება, საგზაო წესების დარღვევაზე კი ჯარიმები გაიზრდება. სამაგიეროდ, შეღავათიანი პირობები ამოქმედდება 3-დან 8 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟებასთან დაკავშირებით და ის უფრო იაფი ეღირება. ცვლილებების ეს პაკეტი საგზაო სფეროს სპეციალისტთა ერთი ნაწილისთვის მისაღებია, მეორე ნაწილი კი ამას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ რეგისტრაციის აკრძალვა ასე უცებ არ უნდა მომხდარიყო და იმპორტიორებისთვის საშუალოდ ერთწლიანი ვადა უნდა მიეცათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2015 წელი ქართული საავტომობილო ბიზნესისთვის პრობლემური იყო, ახალი ცვლილებებით, 2016 წელი ქართული ავტობაზრისთვის კიდევ უფრო ზარალიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
ყაზახეთის და სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გამო აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოდან ავტომანქანების ექსპორტი, პრაქტიკულად, ნულამდე დავიდა. ამას აზერბაიჯანის მიერ "ევრო 4"-ზე დაწესებული სტანდარტიც დაემატა, რამაც რეექსპორტის მაჩვენებელი შეამცირა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 10 თვეში საქართველოდან 3-ჯერ ნაკლები ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე შარშან იანვარ-ოქტომბერში. წელს 10 თვეში ექსპორტზე გავიდა 154,367 მლნ დოლარის ატვომობილები, ხოლო შარშან - 455,549 მლნ დოლარის. შარშანდელი მონაცემი საქართველოს მთლიანი ექსპორტის 18.8% იყო, ხოლო წელს ეს წილობრივი მაჩვენებელი 8.4%-მდეა შემცირებული. საანგარიშო პერიოდში 4-ჯერ არის დაკლებული მანქანების ექსპორტი აზერბაიჯანში - წელს იქ საქართველოდან 57,759 მლნ დოლარის ავტომობილები იყო ექსპორტირებული, ხოლო შარშან 10 თვეში - 231,942 მლნ დოლარის.
რაც შეეხება შიდა ბაზარზე მარჯვენასაჭიანების რაოდენობას, როგორც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, ქვეყანაში ასეთი ავტომანქანების იმპორტი 50%-ს გაუტოლდა.
"მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების მაქსიმალური დასაშვები პროცენტული რაოდენობა ყველა ევროპულ ქვეყანაში 10%-ია. 2013 წელს დარეგისტრირდა 71 182 მარცხენასაჭიანი, ხოლო 12 542 მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა; 2014 წელს - 67 515 მარცხენასაჭიანი, 34 000 მარჯვენასაჭიანი; ხოლო 2015-ში - 47 672 მარცხენასაჭიანი და 32 025 მარჯვენასაჭიანი. თუ ეს დინამიკა გაგრძელდა, რამდენიმე წელიწადში მოძრაობის მიმართულების შეცვლა დაგვჭირდება", - განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, ახალი ცვლილებებით, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს. რეექსპორტის შემცირება, რასაც უკვე შემდგომ მარჯვენასაჭიანების რეგისტრაციის აკრძალვა მოჰყვება, ექსპერტთა ერთი ნაწილის პროგნოზით, ქართულ ავტობიზნესს კიდევ უფრო დააზარალებს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის თქმით, ეს გამოიწვევს ავტომანქანების 30%-ით გაძვირებას.
"მარტიდან ავტომობლები აღარ იქნება ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც ახლაა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, ერთი - მარჯვენასაჭიანების რეგისტრაციის აკრძალვა და მეორე, განბაჟების სისტემაში ცვლილება. ახალი წესით, 9 წელზე უფრო ასაკობრივი ავტომანქანების განბაჟება მოხდება 1 კბ/სმ-ზე 2 ლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ იყიდით 10-11 წლის მანქანას, რომელსაც ძრავა აქვს 2,0 განბაჟების ღირებულება გახდება 4 ათასი ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ძველი ავტომობილების ფასი ეწევა შედარებით ახალი ავტომობილის ფასს. გარდა ამისა, არ გაიაფდება მარჯვენასაჭიანები, პირიქით, ისინიც გაძვირდება, რადგან უფრო ახლები და გამძლეებია. რეექსპორტის გამო ხომ გარშემო ჩავიკეტეთ, იაპონიიდან ავტომანქანების შემოყვანის აკრძალვით კი უკვე საკუთარ თავსაც ვკეტავთ", - დასძინა მესხიშვილმა.
პრობლემა შეექმნათ ავტობიზნესით დაკავებულ კომპანიებსაც. ბაზარზე ავტომობილების რაოდენობა შემცირდება. მესხიშვილის თქმით, ჩვენი ასოციაცია მოითხოვდა, რომ ერთწლიანი ვადა მაინც მიეცათ იმპორტიორი კომპანიებისთვის, ანუ მათთვის, ვინც იაპონიაზე მუშაობს, რათა მათ "გადაწყობა" შეძლებოდათ.
"ძალიან ბევრი მათგანი კრედიტით გეგმავდა მომავალი წლის აწყობას, მათ დარჩებათ სესხი და შესაბამისად, ჩავარდნილი ბიზნესი. დამატებით კიდევ ერთი სირთულე ისაა, რომ მათ მოუწევთ პროფილის შეცვლა, ანუ უნდა გადავიდნენ ამერიკის და ევროპის ბაზარზე, იქ კი მსხვილ კომპანიებს ადგილი უკვე დაკავებული აქვთ. პატარა კომპანიები კი მათ რეალურად კონკურენციას ვერ გაუწევენ. შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესი, რომელიც იაპონურ ავტომობილებთანაა დაკავშირებული, მთლიანად მოკვდება. პარალელურად დაკავშირებული სხვა ბიზნესიც დაიწყებს დაღმასვლას", - განაცხადა მესხიშვილმა.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ევროკავშირის ტრასეკას პროექტის რეგიონულ კონსულტანტ გელა კვაშილავას. მისი თქმით, ქართული ავტობაზრის ბედი იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი.
"თუ 3-დან 8 წლამდე ავტომობლების იმპორტი წახალისდება, ამით შეიძლება ის დანაკლისი, რომელიც იაპონური ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის გამო წარმოიქმნება, შეივსოს. შეღავათიანი დაბეგვრა ნიშნავს, რომ ადამიანს შედარებით ახალი მანქანის ყიდვა შედარებით იაფი დაუჯდება. ახალი ავტომანქანების შემოსვლის შემდეგ დიდი ალბათობაა, რომ მათი ნაწილი თავისუფლად გაიყიდება აზერბაიჯანში, რადგან იქ "ევრო 4"-ის სტანდარტი უკვე მოქმედებს. ასე რომ, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს, რომ ახალი მანქანები დაიბეგროს უფრო ნაკლებად, მაშინ ეს ხელს შეუწყობს რეექსპორტსაც", - დასძინა კვაშილავამ.
რა სიტუაციაში აღმოჩნდება ქართული ავტობაზარი მარტიდან, ამას სულ რამდენიმე თვეში ვნახავთ. თუ სპეციალისტთა ერთ ნაწილს დავუჯერებთ, ახალი ცვლილებების შედეგი იქნება სავალალო, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ დიდად არაფერი შეიცვლება.
ელზა წიკლაური
გაზეთი "რეზონანსი"