ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ონლაინ კაზინოების მიმართ შესაძლოა, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდეს. მთავრობა საკითხის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. კვირიკაშვილის თქმით, მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის.
საქართველოში ინტერნეტ-კაზინოების ბიზნესი დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გასაკონტროლებელი და პრობლემური სფეროა. არსებული პრაქტიკით, ონლაინ-კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ხდება, რაც საშუალებას იძლევა, რეგისტრაცია ყალბი და ცრუ მონაცემების საფუძველზე მოხდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო წესების შექმნას. ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელითა და პირადი ნომრით, თუმცა არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისთვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. არ არსებობს პრევენციული კონტროლის მექანიზმები იმისათვის, რომ არ მოხდეს ფიქტიური მონაცემების გამოყენება.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ტიპის რეგულაციები ამოქმედდება ინტერნეტ კაზინოების წინააღმდეგ და როგორი იქნება მთავრობის შემდგომი ქმედებები. თავად ონლაინ კაზინოები ,,ბიზნესპრესნიუსთან“ რაიმე კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ. ექსპერტები კი რეგულაციების ამოქმედების საჭიროებაზე თანხმდებიან.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია აღნიშნავს, რომ რეგულაციები, რომლითაც სათამაშო ბიზნესის მოწესრიგება მოხდება, აუცილებელია.
,,ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესს ხელი შეეშლება რეალური საქმის კეთებაში. სიმართლე გითხრათ, ონლაინ კაზინოები მთელ მსოფლიოში არის საკმაოდ ცუდი ბიზნესი და არც თუ ისე გამართულად მუშაობს.“
ექსპერტისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ მოხდება მკაცრი რეგულაციების აღსრულება და მისი ადმინისტრირება, თუმცა მიაჩნია, რომ ასაკობრივი თუ სხვა შეზღუდვების დაწესება საჭიროა.
,,აქ საუბარია სოციალურ პასუხისმგებლობაზე, მთელი ბავშვთა სამყარო ამით დაავადებულია, მშობლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. თუმცა მე არ მჯერა, რომ მიზანი ბოლომდე იქნება მიღწეული, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი აკრძალვა დაწესდება, გამონახავენ ამ აკრძალვების გვერდის ავლის მეთოდებს. დარეგისტრირდებიან სხვა ქვეყანაში, სხვა სიმბოლოებით და შემდეგ შემოვლენ საქართველოში.”
ემზარ ჯგერენაიას აზრით, რეგულაციების შემოღებას პოზიტიური შედეგი ექნება კრიმინალური სიტუაციის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ყველა შეზღუდვა თავისთავად ნეგატიურია და ამ შემთხვევაში შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს ოქროს შუალედის პოვნა.
,,უნდა გაირკვეს, სად იწყება კრიმინალი და სადაა ნორმალური მოთამაშის ინტერესები”, - აღნიშნავს ემზარ ჯგერენაია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი ეთანხმება რეგულაციების საჭიროებას. მისი თქმით, ამჟამად არსებული რეგულაცია მხოლოდ ფორმალობაა და რეალურად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს მიუწვდება ხელი ონლაინ კაზინოებში სათამაშოდ.
,,იმედი მაქვს, რომ მთავრობა ისეთ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც რეალურად ჩარჩოებში მოაქცევს ამ სფეროს”, -აღნიშნავს ჯანიაშვილი.
მისი აზრით, მთავრობის პოლიტიკური ნება საკმარისია იმისათვის, რომ ეს სფერო გარკვეულწილად მოწესრიგდეს.
,,ყველა განვითარებულ ქვეყანაში ამ მიმართულებით რეგულაციები არსებობს და მინიმუმ ხდება იმის გადამოწმება, რეალურად ვინ დაფიქსირდა ონლაინ მოთამაშედ. ჩვენთან კი არანაირი იდენტიფიცირება არ მიმდინარეობს, ნებისმიერი ონლაინ კაზინოს ვებ გვერდზე რეგისტრაციისთვის საკმარისია მხოლოდ პირადი ნომრის მითითება”, - აცხადებს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი.
მერაბ ჯანიაშვილისთვის უცნობია, თუ რა მიმართულებით აპირებს პრემიერ-მინისტრი რეგულაციების შემოღებას, თუმცა თვლის, რომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დროა.
,,ონლაინ კაზინოების ბიზნესს, რა თქმა უნდა, დიდად არ აინტერესებს, ვინ რეგისტრირდება მოთამაშედ. ისინი მოგებაზე არიან ორიენტირებულნი, ამიტომ მათ დიდად არ გაუხარდებათ რაიმე რეგულაციები და პოტენციური კლიენტების რაოდენობის შემცირება. თუმცა რაც უფრო მკაცრი რეგულციები იქნება ამ კუთხით, საზოგადოებისთვის უმჯობესია”, - აღნიშნავს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი.
ქრისტინე გამთენაძე