თებერვალში ოფიციალურად გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა მარეგულირებელი კომისია "მობიტელს" (ანუ "ბილაინს") უფლებას, "კავკასუს ონლაინის" ნაწილი შეიძინოს.
თუმცა არაოფიციალურად უკვე ცნობილია, რომ გარიგება, ფაქტობრივად, შედგა. ბოლო თვეებში "კავკასუსის" შეძენის სურვილს ჯერ "სილქნეტი", შემდეგ კი "მაგთიკომი" გამოთქვამდნენ, თუმცა გარიგება ვერ დაიდო. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ "კავკასუსი""გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფასა და საცალო მომსახურების სეგმენტის, მათ შორის მაუწყებლობის ტრანზიტის, სატელეფონო და ინტერნეტის მომსახურების "მობიტელისთვის" გადაცემას, თავისთვის კი საბითუმო ბაზრის სეგმენტს დაიტოვებს. ეს მოიცავს ქსელურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელ წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვან კაბელს.
მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი: - "კავკასუსს" კრედიტორების დიდი დავალიანება დაუგროვდა. რეალური მყიდველები "მობიტელი" და "მაგთიკომი" იყვნენ, მაგრამ "ბილაინმა" მეტი გადაიხადა. გია ჯოხთაბერიძეს ცოტა მეტად რომ გაეკრა ჯიბეზე ხელი, ინტერნეტპროვაიდერის მნიშვნელოვანი წილი ქართველებს დარჩებოდა. მაგ კომპანიას ჩემი ცხოვრების 10-11 წელიწადი შევალიე. რუსული კომპანია, ბიზნესის გარდა, კიდევ სხვა ღირებულებებს ხედავს ამ ქსელის ხელში ჩაგდებაში და ამიტომაც გადაიხადეს "მაგთიკომზე" გაცილებით მეტი.
მეორე საკითხია, რატომ არ გაიყიდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი? მსოფლიოში ეს ბიზნესი ძირითადად სეგმენტურად არის დაყოფილი. როგორც ვიცი, "მაგთისაც" დიდად არ აინტერესებდა კაბელის შეძენა. იმ კომპანიისგან განსხვავებით, რომელიც მე შევქმენი, სადაც საბითუმო და საცალო სეგმენტი გაერთიანებული იყო, მსოფლიოში საპირისპირო ტენდენციაა. საცალო ოპერატორს ურჩევნია, საბითუმო მიმწოდებელი მისი კონკურენტი არ იყოს. მაგალითად, მქონდა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, მაგრამ "ზარალა" (ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. - რედ.) "სილქნეტისთვის" უფრო ძვირ და უხარისხო ინტერნეტს ყიდულობდა თურქეთში "თურქტელეკომისგან", ჩემგან კი პრინციპულად არ ყიდულობდა, მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს პირობებს ვთავაზობდი.
საბითუმო ბაზარი ცოტა რისკიანი და სპეციფიკურია. არის მეორე ალბათობაც - შესაძლოა რუსულ კომპანიას ისედაც აქვს ყველანაირი წვდომა ამ ქსელთან. ფაქტია, რომ ქვეყანაში რუსეთზე მორგებული ოლიგარქიული კაპიტალიზმი ყალიბდება. "ზარალამ" ყაზახები რომ შემოიყვანა, მათი მთავარი
მოთხოვნა იყო, კონკურენტი "კავკასუსი" გზიდან ჩამოეცილებინათ და მაშინ დაიწყეს ჩემი კომპანიის დანგრევა. რუსი რომ შემოდის, პატარა რუსეთს იწყობს აქ, ყაზახი - პატარა ყაზახეთს და თურქი - პატარა თურქეთს. ცუდია, რომ "კავკასუსს" რუსული კომპანია ყიდულობს.
რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, "კავკასუსი" ქართულ კომპანიას შეეძინა. რად უნდა ახლა ამას ჩემი ანალიზი, როცა რუსული კომპანიის წარმომადგენელი მოდის და გიყენებს სახლში სხვადასხვა აპარატურას, უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე მაშინ, როცა ამას ქართული კომპანია აკეთებს".
მასალის გამოყენების პირობები
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე