ქარელში წარმოებული ჩირი ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ქარელში ჩირის გადამამუშავებელი ქარხანა გაზაფხულზე, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიხსნება და ადგილობრივ თუ საექსპორტო ბაზარს მაღალი ხარისხის პროდუქციით მოამარაგებს.

ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს” საწარმოს დირექტორმა გიორგი კვირიკაძემ განუცხადა.

გიორგი კვირიკაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ჩირის წარმოება ძალიან მცირე რაოდენობით ხდება და ბაზარზე იმპორტირებული პროდუქცია ჭარბობს. მაღალი ხარისხის, ევროპული სტანდარტებით შეფუთული პროდუქცია სულ მალე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზარზე გავა. მისივე თქმით, მოლაპარაკებები ევროპის რამდენიმე ქვეყანასთანაა დაწყებული, მათ შორის განიხილება გერმანია, ისრაელი და უკრაინა.

ქარელის აგროინდუსტრიული საწარმო ხილს არა მხოლოდ საკუთარი ბაღებიდან, არამედ ადგილობრივი მოსახლეობიდანაც მიიღებს.

ქარხნის სრულად გამართვისთვის, საერთო ჯამში, მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან 650 ათასი ლარი სამაცივრე მეურნეობისა და გადამამუშავებელი დანადგარების შეძენასა და დამონტაჟებაში დაიხარჯა. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტით, გიორგი კვირიკაძემ მთლიანი ღირებულების 40% სახელმწიფოსგან გრანტის სახით მიიღო, 50% შეღავათიანი აგროკრედიტი დაუმტკიცდა, პირის თანამონაწილეობამ კი 10% შეადგინა. საწარმო სრულად მაისის თვეში ამოქმედდება და მასში პირველ ეტაპზე 30 ადამიანი დასაქმდება.

ქრისტინე გამთენაძე